საზოგადოებაარტისტი

პირველი „დამნაშავენი“ ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებაში და მსახიობის „მეორე სიცოცხლე“

„პირველი სპექტაკლი ვნახე რუსთაველის თეატრში, წელი არ მახსოვს, ძალიან ადრე იყო – 1933 ან 34, ან 35; ეს სპექტაკლი გახლდათ „სალტე“. ამას მოჰყვა „ანზორი“, „ყაჩაღები“ და სხვა, იმავე წლებში, ახმეტელის თეატრში მოღვაწეობის დროს. რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვიყავი… მაგრამ განსაკუთრებული სურვილი „არტისტობისა“ გამიჩნდა უფრო გვიან – როდესაც „უდანაშაულო დამნაშავენი“ ვნახე (16-ჯერ!). ამ მხრივ პირველი „დამნაშავენი“ იყვნენ დავითაშვილი და ვასაძე…“ – ეს დიდი ქართველი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის სიტყვებია, რომელიც მაყურებელმა სიცოცხლეშივე განსაკუთრებული სიყვარულით დააჯილდოვა. იგი ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა ამ სიყვარულს, ბაზარში სიარულს ერიდებოდა, რადგან გამყიდველები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ, მილიციელები კი მის ავტომობილს თურმე მხოლოდ იმიტომ აჩერებდნენ, რომ გასაუბრებოდნენ.

აღა გეურქოვის როლში („ვერის უბნის მელოდიები“)

გარდა იმისა, რომ ეროსი მანჯგალაძემ ქართულ თეატრსა და კინოში დაუვიწყარი სახეები (თეატრში: ივანე მახარაძე (. სოლოვიოვის დიდი ხელმწიფე“), ყვარყვარე (. კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი), გვადი (. ქიაჩელის გვადი ბიგვა“), ოიდიპოსი (სოფოკლეს ოიდიპოს მეფე), დათვი (. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა), თავადი ვანო (. ცაგარელის ხანუმა“), აზდაკი (. ბრეხტის კავკასიური ცარცის წრე) და სხვა. კინოში: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), სევერიანი („თოჯინები იცინიან“), სამჭკუაშვილი („ქვევრი“), მღვდელი („ლონდრე“), ჩორეხი („ნატვრის ხე“) და სხვა.) შექმნა, მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრი განუმეორებელია. მსახიობი მხატვრული კითხვის დიდოსტატად ითვლებოდა, იყო რადიოსა და ტელევიზიის მუდმივი დიქტორი და კომენტატორი, მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტული ახალი ამბების გადმოცემის გამო მას „ქართველ ლევიტანს“ უწოდებდნენ.

***

საკუთარი ბავშვობის წლებზე ეროსი მანჯგალაძე იშვიათად ჰყვებოდა. ამ წლების გახსენებისას, თურმე გიორგი ჭალადიდელის ლექსის ერთ სტრიქონს („მახსოვს, პირველად სასწავლებელში წასაყვანადა რომ გამამზადეს…“) იტყოდა ხოლმე და თვალები ცრემლებით ევსებოდა. აუღელვებლად არ შეიძლება ამ სტრიქონების გახსენებაო, – ამბობდა. მისი მეგობრების თქმით, საოცარი ნოსტალგია ეუფლებოდა ამ დროს და ეს არ იყო მხოლოდ ბავშვობისაკენ მიხედვის სევდა, ნებისმიერ ადამიანს რომ შემოაწვება ხოლმე გულზე, – რაღაცით ამაზე მეტი იყო… ალბათ იმიტომ, რომ მომავალმა უდიდესმა მსახიობმა უცებ დაკარგა ბავშვობა. დედა, თამარ ბენდუქიძე ერთ დღეს ხიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. ამ დღიდან ეროსისთვის სხვა ცხოვრება დაიწყო, დიდი და მძიმე ცხოვრება  – ყოველდღე განაწამები დედის ყურებით გამოწვეული ტკივილი გულში უნდა ჩაეკლა და პატარა დაზე – ბელაზეც მას უნდა ეზრუნა. ბელა და ეროსი მარტო და-ძმა როდი იყვნენ. მათ ერთად განიცადეს დედის ტრაგედიაც, უმამობის ტკივილიც, როცა მამა (აკაკი) დააპატიმრეს, და ძმის – რეზოს უგზო-უკვლოდ დაკარგვით გამოწვეული საშინელი გრძნობაც. შემდგომში ეროსისთვის ყველაზე „მშვიდი და თბილი ადგილი“ მისი დის ოჯახი იყო, ყველაზე ბედნიერად მათთან გრძნობდა თავს, თუმცა არასოდეს სტოვებდა სულიერი მარტოობის განცდა. არც მის მყუდრო ბინას აკლდა სტუმარი და მეგობარი, მაგრამ საღამოს უკვე მარტო ყოფნას არჩევდა.

„ის ყველგან იყო – თეატრში, კინოში, ტელეეკრანზე თუ რადიოში, მეგობრებთან, ყველას უწვდიდა დასახმარებლად თავის ხელს, არავის თავს არ ახვევდა გულისტკივილს, ასე ბევრი რომ ჰქონდა“. („ჩვენი ეროსი“, ვასილ კიკნაძე)

***

ეროსი მანჯგალაძე 56 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა – 1982 წლის 26 იანვარი იდგა…

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი გულის ადამიანი იყო და დიდძალი მეგობარი ჰყავდა, მაინც „მარტო კაცი“ იყო. ჩვენ მოგზაურობაში ხშირად ვიყავით ერთად, ერთ ოთახშიც კი, თეატრშიც ერთ საპირფარეშოში ვიცვამდით ხოლმე. ეროსის ძალიან უყვარდა წიგნი, ყოველი ახალი გვარის გამოჩენას სამწერლო ასპარეზზე ინტერესით ეცნობოდა. მახსოვს, როგორ ველოდით ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ყოველი ახალი ნაწილის გამოჩენას „ცისკარში“… უყვარდა ძმები ჭილაძეები, ნოდარ წულეისკირი, რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი, ჭაბუა ამირეჯიბი… პოეტებიდან – მურმანი და მუხრანი უყვარდა… უფროსებიდან მეგობრობდა ირაკლი აბაშიძესთან, რეზო ლაღიძესთან , ბიძინა კვერნაძესთან… მაგრამ მიუხედავად ამისა მარტო იყო, ოჯახი ვერ შექმნა“, – იხსენებდა იმ პერიოდში მსახიობი გოგი გეგეჭკორი.

ეროსი მანჯგალაძემ ოჯახი ვერ შექმნა, თუმცა ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც 2020 წელს, მსახიობის გარდაცვალების დღეს მისი ხსოვნის საღამო მოაწყო, ამბობს, რომ ეროსის რუსთაველის თეატრის მსახიობი ქალი უყვარდა, მისი მეორე სიყვარული კი ელენე ყიფშიძე იყო. მართალია ეროსი მანჯგალაძისა და ელენე ყიფშიძის სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა, ისინი სულ რაღაც სამი თვე ცხოვრობდნენ ერთად,  მაგრამ ეროსი ერთგული ადამიანი იყო და აღარ დაოჯახებულა, თუმცა ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა.

ელენე ყიფშიძე

საერთოდ კი, მისი სიხარული თუ მწუხარება, ძირითადად, საყვარელ საქმიანობასთან – მსახიობობასთან იყო დაკავშირებული. თეატრი ჩემი მეორე სიცოცხლეაო, ამბობდა.

ეროსი მანჯგალაძე აზდაკის როლში („კავკასიური ცარცის წრე“)

საყვარელი მსახიობი ბევრმა უკანასკნელად შესანიშნავი ქართველი მხატვრის, რობერტ სტურუას გასვენებაზე ნახა. მათ შორის, თეატრის კრიტიკოსმა ნოდარ გურაბანიძემ, რომელიც იმ დღეს ასე იხსენებს:

„დიდხანს ვიდექით ქიაჩელის ქუჩაზე ზღვა ხალხში ერთმანეთის გვერდით. უცნაურად გამოიყურებოდა, სახე ოდნავ შეშუპებული ჰქონდა, თუმცა მაინცდამაინც არ ციოდა, ეროსი ძალიან თბილად იყო ჩაცმული. ცოტას ლაპარაკობდა… საყვარელი მხატვრის გამოსვენებამდე აღარაფერი რჩებოდა. აი, უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან მითხრა: „ნოდარ, უთხარი რობიკოს, რომ ბოლომდე აქ ვიყავი… მე წავედი, ვერა ვარ კარგად…“

მე ვიცოდი, რომ ეროსის პანიკური შიში იპყრობდა მიცვალებულის დანახვისას. მაშინ სწორედ ეს ვიფიქრე, მისი „ვერა ვარ კარგად“, ამ ამბავს მივაწერე…

რამდენიმე საათის შემდეგ ეროსის ცხედართან ვიდექი მის ბინაში“.

ეროსი მანჯგალაძეს წინათგრძნობაც ჰქონდა თურმე და ამბობდა, ჩემი საქმე ცუდად არისო. ამის შესახებ მსახიობი სოსო ლაღიძე იხსენებდა:

„სიკვდილის დღეს შევხვდი თეატრში. შეთანხმებული ვიყავით, უნდა შევხვედროდით ჩემს პირად საქმეზე – მანქანის ძრავას შოვნაში უნდა დამხმარებოდა. უგუნებოდ იყო, მითხრა მამა დამესიზმრა წუხელ, ხომ იცი, რას ნიშნავს გარდაცვლილის ნახვა, ჩემი საქმე ცუდად არისო. მარცხენა ხელი მიბუჟდება, მკერდი მტკივაო. ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ხელი ჰქონდა ჩაქნეული. თავის მიხედვა არ უნდოდა. ეს მით უფრო უცნაური იყო, რადგან თავის მოვლა კარგად იცოდა. ვთხოვე, ვეხვეწე, ექიმთან წაგიყვან, მანქანაზე მე დავჯდები-მეთქი. არ ქნა. ეს ამბავი ხდებოდა ნ. ჭელიძის (რუსთაველის თეატრის დირექტორი-განმკარგულებელი) კაბინეტში. ამავე დღეს (26 იანვარს), ასეთ მდგომარეობაში მყოფი, მაინც დაესწრო მხატვარ რ. სტურუას (რეჟისორ რობერტ სტურუას მამა) დაკრძალვას, სადაც შეხვდა თავის ერთ-ერთ მეგობარს – შინდისელ ზახარ პაპიაშვილს, რომელმაც შესჩივლა, გული მტკივაო. ეროსიმ თავისი მანქანით წაიყვანა მეოთხე სამმართველოში, გაასინჯა ექიმებს. წავიდა სახლში და ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა“.

ეროსი მანჯგალაძემ განუმეორებელი შემოქმედება და დიდი სიყვარული დატოვა ამქვეყნად!

***

დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელს ატარებს სამტრედიის სტადიონი და დრამატული თეატრი. ასევე, დაწესებულია მისი სახელობის პრემიები: სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისა და ტელესივრცეში თეატრის პოპულარიზაციისთვის.

თამარ ოთიაშვილი

კადრი ფილმიდან „ქვევრი“

სტატიაში გამოყენებულია ინფორმაციები ვასილ კიკნაძის წიგნიდან „ჩვენი ეროსი“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close