მსოფლიოპოლიტიკა

სკანდალების და გადადგომების სერია უკრაინის მთავრობაში – რა უნდა ვიცოდეთ

2023 წელი უკრაინაში მაღალი თანამდებობების პირების გადადგომებითა და კორუფციული სკანდალებით დაიწყო. თანამდებობები უკვე დაკარგეს პრეზიდენტის ოფისის უფროსის, თავდაცვის, ტერიტორიული განვითარების, სოციალური პოლიტიკის მინისტრის და გენერალური პროკურორის მოადგილეებმა.

მოსალოდნელია, რომ გათავისუფლებების სერია ამაზე არ შეჩერდება და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირს შეეხება.

პირველად თანამდებობა ზელენსკის ოფისის შტატგარეშე მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დაკარგა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გარკვეული პერიოდით ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სანდო პოლიტიკოსი გახდა.

თუ არესტოვიჩის გადაყენება მის მიერ დნიპროს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდებოდა, გასულმა კვირამ სააშკარაოზე უკრაინის პოლიტიკური სისტემების ძველი და კარგად ნაცნობი სტრუქტურული პრობლემები გამორიყა.

ცვლილებების პირველმა ტალღამ უკრაინას რუსეთის შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ გადაუარა – მაშინ არაეფექტური მუშაობისთვის თანამდებობა დაკარგა უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) უფროსმა და ზელენსკის უახლოესმა მეგობარმა ივან ბაკანოვმა. ბაკანოვის გარდა თანამდებობა დაკარგა ირინა ვენედიქტოვამაც, რომელიც გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

ვენედიქტოვას გათავისუფლების შემდეგ გენერალური პროკურორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ოლექსი სიმონენკო დაინიშნა. სწორედ სიმონენკოსგან დაიწყო გასული კვირის სკანდალების სერია, რომელსაც დასასრული ჯერაც არ უჩანს.

დასვენება ომიანობისას

თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ოლექსი სიმონენკომ 10-დღიანი საახალწლო შვებულება ესპანეთის პრესტიჟულ კურორტ მარბელიაზე გაატარა.

ამის შესახებ ინფორმაცია Українська правда-ს ჟურნალისტმა იური ტკაჩმა გაავრცელა, თუმცა ამის საფუძველი სიმონენკოს ცოლმა მისცა, რომელმაც ქმართან ერთად კურორტზე გადაღებული ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტის ცნობით, სიმონენკო ესპანეთში ცნობილი ლვოველი ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის ანტიკვარული მერსედესით იმყოფებოდა.

სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ამონაწერის მიხედვით, სიმონენკო უკრაინის სახელმწიფო საზღვარი ვინმე ვიქტორ დერკაჩთან ერთად გადაკვეთა, რომელიც ავტომობილის საჭესთან იჯდა. დერკაჩი კოზლოვსკის პირადი დაცვის თანამშრომელია. სიმონენკომ საზღვარი გასული წლის 30 დეკემბერს გადაკვეთა, ხოლო 8 იანვარს იმავე ავტომობილით უკან დაბრუნდა.

კოზლოვსკი უკრაინაში სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენია, სწორედ მას ეკუთვნის პრესტიჟული სასტუმრო Emily Resort, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ფინანსური ელიტისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. გამოცემის ცნობით, სასტუმრო ხშირად უფასოდ მასპინძლობს ქვეყნის გავლენიან ჩინოვნიკებს.

გასული წლის ივლისში ირინა ვენედიქტოვას გათავისუფლების შემდეგ სიმონენკო 10 დღის განმავლობაში იკავებდა მისი მოვალეობის შემსრულებლის პოსტს, რასაც უკრაინის გარკვეულ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

ბევრი უკრიანელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სიმონენკომ გენპროკურორის მოადგილის პოსტზე განზრახ გააჭიანურა საქმე ოლეგ ტატაროვის წინააღმდეგ – ტატაროვი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. 2021 წელს ტატაროვის სახელი მსხვილი კორუფციული საქმის ფარგლებში გაჟღერდა, რომელიც ეროვნული გვარდიისთვის საცხოვრებლის მშენებლობას უკავშირდება.

ტატაროვს მისი მეგობარი ბიზნესმენის მფარველობას და სახელმწიფო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. თავდაპირველად ტატაროვის წინააღმდეგ საქმეს უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო იძიებდა, თუმცა სიმონენკოს გადაწყვეტილებით საქმე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს (CБУ) გადასცა, სადაც საქმეს მსვლელობა არ მისცემია.

2021 წლის აგვისტოში უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ფოტოები ტატაროვის დაბადების დღის წვეულებიდან, რომელზეც სხვა ჩინოვნიკებთან ერთად ოლექსი სიმონენკოც იმყოფებოდა.

სიმონენკოს მოგზაურობის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინოვნიკებისთვის ქვეყნის დატოვების წესების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა – ამიერიდან უკრაინელი ჩინოვნიკები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვის და სახელმწიფო მივლინების ფარგლებში შეძლებენ.

უიღბლო ავტომობილი

გააგრძელე კითხვა აქ: realpolitika.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close