„აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყება გრძელი და რთული პროცესია“ – რა არის ამისთვის საჭირო?
საქართველოს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყება გრძელი და რთული პროცესია“. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი ფრენების დაწყება ტექნიკური და კომერციული საკითხებს მოიცავს, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„ეს, მათ შორის, ტექნიკურ მზადყოფნას ანუ აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას გულისხმობს, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას უსაფრთხოების ნორმებთან, შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ამაზე მუშაობა კოვიდამდე იყო დაწყებული და კოვიდმა ეს პროცესი შეაფერხა… მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს გვეყოლება მისია, რომელიც მოახდენს აუდიტს და გვექნება დეტალური რეკომენდაციები, თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული შესაბამისობისთვის. მეორე ნაწილი კომერციულია, რომ ჩვენ გვყავდეს დაინტერესებული ავიაკომპანია, რომელიც აშშ-ის მიმართულებით იფრენს. თუმცა იმ აღდგენის ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც ავიაციის სფეროშია, ოპტიმისტურად ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდი ამას დასჭირდება, თუმცა რეალისტურია, რომ პირდაპირი ფრენები აშშ-სთანაც გვქონდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
bm.ge
კომენტარები