ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

საჭურვლისა და ხმლების ოსტატის განტვირთვა ჭიამაიებით – კაცი, რომელმაც ნიდერლანდებს საქართველო გააცნო და შეაყვარა

გოჩა ლაღიძე ემიგრაციაში რომ წავიდა, უკვე ლამის მთელი საქართველო იცნობდა, თავად კი ეგონა, რომ მთელმა ნიდერლანდებმა, რომელიც საცხოვრებლად აირჩია, იცოდა საქართველოს და ქართველების შესახებ… მალევე აღმოაჩინა, რომ, სამწუხაროდ, ძლიერ ცდებოდა – არც ტექსელის აჯანყებაზე და არც საქართველოსა და ქართველებზე ჰქონდა ინფორმაცია ჰოლანდიელთა უდიდეს უმრავლესობას.

და რა გასაკვირია – ჯერ მხოლოდ 1995 წელი იყო…

სამაგიეროდ თავად შეძლო ძალიან მალე ჰოლანდიელთა ამ „ხარვეზის გამოსწორება“ და ორიოდე წელიწადში საუკეთესო მხრიდან გააცნო ქართველი (და, შესაბამისად, საქართველოც) მთელ ნიდერლანდებს, რომელსაც ნაციონალური მნიშვნელობის რელიკვიის სამუზეუმო ასლი დაუმზადა მისთვის ჩვეული უზადო ოსტატობით.

თუმცა, მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ, როგორ განვითარდა მოვლენები და რატომ აღმოჩნდა ესოდენ ცნობილი ადამიანი ემიგრაციაში ნიდერლანდებში 27 წლის წინათ, სადაც დღემდე ცხოვრობს.

ბატონო გოჩა, 1980-იან წლების ბოლოს მთელმა საქართველომ (და არა მარტო) გაგიცნოთ მას შემდეგ, თქვენს ოსტატობაზე „ახკომში“ ინტერვიუ დაიბეჭდა, რასაც შემდეგ მოჰყვა სხვა მედიასაშუალებებით თქვენი დაინტერესება. მოდით, კიდევ ერთხელ გავახსენოთ მკითხველს თქვენი ისტორია, როგორ და რატომ დაიწყეთ საბრძოლო აღჭურვილობის დამზადება?

მე-8 კლასამდე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი (თბილისში), შემდეგ ჩემმა მშობლებმა მოინდომეს, „კომაროვში“ გადავსულიყავი, იქ ჩავაბარე მე-8 კლასში.

ისტორიას მასწავლიდა ჯუანშერ ჯურხაძე, რომელიც მსახიობიც იყო –  „დიდოსტატის მარჯვენაში“ ზვიად სპასალარის როლი ითამაშა, სინჯებით აირჩიეს. „ივანე კოტორაშვილშიც“ თამაშობდა ერეკლე მეორის როლს: ბოლოს ასე მთავრდებოდა ეს ფილმი, რომ ივანე  კოტორაშვილის ცოლი მიდიოდა და ერეკლე მეორეს აძლევდა ივანეს ხმალს. სამწუხაროდ, ეს კადრები ფილმში არ  შევიდა. ჯუანშერ ჯურხაძე საინტერესო ტიპაჟი იყო, ნამდვილი რაინდი, თბილისის კოლორიტი – ხელით 5-კაპიკიანს ღუნავდა. მასთან მოვხვდი ოჯახში – ხევსურული იარაღები ჰქონდა, აბჯრები, ჯაჭვის პერანგები. მე-9 კლასში ვიყავი მაშინ. ძალიან მომეწონა ეს აღჭურვილობა, თან ისტორია მიყვარდა და ჩემს მასწავლებელს ვაღმერთებდი. მაშინ მოვინდომე, რომ ასეთივე ჯაჭვის პერანგი გამეკეთებინა…

ბავშვობიდან დაგიწყიათ ეს საქმე…

15 წლის ვიყავი. დავიწყე და გავაკეთე, ჩემი მასწავლებელი მეხმარებოდა. რომ გავაკეთე, ძალიან გაუხარდა და დამასაჩუქრა. შემდეგ 1982 წლიდან 1986 წლამდე ამ მიმართულებით არაფერი გამიკეთებია. სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის განხრით. სტუდენტობისას ჯარში გამიწვიეს, 2 წელი უკრაინაში ვმსახურობდი. ჯარიდან დაბრუნებულმა, ინსტიტუტში სწავლა რომ გავაგრძელე, უკვე სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს, მეთოდურად: მივედი ეროვნულ მუზეუმში, ფონდის მცველს ვთხოვე და მომცა უფლება, ხელი შემეხო ამ ისტორიული ნივთებისთვის და შემესწავლა. ასე გავაკეთე ხევსურული აბჯარი – ეს არის ერთი ადამიანის აღჭურვილობა, მუზარადით და ყველაფრით, თავიდან ბოლომდე. მაშინ  ჩემი მშობლები ცეკას გამომცემლობაში მუშაობდნენ, დედაჩემი წამყვანი ინჟინერი იყო, მამა – გაზეთ „იზვესტიას“ წარმომადგენელი – გაზეთის ჩამოსვლას, ბეჭდვას და საქართველოში გავრცელებას კურირებდა. ჩემი ამბავი „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორმა პაატა ნაცვლიშვილმა გაიგო, მასთან გავიარე გასაუბრება 1987 წელს და შემდეგ მამუკა ფაჩუაშვილმა ინტერვიუ ჩაწერა.

მახსოვს ეს ამბავი, დიდი გამოხმაურება ჰქონდა…

გამიყვანეს რუსთაველზე, ჩამაცვეს ეს ხევსურული აბჯარი – არ მინდოდა, მერიდებოდა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე – და პირდაპირ რუსთაველზე მიღებდნენ ფოტოებს. ინტერვიუ რომ დაიბეჭდა, დამიკავშირდა საქართველოს რადიო, შემდეგ ტელევიზიის პირველი არხი – ხალხური შემოქმედების რედაქცია, ქალბატონი დელა კვაჭაძე, გააკეთეს გადაცემა „ჯაჭვის პერანგი“. შემდეგ  დამიკავშირდა, „ვრემიას“ კორესპონდენტი ლანა ღონღაძე…

ამ  პუბლიკაციების მერე ბევრი დაკვეთა მივიღე – მთავრობის წევრებისგან, მხატვრებისგან, იმიტომ რომ ასეთ რამეს მაშინ არავინ აკეთებდა.

ერთხელაც ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა ზურაბ წერეთელთან გამგზავნა – ვაკეში, ბარნოვზე ჰქონდა დიზაინერთა კავშირის ოფისი ბატონ ზურაბს – ეს გაზეთი მიუტანე (რომელშიც ჩემი ინტერვიუ იყო) და უთხარი, რომ მე გამოგგზავნეო. მივედი, დიდი რიგი იყო კართან, ბევრი ხალხი ირეოდა… როგორც იქნა, შევედი, ვუთხარი, ჯუანშერმა გამომგზავნა-მეთქი და გაზეთიც ვაჩვენე. ზუსტად 2 წუთი დამითმო და მეუბნება –  დაკვეთას გაძლევ და აქ რაც არის, ზუსტად ეგეთი გამიკეთეო.

მე სერიოზულად მივიღე მისი სიტყვები და ისევ გავაკეთე ხევსურული აბჯრის ერთი კომპლექტი. თვითონ არ უთქვამს, რამდენს გადამიხდიდა. მე და მამაჩემმა მივუტანეთ  და ჰონორარი 5 000 მანეთი მოვითხოვე. 1987 წელი იყო – იმწუთში გადამიხადა.  ეს მაშინ დიდი ფული იყო.

რადგან ულაპარაკოდ გადაგიხადათ, ალბათ ძალიან მოეწონა…

ამ ისტორიას გაგრძელება აქვს: ბატონო ზურაბ, შემდეგი დაკვეთა ხომ არ გექნებათ-მეთქი, ვკითხე. შემომხედა და მითხრა, რაც ახლა გააკეთე, 2-ჯერ გაადიდე და ისე გამიკეთეო. ეს იყო უკვე გოლიათის აბჯარი. მთელი ერთი წელი ვიმუშავე – ჩემი ბიძები მომეხმარნენ.

რამდენი წლის იყავით?

22-23 წლის. ეს რომ გავაკეთე –  მთლიანი ნაკრები: მუზარადებით, სამკლავურებით, ხანჯლებით, ხელთათმანებით, რკინის ქამრებით და მთელი ამბავი – ამაში გადამიხადა 25 ათასი მანეთი, 1988 წელს. ჩემი ასაკის ადამიანისთვის ეს დიდი თანხა იყო. ვიყიდე სულ ახალი „ნოლსემი“, 17 ათასი მანეთი გადავიხადე… თუმცა უკვე ინფლაცია იწყებოდა.

1988 წელს ავსტრიაში, ინსბრუკში ქართული კულტურის გამოფენა იყო და ჩემი ნამუშევარიც გაგზავნეს – აბჯარი, შემდეგ თბილისში, მხატვართა სახლში იყო გამოფენა და ამის შემდეგ შემომთავაზეს სახელოსნო ღია ცის ქვეშ მუზეუმში, კუს ტბაზე. ჩემთვის შექმნა რესტავრატორის შტატი ძეგლთა დაცვის სამსახურმა, ოფიციალურად ხელფასიც მქონდა და ყველაფერს იმ სახელოსნოში ვაკეთებდი…

 და ამ ყველაფრის მერე მაინც ემიგრაციაში წახვედით…

საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, სიტუაცია აირია, ეს საქმეც დამთავრდა… 1995 წელს მივხვდი, რომ ჩემი თავის რეალიზაციას ვერ ვახდენდი საქართველოში და ვერც პერსპექტივას ვხედავდი, ამიტომ გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა.

 რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ნიდერლანდები?

იმიტომ, რომ კარგი ამბები მესმოდა ჰოლანდიაზე… კიდევ ზეგავლენა მოახდინა ფილმმა კუნძულ ტექსელზე გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ ქართველების აჯანყებაზე („ჯვარცმული კუნძული“ ხომ გახსოვთ), მთელ ევროპაში დამთავრებული იყო ომი და ჰოლანდიაში 1945 წლის ივლისში დამთავრდა. მე მეგონა, ქართველები იქ გმირებად იყვნენ აღიარებულები…

 და ყველამ იცოდა მათი ამბავი, ხომ?

ასე მეგონა, ასეთი პროპაგანდა იყო „ჯვარცმული კუნძულის“ გამოსვლის შემდეგ…

რომელ ქალაქში ჩახვედით თავიდან?

ვცხოვრობდი ჰერტოგენბოსხში, დიდი სახელოსნო მომცეს სამუშაოდ. აგრეთვე, 20 ათასი გულდენი  (დაახლოებით 20 ათასი ევრო) თანხის სახით, რომ საჭირო იარაღები მეყიდა და სახელმწიფო დაკვეთა შემესრულებინა.

თავიდან რომ ჩახვედით, როგორ მიგიღეს?

თავიდან ჩემი გაკეთებული ხევსურული აბჯარი ვაჩვენე – გამოვაცხადე, ოსტატი ვარ-მეთქი და იმწუთასვე მომცეს სახელოსნო. რომ დავამზადე ეს ხევსურული საბრძოლო აღჭურვილობა, მიმიწვიეს ტექსელზე, სადაც გაზეთის კორესპონდენტი მელოდებოდა. სურათები გადაიღეს და გამოფინეს ეს ჩემი აბჯარი.

თორღვას აბჯარი – ავტორი: გოჩა ლაღიძე

სულ ვმუშაობდი… დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ უკვე დიდი სახელმწიფო დაკვეთა მივიღე და მისი შესრულებით დავიმსახურე სტატუსი – „მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ნიდერლანდების კულტურაში“. მინისტრს  აქვს ასეთი უფლება, რომ თუ უცხოელს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რომელიმე სფეროში, გაძლევს ამ სტატუსს და ამ სტატუსით მოქალაქეობას იღებ.

 ახლა რომელ ქალაქში ცხოვრობთ?

ჰერტოგენბოსხში დიდხანს ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, ამჟამად ვცხოვრობთ ქალაქ როზენდალში, აქ მივიღეთ ბინა – ეს ქალაქი ჩემთვის იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგან, ძირითადად, დაკვეთები მაქვს ბელგიიდან, ბრიუსელიდან და ყველაფერთან ახლოს არის: ბრიუსელამდე ერთი საათი უნდა, ამსტერდამამდე – საათი და ოცი წუთი, ჰააგამდე – ერთ საათი, პარიზამდე – 3 საათი… და კმაყოფილი ვარ ამ ქალაქით.

გოჩა ლაღიძე თავის სახელოსნოში.

ეროვნული დაკვეთა როგორ მიიღეთ? საინტერესოა, როგორ განდეს უცხოელს ნაციონალური რელიკვიის სამუზეუმო ასლის დამზადება, წინააღმდეგობები არ გქონდათ?

ტექსელის მუზეუმში გაიმართა ჩემი გამოფენა, რომელიც ეხებოდა ქართველების აჯანყებას 1945 წელს. იქ მქონდა წარდგენილი ჩემი ნამუშევრები და ტექსელის მუზეუმის დირექტორმა შემდეგ სამხედრო სამეფო მუზეუმს დამაკავშირა ჰოლანდიაში, ქალაქ დელფტში. იქ რამდენჯერმე მიმიწვიეს ღია კარის დღეზე და შემდეგ ეს წარმოუდგენლად დიდი დაკვეთა – ჰოლანდიის ეროვნული დაკვეთა მომცა ამ მუზეუმმა პირველად, რომელსაც სხვები მოჰყვა – შეიძლება ითქვას, ჯაჭვივით გადაება…

 რამდენ ხანს იმუშავეთ პირველ დაკვეთაზე და რა სახის სამუშაო იყო?

დაკვეთა იყო დაყოფილი 4 დამოუკიდებელ პროექტად, მასშტაბური პროექტები იყო, ერთი წელი ვიმუშავე. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა კონტრაქტი, 22 გვერდზე იყო გაწერილი. შევასრულე ჰოლანდიის პრინც მორიც ორანელის აბჯრის ასლი.

რატომ მაინცდამაინც თქვენი ჩასვლის შემდეგ მოიფიქრეს ასლის გაკეთება, თუ მანამდე ოსტატი ვერ მოძებნეს?

80-წლიანი ომის დასასრულის საიუბილეო თარიღი მოდიოდა – ხელი რომ მოაწერეს 1648 წელს ესპანეთთან ზავს. ამასთან დაკავშირებით ჰოლანდიის 5 დიდ მუზეუმს ჰქონდა სხვადასხვა თემა. სამეფო საარმიო მუზეუმის თემა იყო სახელმწიფო ჯარი – რეგულარული არმია, რომელიც პრინცმა მორიც ორანელმა ჩამოაყალიბა მე-17 საუკუნეში. პრინცი სამხედრო პირი იყო და, რა თქმა უნდა, რამდენიმე საჭურველი ჰქონდა, მაგრამ ყველა დაკარგულია, ერთადერთია შემორჩენილი, რომელიც მან დიპლომატიური საჩუქრის სახით გადასცა ერცჰერცოგ ფერდინანდს ავსტრიაში და მას შემდეგ იქ არის დაცული, ვენის ხელოვნების მუზეუმში. სწორედ ამ აბჯრის ასლის შესრულება დამიკვეთეს.

მორიც ორანელის აბჯარი ვენის მუზეუმში (ორიგინალი)

რთული სამუშაო იყო?

ძალიან შრომატევადი, რა თქმა უნდა. ჯერ მარტო ორიგინალის შესწავლას დავუთმე 400 საათი. კონტრაქტი დეტალურად იყო გაწერილი – დღეში რამდენ საათს ვმუშაობდი, როდის რას ვაკეთებდი და ა. შ. ვალდებული ვიყავი, ყოველდღიურად რა გავაკეთე, ამაზე ანგარიში ჩამებარებინა, თან ამოწმებდნენ ნამუშევარს.

მთლიანი აბჯარი 4 კონტრაქტად გაყვეს – მუზარადზე ცალკე კონტრაქტი მოამზადეს. რომ ვამთავრებდი თითოეული კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაოს, კომისია მაძლევდა გაგრძელების ნებართვას.  ეტყობა, თავიდან მაინც ფრთხილობდნენ. მესამე და მეოთხე კონტრაქტზე უკვე აღარ მამოწმებდნენ…

მორიც ორანელის აბჯრის ასლი სამეფო საარმიო მუზეუმში, ნიდერლანდებში – ავტორი: გოჩა ლაღიძე

ნდობა მოიპოვეთ, ხომ?

დიახ, დარწმუნდნენ, რომ ჩემს საქმეს კარგად და პატიოსნად ვაკეთებდი.

როცა მთლიანი აბჯარი დავასრულე, რა თქმა უნდა, პრეზენტაცია გაიმართა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა – ამაზე წერდნენ გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზიები. ისეთი პოზიტიური ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ შემდეგ სხვა მუზეუმმა მომცა დაკვეთა, იმავე მუზეუმმაც. ბევრი სახელმწიფო დაკვეთა მივიღე. თავისთავად, ყველა სახელმწიფო პროექტს მოსდევს ძალიან დიდი პუბლიკაცია, პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის ცნობილი ხდები…

შემდეგ ჩემი ნამუშევრები ავსებდა მუზეუმის ანტიკვარ ექსპონატებს. ჰოლანდიის გარდა შვეიცარიაზეც ვმუშაობდი, მუზეუმებისთვის, კერძო კოლექციონერებზე, ვასწავლიდი უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, ერთ-ერთ ინსტიტუტში…

ნიდერლანდების გმირის აბჯარი – ავტორი: გოჩა ლაღიძე

 თუ ვინმეს გამოუთქვამს სურვილი, რომ კერძოდ გესწავლებინათ ეს საქმე?

კი, როგორ არა, საქართველოშიც მყოლია. იცით, როგორ არის? ჩემი მასწავლებელიც კი არ დამიჯდა და ყოველდღე მასწავლიდა, არამედ იმპულსი გადმომცა, ასეთი სახით მყავს მეც მოსწავლე აქაც და საქართველოშიც. სკოლებში ვასწავლიდი, უნივერსიტეტშიც, ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაშიც. ჩემთან ერთი პატარა ბიჭი მოიყვანა მამამ, განვითარდა ძალიან, მაგრად აკეთებს ჯაჭვის პერანგებს.

 ჰოლანდიელია?

კი, ჰოლანდიელი, დავაკვალიანე, რა  და როგორ, დაეწაფა ამ ხელობას და გაიგო. ხანდახან მეკითხება ხოლმე რაღაცებს და ვუხსნი, მაგრამ ისე, რომ ჩემს სახელოსნოში შეგირდი მყავდეს, საშუალება არ არის, არც დრო მაქვს მაგის და არც ნერვები. ვაღიარებ, რომ არ ვარ მოწოდებით პედაგოგი.

თვითნასწავლი ხართ თუ რამე განათლებაც მიიღეთ იარაღის და საჭურვლის დამზადების მხრივ?

არა, როგორც გითხარით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის განხრით. დიპლომს თანდართულ ნიშნების ფურცელში ერთადერთი 5 მაქვს ხაზვაში. ხაზვა ახლა ძალიან მჭირდება და მადგება…

ემიგრაციაში ქართველებს მარტო თავის დამკვიდრების მხრივ არ უჭირთ, არამედ ნოსტალგიაც ძალიან აწუხებთ. თქვენ არ გაგიჭირდათ?

მე შედარებით ადვილად შევეგუე აქ ცხოვრებას, იმიტომ, რომ თავიდანვე შრომაში ვიყავი და დეპრესიები არ მქონდა. თავიდანვე კარგად მიმიღეს, ყველანაირად ხელი შემიწყვეს. თან ოჯახთან ერთად წამოვედი – მეუღლესა და 2 შვილთან ერთად.

2 შვილი გყავთ?

არა, სამი – უმცროსი, გოგონა აქ დაიბადა.

ჩემი მეუღლე, ლელა ბარბაქაძე ინსტიტუტში ჩემი ჯგუფელი იყო. მალევე დავქორწინდით. 2 ბიჭი და ერთი გოგო გვყავს, უკვე დიდები არიან  – 32, 30 და 26 წლისები.

გოჩა ლაღიძე ოჯახთან ერთად

ამჟამად სად არიან, რას საქმიანობენ?

აქ ცხოვრობენ. ბიჭები – გიორგი და ლაშა პროგრამისტები არიან, სოლიდურ კომპანიებში მუშაობენ. შუათანა, ლაშა ინგლისურ კომპანიაშია და სენიორია უკვე, გოგონა, სოფია მეწარმეობის სამართლის ადვოკატია.

ჩემი მეუღლე ეკონომისტია, ბუღალტრად მუშაობს ერთ-ერთ სადაზღვევო ფირმაში.

თქვენმა შვილებმა ქართული იციან?

არც ისე გამართულად… მაგაში მაგარი ვერ გამოდექი. თავიდან ლელა ასწავლიდა, მაგრამ სკოლის მასწავლებელმა უთხრა, რომ არ შეიძლებაო და დაანება თავი. ქართულად ლაპარაკობენ, თუმცა აქცენტით.

საქართველოში ჩამოდიხართ ხოლმე? ვინ გელოდებათ აქ?

დედა, და-ძმა, ნათესავები, ბიძაშვილები, მეგობრები, კოლეგები…

ჩემი შვილები ჩამოდიან ხოლმე, ჩემი მეუღლე ყოველ წელს დადის, მე 4 წელია არ ვყოფილვარ – ზარმაცი ვარ ამ მხრივ, მგზავრობა მეზარება… ამ სოციალურმა კავშირებმაც თითქოს გააქრო მანძილი. მომავალ წელს აუცილებლად ჩამოვალ…

რა გენატრებათ?

მთები მაკლია, გორაკიც კი არ არის აქ.  სულ დაბლობია. ამ ქვეყნის ერთი მესამედი ზღვის დონეზე დაბლაა.

პირველ პერიოდში არც მქონდა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დრო. მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც ვირტუალური კონტაქტები, ახლა ფეისბუქით ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, კოლეგებთან. დიდ პროექტს ვაკეთებ და ქართველ კოლეგებსაც ვრთავ, დაკვეთებს ვაძლევ – მათთან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა მაქვს საქმიან დონეზე მას მერე, რაც წელში გავიმართე, ასე რომ ვთქვათ.

ფოტო: Otto Kalkhoven

საქართველოში ეროვნულ მუზეუმში ჩამოვედი 2009 წელს, ერთი თვე ვიმუშავე, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ დამიფინანსა ერთთვიანი მივლინება, ნაწილობრივ ჩემი ხარჯით ჩამოვედი – თამარ მეფის ნივთის რესტავრაცია გავაკეთე.

ახლახან ჭავჭავაძეების ხმლის საქართველოში დაბრუნებაში მივიღე მონაწილეობა –  კერძო პირმა მომიტანა, წარწერა ჰქონდა „პრინცი ჭავჭავაძე“. ხმალი აუქციონზე გაიტანეს ბელგიაში, ჩემი ერთი შვეიცარიელ ნაცნობის ქართველმა ნათესავმა იყიდა ეს ხმალი და საქართველოს აჩუქა. ახლა საქართველოშია, ეროვნულ მუზეუმში…

რომელი ჭავჭავაძის ხმალია?

სახელი არ აწერია, ჩემი ვარაუდით, დავით ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა.

რამე საინტერესო ნივთი ხომ არ აღმოჩენილა კიდევ თქვენს ხელში, ან მუზეუმებში ხომ არ წასწყდომიხართ რაიმე ქართულს?

კი, მქონდა ეგეთი შემთხვევა: ძალიან მაგარი ხმალი იყო, თბილისელი ოსტატის – გიორგი ელიარაშვილის ნახელავი, დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის. მომიტანეს სარესტავრაციოდ, არაბული წარწერა ჰქონდა. შემდეგ გავარკვიე შინაარსი: „გააკეთა მისი უდიდებულესობა იმპერატორის ოსტატმა გეურქამ“. ეს გეურქა იყო გეურქ ელიარაშვილი, რომელიც მუშაობდა მხოლოდ „ცარის“ ოჯახზე – იმდენად მაგარი იყო, რომ შეკვეთას აძლევდნენ გენერალი პასკევიჩი და ასეთი რანგის პირები. პირდაპირ მიდიოდა იმპერატორთან, სამეფო კარზე. ამ გეურქას გაკეთებული ხმალი მოხვდა ჩემთან, ღირდა 25 ათასი ევრო. მე მაგის თანხა არ მქონდა… ისე, ელიარაშვილს უფრო რუსეთში იცნობენ და პატივს სცემენ, ძალიან ძვირია მისი ნამუშევრები. ეს ხმალიც რუსეთში გაიყიდა.

ახლა, ძირითადად, რა სახის სამუშაოს ასრულებთ?

პირველ ეტაპზე ჰოლანდიაში დაკვეთებს ვიღებდი მუზეუმებიდან და კერძო კოლექციონერებისგან, ეს ჩემი ნამუშევრები გაბნეულია მთელ ჰოლანდიაში და ბევრიც – შვეიცარიაში. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს შვეიცარია, ბევრი დაკვეთა მაქვს შესრულებული და რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, გამოფენაც მქონდა ქ. ზოლოტურნის არსენალში. ერთ-ერთმა შვეიცარიელმა, ქართველების სიძემ, ჩოხის აღკაზმულობა დამიკვეთა – ხმალი, ხანჯალი, ქილები, ხმლის ქამრები. ფოლადისგან არის შესრულებული და ცოტათი ოქროთია გაფორმებული. ასეთი მაგარი ჩოხის აღკაზმულობა საქართველოში არავის აქვს. ძალიან ძვირფასია, ხელით შესრულებული, დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშია.

მარტო ქალი კი არ ჰყვარებია ქართველი, საქართველოც ჰყვარებია…

საქართველოში ჩავიდა სპეციალურად, ჩაიტანა ეს ნივთები, ჩოხა შეიკერა და შემდეგ, პერსონალური გამოფენა რომ მქონდა მუზეუმ მარკიზენჰოფში (ნიდერლანდები), ჩადო ყუთში, შეფუთა და გამომიგზავნა  – გოჩა, შენ ეს გჭირდებაო. ერთი წელია, გამოფენა დამთავრდა და მე მაქვს სახლში ეს ნივთები. მითხრა, როცა იქნება, ჩამოვალ და წავიღებო.

როგორც გითხარით, თავიდან დაკვეთებს ვიღებდი, შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ რესტავრაციაზე გადავერთე – ახლა ვმუშაობ, როგორც რესტავრატორი, აღვადგენ ძველებურ ანტიკვარულ იარაღს და არა მარტო იარაღს. ამ ძველი ანტიკვარიატის რესტავრაციით, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილი ვარ მატერიალურად, რაც საშუალებას მაძლევს, რომ პარალელურად ვიმუშაო იმაზე, რაც მე მსიამოვნებს. ახლა 15-მდე საკუთარ დამოუკიდებელ პროექტს ვაკეთებ, ძირითადად, ხანჯლებს, ხმლებს, მუზარადებს… მათგან ერთ-ერთია სტალინგრადის ხმალი, 1943 წლის, რომელიც ძალიან ცნობილია. ესეც კომპლექსური პროექტია, ისტორიული მნიშვნელობის. სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მანამ დავიწყე ამ ხმალზე მუშაობა. ვიღებ დაკვეთებს ჩემს ორიგინალურ ნამუშევრებზეც, ეს იარაღები ხელით კეთდება და ძალიან ძვირფასია, ხმალი, ხანჯალი, აბჯარი – ფუფუნებაა. ჩემი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ორიგინალებია, ორიგინალური ესკიზით შესრულებული.

 ორიგინალური ნამუშევრების შესრულებისას რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

საერთოდ, საჭურველი ორი სახისაა: დამცავი, როგორიც არის აბჯარი, ფარი და  შეტევითი თეთრი (ცივი – რედ.) იარაღი: ხმალი, ხანჯალი, მშვილდი… ეს იარაღი დღემდე ვითარდება. მე ტრადიციული სტილი მიყვარს და ეს მაქვს არჩეული, მაგრამ თვითონ ტრადიციულ სტილშიც ხდება განვითარება. მე პირადად არასოდეს ვცდილობ, რომ ზუსტად ძველებურის იდენტური გავაკეთო – რამდენიმე გამონაკლისის გარდა: ერეკლეს ხმლის, მორიც ორანელის აბჯრის და კიდევ რამდენიმე ასლი მაქვს  შესრულებული, მაგრამ ისინი არასოდესაა ზუსტი ასლი:  მიუხედავად იმისა, რომ წონით, ზომებით იგივეა, დეტალების ხარისხი ყოველთვის მაღალია, სხვანაირად ჩემგან არ გამოდის – ორიგინალს  რომ რაღაც ნაკლი აქვს, მე ვერ გავიმეორებ.

ჩემი საავტორო იარაღები – ეს არის ტრადიციულ სტილზე შექმნილი ახალი ესკიზები; ტრადიციული კანონიკიდან ამოვარდნა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ განვავითარო და სიახლე შევიტანო. იარაღის განვითარება ხომ მე-19 საუკუნეში არ დამთავრებულა, დღემდე ვითარდება. მართალია, ჩვენთან დიდი წყვეტა ჰქონდა მე-20 საუკუნეში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა, თითქმის 50 წელზე მეტი არ კეთდებოდა საერთოდ, რაღაც სტანდარტული სანადირო დანები იყო და ბუტაფორია ხანჯლები სუვენირების სახით, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა.

თქვენს ნამუშევრებში რომელიმეს განსაკუთრებით გამოყოფდით? რომელია, ასე ვთქვათ, თქვენი ფავორიტი?

ძალიან ძნელია თქმა… უნაკლო არაფერია, მაგრამ იარაღი უნდა იყოს უზადო – ჩემი მასწავლებელი, ჯუანშერი ასე მეუბნებოდა: ყველაზე კარგი იარაღი არის ის, რომელიც მანდილოსანს მოეწონებაო, ასეთი შეფასების კრიტერიუმი ჰქონდა.

ჩემთვის ყველაზე ემოციური რაც კი იყო, საქართველოსთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, არის ერეკლე მეორის ხმლის საავტორო ასლი, რომლის შესასრულებლად ოფიციალური ნებართვები ავიღე. 3 წელი ვმუშაობდი, თუმცა არა ყოველდღიურად, რა თქმა უნდა. საქართველოს დიდების ხმალია, ხელოვნების ნიმუშია და ამიტომაც ძალიან ემოციური დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ირანული სამეფო ხმალია, ძალიან მაგარი. ასლი ჩემთვის გავაკეთე, სახლში მაქვს, ჩემს კოლექციაში. ჩემ გარდა ამ პროექტზე კიდევ 2 უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა, რომლებმაც გარკვეული სამუშაო შეასრულეს ჩემი დაკვეთით.

ერეკლე მეფის ხმლის ასლი – ავტორი: გოჩა ლაღიძე

ამავე დროს, ვაკეთებ პატარა ცხოველებს, მწერებს – კალიებს, ჭიამაიებს, კიბორჩხალებს, რომლებსაც იარაღთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ამ მომენტში ზუსტად გამოფენა მაქვს ერთ-ერთ სალონში…

რა საინტერესოა – მეიარაღე, ხმლების და ხანჯლების ოსტატი ჭიამაიებს აკეთებს! რა მასალას იყენებთ?

ლითონისგან ვაკეთებ, ვერცხლის ან მოოქრული ფრთებით.

ჭიამაია ჩემი საყვარელი მწერია…

ჭიამაია მსოფლიოში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება, არადა, ლომზე უფრო მძვინვარე მტაცებელია – ალბათ იცით.

მართლა? არა, არ ვიცოდი…

პირველად რომ გავაკეთე, ერთ-ერთმა გალერისტმა მითხრა, იცი, ლომზე უფრო მძვინვარეაო. მცენარეების პარაზიტებით იკვებება, მათი გააფთრებული მტერია! შხამი აქვს ისეთი, რომ ჩიტები ვერ ჭამენ. აფრთხილებს ჩიტებს და მწერებს, შემეშვითო.

რენტგენით რომ გამიშუქოთ თავი, ხმალს და ხანჯალს დაინახავთ (იცინის). ამ მწერებს და ცხოველებს განტვირთვისთვის ვაკეთებ, ხან ჩემი ქალიშვილი მთხოვს…

თქვენი საავტორო ნამუშევრებითაც, როგორც ვიცი, არაერთი წარმატება მოიპოვეთ გამოფენებზე. ერთი სიტყვით, საქართველოს, ქართული კულტურის დიდ პოპულარიზაციას ეწევით – დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!

თავიდან ამას ვერ ვაცნობიერებდი, მერე გავიაზრე… ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება მეიარაღეების გამოფენა, სადაც არა მარტო მთელი ევროპიდან, იაპონიიდანაც ჩამოდიან ხოლმე ოსტატები თავიანთი ნამუშევრებით. ვმონაწილეობდი ლუქსემბურგში, სტრასბურგში, ბელგიაში, საფრანგეთში, ამ ბოლო დროს მარტო ჰოლანდიაში  ვმონაწილეობ. ამ გამოფენებზე 13 გრან პრი მაქვს აღებული: პარიზში, ბელგიაში, ლუქსემბურგში და დანარჩენი – ნიდერლანდებში. საინტერესოა, რომ, ძირითადად, კავკასიური იარაღები იმარჯვებენ. ვამაყობ, რომ მოსწონთ ჩვენი ქართული და პირველ ადგილზე აყენებენ. წელსაც ავიღე ნიდერლანდებში გამოფენაზე მთავარი პრიზი, თუმცა პანდემიის გამო ბევრი ხალხი ვეღარ ჩამოვიდა.

შარშან 6-თვიანი პერსონალური გამოფენა მქონდა სახელმწიფო მუზეუმში – მე-15 საუკუნის მარკიზების სასახლეში, რომელიც ჰოლანდიაში ყველაზე ძველია. 6 თვის მანძილზე ფრიალებდა ულამაზესი დიდი დროშები ჩემი გამოსახულებით, დამიმახსოვრა ხალხმა და რაღაცნაირად მიყურებენ ხოლმე, მაგრამ მივეჩვიე… ბევრჯერ რომ დაბეჭდეს გაზეთებში ჩემზე, ჩემს ქალაქში, მაგალითად, ყველა მცნობს სუპერმარკეტში თუ სხვაგან…

არ გამოგელაპარაკებიან ხოლმე?

არა, ძალიან იშვიათად, არ შეგაწუხებენ… დროც არ არის მაგისი, სულ მოძრაობაშია ხალხი. ძალიან კორექტულები არიან. მე ინდივიდუალური კომპანია მაქვს – ერთი პირის საწარმო. არსად მიმუშავია 27 წლის მანძილზე, მხოლოდ დამოუკიდებლად და არ მახსოვს ერთი შემთხვევაც, რომ ხელშეკრულება დარღვეულიყოს, ან არ გადაეხადათ თავის დროზე. ფაქტობრივად, უკონფლიქტო ქვეყანაა, არ გიმუხთლებენ.

ყველაზე მეტად მაინც რა მოგწონთ ჰოლანდიაში, ადამიანების მენტალიტეტში?

სულ იღიმებიან – სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველა გიღიმის, ძალიან ტოლერანტულები არიან, იშვიათია კონფლიქტები… თავისუფლების შეგრძნებაა დიდი, არ გაკვირდებიან, არ გაწუხებენ…

ემიგრანტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ?

ჰოლანდიაში არა, მით უმეტეს, ისეთი ემიგრანტების მიმართ, რომლებიც ინტეგრირებას ცდილობენ. აქ ქართველები ვინც არიან, თითქმის ყველას კარგი რეპუტაცია აქვს, ინტეგრირებულები არიან, მუშაობენ…

თქვენ თავად რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ასე მრავლად არიან მთელ მსოფლიოში, რა არის მთავარი უცხო ქვეყანაში?

„დათა თუთაშხიაში“ რომ არის ნათქვამი: ადამიანი თავის ქვეყანაში ოჯახის ელჩია და ქვეყნის გარეთ კი – თავისი სამშობლოს ელჩი. ჰოდა, შინ და გარეთ კარგი ელჩები ვყოფილიყავით!

როგორ გესახებათ მომავალი?

მჯერა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდება და თამარის დროინდელ დიდებას დაიბრუნებს.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

P. S. გოჩა ლაღიძის ერთ-ერთ ხმალზე დატანილია პოეტის და ლიტერატორის, კობა ჭუმბურიძის ლექსი:

მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა,
ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა.
მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა,
მე რად მინდა სამარქაფე, ნაფერი ვარ ჯადოქრისა.
შემამკობიც დამილოცე მოლიცლიცე ფიალითა,
მემრე კვალში ჩამიდექი, გაგიძღვები წკრიალითა.

გოჩა ლაღიძის ბიოგრაფიას, მის ნამუშევრებს და პროექტებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ საიტზე: http://gotscha.nl

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close