არტისტიინტერვიუ

„ცხოვრებამ მოთმინება მასწავლა, თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ არ უნდა მომეთმინა?“ – თამარ სხირტლაძე

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე დღეს დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. მსახიობი 23 ნოემბერს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. იგი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

თამარ სხირტლაძის შემოქმედებით ბიოგრაფიაში წარმატებებსა და სიხარულით სავსე დღეებთან ერთად ბევრი ტკივილიც იყო დაგროვილი. ამაზე ხმამაღლა არასოდეს საუბრობდა, მეტიც, ამბობდა, რომ მოთმინებით მოიგო, თუმცა მაინც მუდმივად ფიქრობდა: მოიგო კი?!..

გარეშე თვალისთვის ნამდვილად მოიგო – მარჯანიშვილის თეატრის სცენა სრულიად ახალგაზრდამ დაიპყრო და თეატრალური საზოგადოება ლამაზ, ცისფერთვალა გოგონაზე აალაპარაკა. პოეტ იოსებ გრიშაშვილის წინასწარმეტყველება – „შესანიშნავი აქტრისა იქნებიო“, ფაქტობრივად, ძალიან მალე ახდა. ჩვეულებისამებრ, არც გიორგი შავგულიძეს უმტყუნა ინტუიციამ – უნიჭიერესმა მსახიობმა მაყურებელთა გულებში მყარად დაიდო ბინა და 70 წელი იდგა სცენაზე და ფილმებშიც იღებდნენ. არც თეატრში და არც კინოში როლები არასოდეს მოჰკლებია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ისაა, რომ საქართველოს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მსახიობი აჩუქა – თაზო თოლორაია, რომელიც, სამწუხაროდ, 54 წლის ასაკში (2004 წლის 10 ივლისს) გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება არა მარტო მშობლების (თამარ სხირტლაძე და კოტე თოლორაია), არამედ ქართველი ხალხის დიდი ტკივილი იყო და არის.

თამარ სხირტლაძეს, დღიდან სცენაზე დგომისა, ყოველთვის უდიდესი მსახიობების პარტნიორობა უწევდა, პირადად იცნობდა აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძეს, შალვა ღამბაშიძეს, სესილია თაყაიშვილს, ვერიკო ანჯაფარიძეს, აკაკი კვანტალიანს… და მე ვამაყობ, რომ ქალბატონმა თამარმა წლების წინათ მის სულში სულ ცოტათი „შეჭრის“ უფლება მომცა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „ტვ პროგრამისთვის“ (2008 წ.) ჩავწერე.

ყველაზე ბედნიერი როდის იყავით, ქალბატონო თამარ?

ჩემი ბიჭი – თაზო როცა დაიბადა… უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა, როცა შენი გამოისობით ამ ქვეყანას ადამიანი მოევლინება… რა თქმა უნდა, მიხარია და მსიამოვნებს, როცა კარგი სამუშაო მაქვს, როლი კარგად გამომივა, მაგრამ ის, რომ უბედნიერესი ვარ ამის გამო და ამის იქით აღარაფერი არ არის, ტყუილია – ამას ვერ ვიტყვი…

არ ვიცი, ნახეთ თუ არა, სამეფო უბნის თეატრში მე და მედიკო ჩახავა ვთამაშობთ სპექტაკლში „აქ, ამ სავანეში“, რომელმაც, იცით, რამხელა სიხარული მოგვიტანა? კრიტიკამ დაგვაჯილდოვა, სახელმწიფო პრემიაც მივიღეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სპექტაკლზე ახალგაზრდები მოდიან და მათ თვალებზე ცრემლს ვხედავთ ხოლმე. მახსოვს, ერთმა მათგანმა თქვა: წავედი, ბებიაჩემი უნდა ვნახო, დღეს რომ არ ვნახო, ამაღამ ვერ დავიძინებო… ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის გოგო-ბიჭებმა ასე რომ გაითავისეს და მიიღეს ეს სპექტაკლი, ძალიან მიხარია. მე და მედიკო გადავხედავთ ხოლმე ერთმანეთს და ბედნიერები ვართ – არაჩვეულებრივი წუთებია!

არადა, როგორც ვიცი, მშობლებს თქვენი მსახიობობა არ უნდოდათ…

ის დრო რომ დაბრუნდეს, როცა ჩვიდმეტი წლის ვიყავი, იმავე პროფესიას ავირჩევდი, რადგან ვერაფრით წარმომიდგენია,  რომ ექიმი ან მასწავლებელი ვყოფილიყავი, ან რაიმე სხვა პროფესია მქონოდა.

მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. აივანზე ფარდებს ვკიდებდი, პატარა სცენას ვაწყობდი და სპექტაკლებს ვდგამდი. ზაფხულში ბებიასთან რომ წავიდოდი ხოლმე, იქაც მაშინვე სპექტაკლის დადგმას ვიწყებდი. მახსოვს, ერთხელ ერისთავის „გაყრა“ დავდგი და რატომღაც ყველას, გოგოსა და ბიჭსაც ჩოხები გვეცვა. ჩემს მშობლებს ხელოვნებასთან შეხება არ ჰქონიათ, მაგრამ თეატრი ძალიან უყვარდათ, განსაკუთრებით მამას. ოჯახში ოთხი და-ძმა ვიყავით და დედას არასოდეს ეცალა, მამა კი თეატრში პრემიერას არ გააცდენდა, რომ არ ენახა. უფრო მეტად რატომღაც რუსთაველის თეატრში დადიოდა და მეც თან დავყავდი. მსახიობობა რომ გადავწყვიტე, ამბობდა, მე დავღუპე, სულ თეატრში დამყავდაო… ცოტა რომ წამოვიზარდე, მერე უკვე მამაჩემის გარეშე დავდიოდი თეატრში. ერთხელ ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა, მოდი, ახლა მარჯანიშვილის თეატრში წავიდეთო. დილის სპექტაკლზე წავედით, – მაშინ ყველა სპექტაკლს, რაც საღამოს გადიოდა, დილითაც თამაშობდნენ, დეკორაციას არ იღებდნენ. „ურიელ აკოსტა“ ვნახეთ, რომელიც ისე ძალიან არ მომეწონა, რომ ვთქვი, ეს რა ცუდი თეატრი ყოფილა-მეთქი. ვერც მუსიკა აღვიქვი, ვერც მსახიობების თამაში… სხვათა შორის, ყველაზე დიდი შთაბეჭდილებაც ისევ „ურიელ აკოსტამ“ მოახდინა, როცა ხელმეორედ ვნახე ჩემი მამიდაშვილის მეუღლის, მსახიობ თამარ ერისთავის (გორის თეატრის მსახიობი იყო) ხათრით, რომელმაც მითხრა, მარჯანიშვილის თეატრში ყველაზე კარგი სპექტაკლი „ურიელ აკოსტააო“. ეს ქალი ძალიან მიყვარდა და რადგანაც ასეთი რამ მითხრა, გადავწყვიტე, გამეგო, რა ვერ გავიგე ამ სპექტაკლში. ვნახე და დღემდე არ მავიწყდება ის გაცდა, რაც მაშინ ვიგრძენი. აღფრთოვანებული, სკამიდანაც კი წამოვდექი, სპექტაკლი ისე ძალიან მომეწონა… შემდეგ, როცა მარჯანიშვილის თეატრში სამუშაოდ მივედი, პირველი სპექტაკლი, სადაც მასობრივ სცენაში შემიყვანეს, სწორედ „ურიელ აკოსტა“ იყო…

ძველი თაობის მსახიობებისგან გამიგია, რომ რასაც ლეგენდარული გიორგი შავგულიძე თეატრში მისულ დებიუტანტ  ახალგაზრდაზე იტყოდა, ის აუცილებლად მართლდებოდა – მისი შეფასება უტყუარი იყოო. თქვენზე რას ამბობდა?

არ მახსოვს ჟორა კრებაზე, ან პრემიერაზე მოსულიყო, დამჯდარიყო და სპექტაკლისთვის ეყურებინა, მაგრამ ერთი ჩვევა ჰქონდა: თუ იცოდა, რომ სპექტაკლში თეატრში ახალმოსული ახალგაზრდა მსახიობი თამაშობდა, კულისებში შევიდოდა, ფარდას ოდნავ გასწევდა და ხუთი წუთის განმავლობაში მსახიობს ცალი თვალით უყურებდა. მერე უკან გამობრუნდებოდა და კოლეგებს, თუ ვინმე შეხვდებოდა, თავის აზრს აუცილებლად ეტყოდა: „მეტი არ არის ჩემი მტერი, მაგისგან არტისტი არ დადგეს, ან გამოვა მაგისგან არტისტი, ხომ იცი შენ!“ არასოდეს ცდებოდა. ახლა მე მაქვს ეს თვისება, მაგრამ ჟორასგან განსხვავებით, ჩემს აზრს არასოდეს გამოვთქვამ…

ჟორა ჩემი პირველი პარტნიორი იყო „ქრისტინეში“ – იასონს თამაშობდა. მერე „დაჭრილ არწივშიც“ ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. სცენაზე ისეთ ფოკუსებს მიკეთებდა, ზოგჯერ ხმას ვერ ვიღებდი. მერე ჩაწერდნენ ხოლმე: „სხირტლაძემ ტექსტი გამოტოვა“, „სხირტლაძემ გაიცინა“ – და მიქვითავდნენ ხელფასს, ან საყვედურს მიცხადებდნენ. ბიჭები ამბობდნენ, რას ერჩით ამ გოგოს, სერგო ზაქარიაძე ვერ უძლებს მაგას სცენაზე და გინდათ, თამარა სხირტლაძემ გაუძლოსო? რატომ გიკვირთო? ბოლოს შემეშვნენ, რადგან, თქვენ წარმოიდგინეთ, სერგო ზაქარიაძესაც კი აცინებდა სცენაზე, რა საოცრება იყო… რაც შეეხება კონკრეტულად თქვენს შეკითხვას, გიორგი შავგულიძე ჩემზე რას ფიქრობდა – ეს, ცხადია, მეც მაინტერესებდა. თვითონ ჟორას ხომ ვერ ვკითხავდი? ვერც მის მეუღლეს – ლიზიკოს, თუმცა მასთან ძალიან ახლოს ვიყავი… მაგრამ, ერთხელ, ვხედავ, ლიზიკო რაღაცაზე გაბრაზებულია ჟორაზე. მე ამ დროს ქება დავუწყე: „რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ლიზიკო, ჟორა რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა, ამინდს ქმნის თეატრში“. გულწრფელად ვაქებდი, თუმცა ჟორას რა ჩემი ქება უნდოდა?! „შენ რომ მოსწონხარ, იმიტომ აქებ ახლა მაგას“, – მითხრა. ეს ჩემთვის უდიდესი შეფასება იყო.

ჟორას ეს თვისება მეც დამჩემდა: ახალგაზრდა რომ მოდის თეატრში, შავგულიძისგან განსხვავებით, ვზივარ პარტერში და მის თამაშს თავიდან ბოლომდე ვუყურებ, მერე კი ჩემთვის ვასკვნი, რა შეიძლება მოხდეს. ბუნებამ მაცოცხლა იმდენ ხანს, რომ ამ ახალგაზრდების შემოქმედებით ცხოვრებას მოვყვები – არასოდეს შევმცდარვარ, თუმცა არც არავისთვის მითქვამს ჩემი აზრი…

რაიმე თვისება ან ჩვევა თუ გაქვთ, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ასრულებთ?

ერთადერთი – სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერ, მეტი არაფერი. აბსოლუტურად ბოლომდე  ვარ  ჩართული ჩემს პროფესიაში, რეპეტიციაზეც კი არასოდეს დამიგვიანია.

ფოტო: მარჯანიშვილის თეატრის ფბ გვერდიდან

ამის გამო  შვილიც თეატრში გაზარდეთ…

კი, მარჯანიშვილის თეატრში. ზოგჯერ ყუთებზე დავაწვენდი ხოლმე და ისე ვაძინებდი. ერთხელ გასტროლებზე ვიყავით ქუთაისში. თაზოს ყუთებზე დაეძინა და ჩოხა მივაფარე. მერე, როგორც ჩანს, მსახიობებმა კოსტიუმები დააყარეს ზედ – არ იცოდნენ, რომ იქ ეძინა. ვეძებ ბავშვს, – სად არის?!.. სულ თეატრში იყო, მთელი რეპერტუარი ზეპირად იცოდა. მერე, იცით, როგორ აჯავრებდა ყველა მსახიობს? ძალიან ნიჭიერი იყო…

დამეთანხმებით, ქალბატონო თამარ, წლებს გამოცდილება მოაქვს, გამოცდილებას – სიბრძნე, – რა გასწავლათ ცხოვრებამ?

მოთმინება მასწავლა… ხშირად იძულებული ვიყავი, მომეთმინა და ამ მოთმენით მოვიგე! თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ არ უნდა მომეთმინა? იყო ისეთი რაღაცები, რაც ახლა, ანალიზს რომ ვაკეთებ, ვფიქრობ, არ უნდა მომეთმინა, მაგრამ რას მოვიგებდი? – იქვე ვკითხულობ.

 

რას ისურვებდით?

არანაირი სურვილი აღარ მაქვს, შვილო, გარდა იმისა, რომ მშვიდობა იყოს ამქვეყნად. შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავდეს კარგად, სიწყნარე და სიმშვიდე იყოს საქართველოში – ამისთვის ყოველ ღამე ვლოცულობ.

თამარ ოთიაშვილი

P: S.  2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მსახიობს „წლის პერსონის“ წოდება მიენიჭა. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კი თამარ სხირტლაძეს „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდო“ გადასცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close