მსოფლიოსაზოგადოება

გაერო: მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

ყოველი მე-10 ადამიანი შიმშილობს

მსოფლიო მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა, გაეროს ოფიციალური შეფასებით, ეს არის „მნიშვნელოვანი ეტაპი კაცობრიობის განვითარებაში“ და შეგვახსენებს, რომ „ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ზრუნვა ჩვენს პლანეტაზე“.

გაეროს განცხადებით, „ეს უპრეცედენტო ზრდაა“ – 1950 წელს დედამიწაზე 2,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, დაახლოებით 70 წელში კი 3-ჯერ და მეტად გაიზარდა, ეს არის „სიცოცხლის ხანგრძლივობის თანდათანობითი ზრდის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კვების, ჰიგიენისა და მედიცინის სფეროში პროგრესის შედეგი“.

1800 წლამდე დედამიწაზე მილიარდზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობდა, მეოცე  საუკუნის ბოლოსთვის – 1999 წლის 12 ოქტომბერს მოსახლეობის რაოდენობამ 6 მილიარდს მიაღწია, 7 მილიარდს – 2011 წლის 31 ოქტომბერს (12 წლის შემდეგ), 8 მილიარდს – 11 წლის შემდეგ,  2022 წლის 15 ნოემბერს.

დღეისათვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აზიასა და აფრიკაში ბინადრობს, მესამედზე მეტი მოდის ორ ქვეყანაზე – ჩინეთსა და ინდოეთზე. გაეროს შეფასებით, ჩინეთში დღეს პლანეტის მოსახლეობის 17,9% (1,43 მლრდ ადამიანი) ცხოვრობს, ინდოეთში – 17,8% (1,42 მლრდ ადამიანი).

გაეროს პროგნოზით, დემოგრაფიული ზრდა ნელდება და დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს 2037 წელს მიაღწევს, 10 მილიარდს – 2058 წელს; ამ საუკუნეში ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის „პიკი“ – 10,4 მილიარდი 2080 წელს დაფიქსირდება და შემდეგ სტაგნაცია იქნება საუკუნის ბოლომდე.

წყარო: კომერსანტი

მოსახლეობის ზრდა დიდ გამოწვევებს უქმნის ღარიბ ქვეყნებს. დღეს 8-მილიარდიან მსოფლიოში 10-დან 1-ზე მეტი ადამიანი (828 მილიონი) შიმშილობს და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ, კოვიდპანდემიამ და ომმა.

Coldiretti-ს მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 2,3 მილიარდი ადამიანი ანუ 29,3%, საშუალო ან მძიმე კვებითი დაუცველობის პირობებში ცხოვრობს; დადგენილია, რომ ხუთ წლამდე ასაკის 45 მილიონი ბავშვი გამოფიტულია, ხოლო ხუთ წლამდე ასაკის 149 მილიონი ბავშვის განვითარება დაქვეითებულია იმის გამო, რომ მათ რაციონში აუცილებელი საკვები ნივთიერებების ქრონიკული ნაკლებობაა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close