ისტორიამსოფლიოხელოვნება

ბრიტანეთის მუზეუმი: ეს ჯვარი, რომელიც უორდროპებს აჩუქეს, ქართულ რელიკვიას – თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარს იმეორებს

ბრიტანეთის მუზეუმი, სადაც რვა მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის ანალოგზე წერს, რომელიც ბრიტანელი დიპლომატისთვის – ოლივერ უორდროპისთვის საქართველოში უჩუქებიათ. როგორც ირკვევა, ჯვარი მუზეუმს დიპლომატის ქალიშვილმა – ნინო უორდროპმა 1983 წელს გადასცა საჩუქრად.

„ჯვარი შემკულია პატიოსანი თვლებით – ბრილიანტით, მარგალიტით, ლალითა და მინერალებით. ასეთ გულსაკიდ სამკაულებს ქართველი დიდგვაროვანი ქალები დაახლოებით 1800-იან წლებში ატარებდნენ. მუზეუმში დაცული ჯვრის ფორმები იმეორებს ზურმუხტებით, ლალებით და მოვარდისფრო მარგალიტებით შემკულ ქართულ რელიკვიურ ჯვარს, რომელიც უკავშირდება თამარ მეფეს (მმართველობის წლები – 1184–1213 წწ.) – პირველ ქალს, რომელიც საქართველოს ერთპიროვნულად მართავდა.

1919 წლის ზაფხულში ოლივერ უორდროპი (1864–1948 წწ.) თბილისში დაბრუნდა, სადაც ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად დაინიშნა. თავისი პირველი ვიზიტის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში უორდროპმა ქართული ენა შეისწავლა, თარგმნა ქართული პოეზია და თავის ქალიშვილსაც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდანის პატივსაცემად დაარქვა სახელი – ნინო.

უორდროპს 1920 წელს ქართველი ქალების დელეგაცია ეწვია. მათ თან ახლდათ თეთრსა და წითელში, წმინდა გიორგის (საქართველოს მფარველი) დროშის ფერებში გამოწყობილი გოგონები. ბავშვებმა ეს ბრწყინვალე საგვარეულო რელიკვია უორდროპს მისი პატარა გოგონას, ნინოსთვის საჩუქრად გადასცეს.

ეს მდიდრულად შემკული გულსაკიდი ჯვარი მუზეუმს ნინო უორდროპმა 1983 წელს აჩუქა“, – წერია ბრიტანეთის მუზეუმის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მეფეთა მეფე თამარის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი XII საუკუნის II ნახევრის დეკორატიული სტილის გამორჩეული ქმნილებაა, რომელიც მხატვრული გადაწყვეტითაც და შესრულების ოსტატობითაც მსოფლიო კულტურის საგანძურია დამკვიდრებული.

დღეს ის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 

 

ჯვარი ხალასი ოქროსგანაა დამზადებული, შემკულია პატიოსანი თვლებით. წინა პირს ამშვენებს ოთხი ზურმუხტი, ხუთი ლალი და ექვსი მოვარდისფრო მარგალიტი, რომლებიც,, როგორც ამბობენ, დღემდე სიცოცხლეს ინარჩუნებენ. ზურგზე დატანილია მუქი, შავი ფერის სევადით შესრულებული საქტიტორო ქართული ასომთავრული წარწერა: „ძელო ჭეშმარიტო. ძალო ჯვარისაო შენითა წინა ძღრომითა, ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფეს და დედოფალს თამარს“.

რა გზა გაიარა თამარ მეფის გულსაკიდმა ჯვარმა ხობის მონასტრიდან ხელოვნების მუზეუმამდე

ქართველი ერის სათაყვანებელ განძს, თამარ მეფის გულსკიდ ჯვარს ექვთიმე თაყაიშვილმა 1913 წელს ხობის მონასტერში მიაკვლია.

1921 წელს საქართველოს მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილ განძეულობას შორის იყო თამარ მეფის უნიკალური გულსაკიდი ჯვარიც. ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს დროებითმა მთავრობამ 1927 წელს შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც თამარის ეს უნიკალური ჯვარი, თავისი სასვენებლით, ორ მილიონ ოქროს მანეთად შეაფასა.

„დასაკეცი ხატი მაცხოვრისა ოქროისი, რომელშიც ინახება ყელის ჯვარი თამარ მეფისა, ჯვარი თამარის შედგება ძვირფასი ქვებისგან ოთხი მოგრძო ზურმუხტისგან, ხუთი სარდიონისგან. ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისგან. მეორე გვერდზე ჯვრისა საკიდით ასომთავრული წარწერაა“, – ასე აღწერს ექვთიმე თაყაიშვილი თამარის ჯვარს.

ბაჯაღლო ოქროს ჯვრის სასვენებელი, ოქროს ორკედი კიდობანი, შემკულია ძვირფასი თვლებით, ფირუზებით, საფირონებით, ამთვისტოებით. ბუდის ორივე მხარეს გამოსახულია ღვთისმშობელი, იოანე მახარობელი და ანგელოზები.

კიდობანს ამშვენებს 9 მედალიონი, ხუთ მედალიონში გამოსახულია წმინდანები, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ანტონი და იოანე მახარობელი, დანარჩენ მედალიონებში – წმინდა დიმიტრი, ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი. კიდობანი შემკულია ტიხრული მინანქრით.

თამარ მეფის ჯვარი განძეულობასთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილმა 1945 წელს საქართველოში დააბრუნა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close