ქართველები უცხოეთშისპორტი

10 ემიგრანტი ფეხბურთელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ითამაშებს – უპრეცედენტო შემთხვევა

ემიგრანტი ოჯახების წარმომადგენელი ფეხბურთელების საქართველოს ჩამოყვანა ადვილი არ არის. მათ გარკვეულ ნაწილს სამშობლოსთან ძლიერი სოციალური და ემოციური კავშირი არ გააჩნია

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდების შეკრებაზე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: U16 და U17 ნაკრებში გამოძახებული 10 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც ემიგრაციაში დაიბადნენ ან გაიზარდნენ. საქართველოს არცერთი ასაკობრივი ნაკრების ისტორიაში აქამდე ემიგრანტი ოჯახების წარმომადგენელი ამდენი ახალგაზრდა მოთამაშე შეკრებაზე არასდროს ყოფილა. 

U16 ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებული 8 ემიგრანტი ფეხბურთელი იყო: ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), ცოტნე ხორნაული (ლიერსი, ბელგია), ნინო გოცირიძე (ბურგ-ან-ბრეს პერონას, საფრანგეთი), გიორგი გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია), მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), ნიკა შათირიშვილი (კიოლნი, გერმანია), დავით ნიკაჭაძე (გეპ აკადემია, ინგლისი).

U17 ნაკრებში კი ორი ასეთი მოთამაშეა: გიგი გოგია (ფლიტვუდ თაუნი, ინგლისი) და თორნიკე მინდიაშვილი (ჰორტა, ესპანეთი). თითოეული მათგანი წარმატებული ევროპული საფეხბურთო ქვეყნების გუნდებში თამაშობს, რაც ცალკე აღნიშვნის საგანია.

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროსთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე შეხვედრა მოიგო. ამ თამაშებში მხოლოდ დავით ნიკაჭაძესა და ნიკა შათირიშვილს არ უთამაშიათ. გიორგი გონსალვეს ჩუბინიძემ გოლი გაიტანა, გიორგი ბედიანაშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა. ბუნებრივია, ყველა მათგანი პირველივე მატჩებში სუპერპროდუქტიული ვერ იქნება, რადგან ნაკრებთან, თანაგუნდელებთან, გარემოსთან შეჩვევა სჭირდებათ, თან ქართული გამართულად ბევრმა არ იცის. თუმცა, ტენდენცია აღსანიშნავია და ამ გზას ეროვნული გუნდისთვის, ბუნებრივია, სარგებლის მოტანა შეუძლია.

ჩამონათვალში აღვნიშნეთ, რომელ ქვეყნებში თამაშობენ ისინი: საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ფეხბურთის (და არა მხოლოდ ფეხბურთის) თანამედროვე მოთხოვნებს, წესებს, ფორმებსა და შინაარს ქმნის. ამ ფეხბურთელებს თანამედროვე, პროგრესული საფეხბურთო განათლების შედეგად მიღებული ცოდნა და ამ ცოდნაზე ჩამოყალიბებული ცნობიერება ნაკრებში მოაქვთ, გუნდისთვის მხოლოდ ეს კომპონენტიც ძალიან სასარგებლოა. პლუს, მწვრთნელებს უფრო ფართო არჩევანი აქვთ, რითაც ნაკრები გუნდების დამრიგებლები განებივრებულები არასდროს ყოფილან.

სხვა სახელმწიფოში დაბადების ან იქ დიდი პერიოდის გატარების შემდეგ მშობლიური ქვეყნის ნაკრებში თამაშის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. ბუნებრივია, აღნიშნული პრაქტიკა, ძირითადად, ისეთ ქვეყნებს ეხება, რომელთა დატოვებაც ოჯახებს დიდი სოციალური კატასტროფების ან რყევების შედეგად მოუხდათ. ეს ტენდენცია ყველაზე ნათელი ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებშია. სერბეთის ნაკრებში თამაში ნევენ სუბოტიჩმა, მარკო პანტელიჩმა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გადაწყვიტეს. ბოსნიის ეროვნული გუნდის მაისური ვედად იბიშევიჩმა, სენად ლულიჩმა, ასმირ ბეგოვიჩმა, სეად კოლაშინაცმა და მირალემ პიანიჩმა მოირგეს. ალბანეთის სახელით თამაშობენ: ტულანტ ჯაკა, არმანდო ბროია და ტომაშ სტრაკოშა. გამორჩეულმა ხორვატმა ფეხბურთელებმა, ივან რაკიტიჩმა და მატეო კოვაჩიჩმა მშობლიური ქვეყნის ნაკრები აირჩიეს.

უფრო მეტი მაგალითი აფრიკულ ქვეყნებშია. გამორჩეული ისტორია დიდიე დროგბას აქვს, რომელმაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა და კოტ დ’ივუარის ნაკრების მაისური მოირგო. ასეთი მაგალითები მეზობელი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებშიც გვხვდება. სომხეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი იურა მოვსისიანი აშშ-ში გაიზარდა და სამშობლოში საკლუბო დონეზე არასდროს უთამაშია.

მაგალითების მიუხედავად, ემიგრანტი ოჯახების წარმომადგენელი ფეხბურთელების საქართველოს ჩამოყვანა ადვილი არ არის. მათ გარკვეულ ნაწილს სამშობლოსთან ძლიერი სოციალური და ემოციური კავშირი არ გააჩნიალ, თუმცა არის განსხვავებული შემთხვევები და ამის ნათელი მაგალითები გიორგი მიქაუტაძე და გიორგი წიტაიშვილი არიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ.

უცხოეთში მცხოვრები მოთამაშეების საქართველოს ნაკრებ გუნდებში ჩამოყვანასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს ვესაუბრეთ.

რა არის მთავარი პრობლემა ემიგრანტ ფეხბურთელებთან და მათ ოჯახებთან მოლაპარაკების პროცესში?

ალექსანდრე იაშვილი: ერთი მთავარი პრობლემის გამოყოფა ძნელია. სამწუხაროდ, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გვქონდა მცდელობა, მაგრამ ფეხბურთელის ჩამოყვანა ვერ შევძელით. ასეთ დროს ჩვენ ვაგრძელებთ ფეხბურთელთან და მის ოჯახთან კომუნიკაციას და ეს პროცესი ხშირად ჩვენი საერთო მიზნის მიღწევით სრულდება ხოლმე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილს, კლუბისგან განსხვავებით, პირველ რიგში განსაზღვრავს ემოცია, ქვეყნის სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა, რასაც შენი სამშობლოს მიმართ განიცდი.

europop: რა პირობებს აყენებენ ემიგრანტი ოჯახები და ფეხბურთელები ფედერაციის ან ნაკრების მიმართ და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ემიგრანტი ფეხბურთელის ოჯახმა ფეხბურთელის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ თანხა მოითხოვა?

იაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახის პირობა ოდესმე გაჟღერებულა. ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისთვის მთავარია, რომ წარმომავლობით ქართველი ფეხბურთელი დავუბრუნოთ სამშობლოს და ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს. დანარჩენი სპორტული პროცესის ნაწილია. არასდროს გვქონია შემთხვევა, რომ ვინმეს თანხა მოეთხოვოს. ნაკრები არ შეიძლება უკავშირდებოდეს მატერიალურ მხარეს, რაც თავიდან აღვნიშნეთ – ეროვნული გუნდი ასოცირდება ქვეყნის სიყვარულთან და იმ განსაკუთრებულ ემოციასთან, რომელიც ფეხბურთელს ნაკრების მაისურის მორგებისას აქვს.

europop: რა სარგებელს მისცემს საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა ქვეყანაში აღზრდილი ფეხბურთელების დამატება?

იაშვილი: ახლო წარსულიდან, ეროვნული გუნდის დონეზე – ვალერიან გვილიას, გიორგი წიტაიშვილის და გიორგი მიქაუტაძის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ გააძლიერეს ამ მოთამაშეებმა ნაკრები. განსხვავებულ საფეხბურთო კულტურაში გაზრდილ ფეხბურთელს გუნდში შემოაქვს სხვა მენტალიტეტი, საქმისადმი სხვანაირი დამოკიდებულება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნაკრების განვითარებაზე პოზიტიურად მოქმედებს.

ზემოთ ხსენებული გვარების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვქონდა პრეცედენტები, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ჩამოვიყვანეთ, თუმცა მუშაობა და დაკვირვება არ წყდება დაბალ ასაკებშიც. მაგალითად, ოქტომბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 16 და 17-წლამდე ვაჟთა ეროვნულ გუნდებში, ჯამში 10 ფეხბურთელი გვყავდა უცხოეთიდან გამოძახებული, რაც უპრეცედენტო ციფრია. სექტემბერში, ახალგაზრდულ ნაკრებში საბა საზანოვი გამოვიძახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე საბაც ჩვენ სანაკრებო რეალობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

სკაუტინგი არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ჩვენთან არ არის სათანადო დონეზე განვითარებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ნაკრების კუთხით ეს პროცესი მაქსიმალურად გავაძლიეროთ. მიზნად იმას ვისახავთ, რომ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების სახელით შეუძლიათ თამაში – არცერთი არ გამოგვეპაროს და მათზე დაკვირვება და მონიტორინგი მუდმივი პროცესის ნაწილი გახდეს.

europop.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close