81-ე „ოხი“ საბერძნეთში – რას ზეიმობენ ბერძნები 28 ოქტომბერს (ვიდეო)
ათენში სტუდენტური პარადი გაიმართა, თესალონიკში - სამხედრო
დღეს ათენის ცენტრში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რათა თვალი ედევნებინა ტრადიციული სტუდენტური პარადისთვის, რომელიც „ოხის“ დღესასწაულის პატივსაცემად გაიმართა.
საზეიმო მსვლელობაში ათენის 235-ვე სკოლა (134 დაწყებითი, 50 საშუალო და 51 ზოგადი და სპეციალური განათლების სასწავლებელი) მონაწილეობდა და ყველა სკოლის მოსწავლეებს თავ-თავისი მედროშე მიუძღოდა წინ. პარადში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ქვეყნის პოლიტიკური და სახელმწიფო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც, მათ შორის, განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრი ნიკი კერამეოსი, ატიკის რეგიონის გუბერნატორი გიორგოს პატულისი და ათენის მერი კოსტას ბაკოიანისი.
თესალონიკში კი „ოხის“ დღესასწაულის აღსანიშნავად სამხედრო პარადი გაიმართა.
„ოხის“ დღე საბერძნეთსა და კვიპროსზე (ბერძ. Επέτειος του «’Οχι») სახელმწიფო დღესასწაულია, რომელსაც 1942 წლიდან, ყოველი წლის 28 ოქტომბერს ზეიმობენ 1940 წლის მოვლენების აღსანიშნავად. ბერძნული სიტყვა «όχι» ქართულად ნიშნავს „არა“.
1940 წლის 28 ოქტომბერს, დილის 4:00 საათზე საბერძნეთში იტალიის ელჩი ემანუელე გრაცი პრემიერ-მინისტრ იოანის მეტაქსასის კაბინეტში შევიდა და მუსოლინის დეპეშა გადასცა, რომელშიც „დუჩე“ საბერძნეთს ულტიმატუმს უყენებდა, ყოველგვარი პირობის გარეშე დაეთმო ეროვნული პოზიციები და შეეშვა ქვეყნის ტერიტორიაზე იტალიის ჯარი, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებს (აეროპორტები, პორტები და ა. შ.) დაიკავებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია საბერძნეთს ომს გამოუცხადებდა. ბერძენი პრემიერ-მინისტრის პასუხი კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანი იყო: „არა!“ (ბერძნულად ჟღერს, როგორც „ოხი“). დილით საბერძნეთის მოსახლეობა პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად გამოვიდა ქუჩაში და სკანდირებდა: „ოხი!“ დილის 5:30 საათზე, იტალიის პარლამენტის სანქციის შემდეგ, იტალიის შეიარაღებულმა ძალებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა დაიწყეს.
ასე აღმოჩნდა საბერძნეთი ჩართული მეორე მსოფლიო ომში. 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალიის ჯარები საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე ოკუპირებული ალბანეთიდან შეიჭრნენ. ბერძნები ქვეყნის ყველა კუთხიდან მიდიოდნენ ფრონტის ხაზზე, ბერძნულმა არმიამ მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავა და შეტევა მოიგერია, ხოლო 14 ნოემბერს კონტრშეტევაზე გადავიდა.
5 თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას ბერძნული არმია ძალებით ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ომში ყოველთვის როდი იმარჯვებს ძალა, რიცხოვნობა, ტექნიკა, არამედ, აგრეთვე, სახალხო სულისკვეთებაა საჭირო. საბერძნეთის არმიამ არა მარტო შეძლო იტალიის სამხედრო შემოტევის შეჩერება, არამედ მოწინააღმდეგის ჯარები ადრიატიკის ზღვაში გაყარა.
დიქტატორი მუსოლინი იძულებული გახდა, დახმარება მოკავშირეებისთვის ეთხოვა. 1941 წლის 6 აპრილს საბერძნეთში ნაცისტური გერმანიის ჯარები შეიჭრნენ უკვე ოკუპირებული ბულგარეთიდან. მოწინააღმდეგეთა ერთობლივი ძალისხმევით, 23 აპრილს საბერძნეთის არმია დამარცხდა. 1941 წლის 27 აპრილს ფაშისტებმა ათენი დაიკავეს.
ბერძნული არმიის გადარჩენილი ნაწილები ინგლისელებთან ერთად ცივილიზაციის აკვანს – კუნძულ კრეტას იცავდნენ, თუმცა გერმანიის საჰაერო-სადესანტო ოპერაციის შედეგად 1941 წლის 20 მაისს მათ კუნძულის დატოვება მოუწიათ. საბერძნეთი მთლიანად ოკუპირებული აღმოჩნდა, თუმცა ბერძნული არმიის გადარჩენილი ნაწილები განაგრძობდნენ ნაცისტებთნ ბრძოლას ჩრდილოეთ აფრიკაში, ხოლო 1942 წლის ნოემბრიდან მთელ საბერძნეთს მოედო პარტიზანული მოძრაობა.
1944 წლის ოქტომბერში ფაშისტურმა ჯარებმა საბერძნეთი დატოვეს, რადგან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შესულ საბჭოთა ჯარებს მათი ბლოკირება შეეძლოთ. ათენში დაბრუნდა საბერძნეთის განდევნილი მთავრობა და მასთან ერთად საბერძნეთში ინგლისური სამხედრო ნაწილები შევიდნენ.
„ოხისთან“ დაკავშირებით ბევრ ისტორიკოსს აქვს მოსაზრება, რომ ფაქტი ერთგვარად დამახინჯებულია: მათი მტკიცებით, რეალურად, იოანის მეტაქსასმა მუსოლინის დეპეშის გაცნობის შემდეგ თქვა ფრანგული ფრაზა: „Alors, c’est la guerre“ („ეს ომია“). ამ მოსაზრებას ამყარებს იტალიის ელჩის, ემანუელე გრაცის მიერ 1945 წელს გამოცემული მემუარები, სადაც გრაცი იხსენებს, როგორ გადასცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმი:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მაქვს დავალება, გადმოგცეთ ეს ცნობა“, – და გადავეცი მას დოკუმენტი. მე ვხედავდი მის მღელვარებას მისი ხელების და თვალების მიხედვით. მეტაქსასმა თვალი გამისწორა და მტკიცე ხმით მითხრა: „ეს ომია“. მე ვუპასუხე, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. მან მითხრა: „დიახ“. მე დავუმატე: „თუ გენერალი პაპაგოსი…“, მაგრამ მეტაქსასმა შემაწყვეტინა და მიპასუხა: „არა“. მე წავედი, უდიდესი აღტაცებით აღსავსე ამ მოხუცის მიმართ, რომელმაც დანებებას მსხვერპლი ამჯობინა“.
ნინო ლურსმანაშვილი
სამხედრო აღლუმი თესალონიკში, 2022 წლის 28 ოქტომბერი
კომენტარები