ქართველები უცხოეთში

„ოჯახი, სადაც ეს ქართველი ქალბატონი მოხვდა, აღმოჩნდა ჯოჯოხეთი… ოჯახის დიასახლისი ფიზიკურად შეეხო… სარდაფში ჩაკეტეს“ – კიდევ ერთი გაფრთხილება ემიგრანტებს

ბელგიაში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ ანა ბალამწარაშვილს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველის დაცვა მოუწია. ის კიდევ ერთხელ აფრთხილებს ემიგრანტობის მსურველებს, რომ ბოლომდე გაარკვიონ, სად და რისთვის მიდიან და შემზარავ ისტორიას ჰყვება, რომელიც სამუშაოდ ჩასულ ქართველ ქალს შეემთხვა.

„საშინელი საღამო იყო, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ბელგიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველის დაცვა მომიხდებოდა, საქმე შემდეგშია: თურქეთიდან, ეგრეთ წოდებულმა დამსაქმებელმა, ბელგიაში „სამუშაოდ“ გამოუშვა ქართველი ქალბატონი, უთხრა, რომ ოჯახი, რომელშიც იცხოვრებდა, მოაგვარებდა მისთვის ბელგიაში მუდმივი ცხოვრების საბუთის გაკეთებას, მოკლედ, უზრუნველყოფდა ყველაფრით, დაზღვევა კი გაუკეთა მხოლოდ ერთი კვირის (სავარაუდოდ ყალბი), თან თურმე სტამბოლიდან ბელგიამდე მისი ჩამოყვანა 3000 ევრო დაუჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმაა ამ დროს  – ოჯახი (თურქების, მე როგორც მივხვდი, მეუღლე ჰოლანდიელი თურქია), სადაც ეს ქალბატონი მოხვდა, აღმოჩნდა ჯოჯოხეთი ბელგიაში. დღეს საღამოს მეგობართან საუბრისას ამ ქალბატონს თავზე დააცხრა ოჯახის დიასახლისი და ფიზიკურად შეეხო. ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, როცა მიხვდა, რომ იწერდა, მეორე მოსაუბრე სულ გადაირია და ტელეფონი წაართვეს, შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, სარდაფში ჩაკეტეს.

ამ შუალედში მოასწრო ამ ქალბატონმა და მეგობარს შველა სთხოვა, მან კი მე დამირეკა, ვაცნობეთ პოლიციას, სასწრაფოდ მივიდნენ იმ ოჯახში და გამოიყვანეს ეს ქალბატონი ოჯახიდან, მადლობა ბელგიელ პოლიციელებს, ზედ გადაჰყვნენ, რომ იტყვიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ვიდეოს გარდა არაფერი გვაქვს ხელთ, რითაც დადასტურდება ტრეფიკინგი. პოლიციის მისვლის შემდეგ პასპორტი დაუბრუნეს და აქეთ დაადეს ვალი ამ საცოდავ ქალს.

მესმის, რომ სიდუხჭირე ძალზედ ცუდი მრჩეველია, მაგრამ იქნებ ბოლომდე გაარკვიოთ, სად და რისთვის მიდიხართ. კარგი, ამ ადამიანმა გამოასწრო დღეს და გადაურჩა უბედურებას, სხვა გადაურჩება თუ არა, არ ვიცი. მარტო ღმერთმა იცის, რა გადავიტანე ამ საღამოს, მადლობა ჩემს შვილს, ელენეს, რომ შეძრა დიდი და პატარა. ფრთხილად იყავით, რისკი ყოველთვის გამართლებული არაა!“ – წერს სოციალურ ქსელში ანა ბალამწარაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close