მსოფლიოპოლიტიკა

ვერ ირკინისლედა – ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გადადგა

„ვაღიარებ, რომ სიტუაციის გათვალისწინებით, ვერ შევძლებ კონსერვატიული პარტიის მიერ ჩემთვის დაკისრებული მანდატის შესრულებას“

ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერ-მინისტრის (მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ), ლიზ ტრასის უფლებამოსილება ამ პოსტზე დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე  ხანმოკლე გამოდგა – დანიშვნიდან (6 სექტემბერი) 45 დღის შემდეგ მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

47 წლის ელიზაბეთ ტრასმა თავისი ხანმოკლე მმართველობით მოხსნა ჯორჯ კანინგის მიერ დამყარებული რეკორდი, რომელიც პრემიერ-მინისტრი 119 დღის განმავლობაში იყო, გარდაცვალებამდე (1827 წლის 8 მარტი).

7 კვირა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ტრასის პოლიტიკას გაემწვავებინა და გაეღრმავებინა ის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების შემდეგ დაიწყო.

პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება ლიზ ტრასმა დღეს, 20 ოქტომბერს გააკეთა. მას წინ უძღოდა გააფთრებული კამათი თემთა პალატაში გუშინ საღამოს.

პრემიერის თქმით, უკვე ჩააყენა საქმის კურსში მეფე ჩარლზ მესამე.

„[პრემიერის] თანამდებობა დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის პერიოდში დავიკავე. ოჯახები და კომპანიები წუხდნენ იმაზე, როგორ გაესტუმრებინათ ხარჯები, – განაცხადა ლიზ ტრასმა თავისი გადადგომის შესახებ საუბრისას. – … ვაღიარებ, რომ სიტუაციის გათვალისწინებით, ვერ შევძლებ კონსერვატიული პარტიის მიერ ჩემთვის დაკისრებული მანდატის შესრულებას“.

უფრო ადრე პრემიერ-მინისტრი კრიტიკის ნამდვილ ქარ-ცეცხლში მოყვა მისი საგადასახადო ინიციატივების გამო, იძულებული გახდა, თანამდებობიდან გაეშვა ფინანსთა მინისტრი კვაზი კვარტენგი და უარი ეთქვა მის თითქმის ყველა გეგმაზე.

კონსერვატორების პოპულარობა ბოლო კვირებში რეკორდულად დაბალ ნიშნულებამდე დაეცა ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევების მთელი ისტორიის მანძილზე.

ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება მანამ, სანამ კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს. მისივე განცხადებით, კონსერვატორები ერთი კვირის განმავლობაში (28 ოქტომბრამდე) ჩაატარებენ ახალი ლიდერის არჩევნებს, რომელიც ავტომატურად გახდება მთავრობის ხელმძღვანელი. სპეციალისტების თქმით, ახალმა ლიდერმა უნდა შეძლოს პარტიის გაერთიანება, რაც ადვილი არ იქნება. „დეილი ტელეგრაფის“ ვერსიით, ყველაზე მაღალი შანსი (62%) ყოფილ ფინანსთა მინისტრს რიში სუნაკს აქვს, შემდეგ მოდის თემთა პალატის ლიდერი პენი მორდონტი (33%). გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი – ჯერემი ჰანტი, რომელიც წინა კვირაში ფინანსთა მინისტრი გახდა, არ იბრძოლებს პრემიერის პოსტისთვის. ეს ინფორმაცია, რომელიც „დეილი ტელეგრაფს“ ფინანსთა მინისტრის გარემოცვიდან მიაწოდეს, გამოცემას ჰანტის წარმომადგენელმაც დაუდასტურა.

სამაგიეროდ პოსტზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს ბორის ჯონსონი, თუმცა „დეილი ტელეგრაფი“ მის შანსებს 5,3%-ად აფასებს.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი საყოველთაო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, მმართველ პარტიას აღარ აქვს უფლება, მთავრობის მეთაურად მოიყვანოს ახალი პრემიერები შიდაპარტიული კენჭისყრების გზით. სწორედ ასე იყო არჩეული ბოლო სამი პრემიერ-მინისტრი – ტერეზა მეი, ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი.

საარჩევნო კანონით, დიდ ბრიტანეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს.

ნიკო აბაშიშვილი

„ახალი რკინის ლედი“? – ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close