საბერძნეთი: მოქალაქეებს აუცრელობის გამო გადახდილ ჯარიმას – 300 ევროს უკან დაუბრუნებენ, თუ…
საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა 7 ოქტომბერს, პარასკევს განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებული აუცრელი მოქალაქეებისთვის გაუქმდება ჯარიმები 300 ევროს ოდენობით, თუ მათ მოგვიანებით მაინც გაიკეთეს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა.
ტელეარხ АНТ1-ის ეთერში მინისტრმა თქვა, რომ „იმ 300 ათას მოქალაქეს, რომლებმაც ჯარიმა გადაიხადეს და მოგვიანებით აცრა გაიკეთეს, ფული უკან დაუბრუნდებათ“. მისივე თქმით, შესაბამისი დადგენილება მომავალ კვირაში იქნება მიღებული.
კორონავირუსის გავრცელების პიკის დროს, გასულ ზამთარში ჯანდაცვის სამინისტრომ თვეში 100 ევრო ჯარიმა დააკისრა 60 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს, რომელსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო საბაზო აცრა არ ჰქონდა ჩატარებული.
ჯარიმა დაწესდა იანვრის მეორე ნახევრიდან და იანვარში გამოვიდა 50 ევრო, მთელი თებერვალი და მარტი – 200 ევრო, აპრილის შუა რიცხვებამდე – 50 ევრო, ჯამში სულ – 300 ევრო. სამინისტრომ ჯარიმები 2022 წლის 16 აპრილიდან გააუქმა და, როგორც ჩანს, მეტად აღარ შემოიღებს, თუმცა მათ, ვისაც 60 წელი უკვე შეუსრულდა და ჯერაც აუცრელია, მაინც დაერიცხებათ ჯარიმა 300 ევროს ოდენობით საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე. სამინისტრო დაიმუქრა კიდეც, რომ ასეთ ადამიანებს აქტივებს (ანგარიშზე თანხას ან ქონებას) დაუყადაღებს, თუ ჯარიმას არ გადაიხდიან.
ტანოს პლევრისმა აღნიშნა, რომ „საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ია“ და „არსებობს ინტერესი განახლებული ვაქცინების მიმართ“.
რაც შეეხება აუცრელი მედმუშაკების სამსახურში დაბრუნების საკითხს, მინისტრმა თქვა, რომ განიხილება მათი სამუშაოზე დაბრუნება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის ორგანოები უახლოესი კვირების ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს გააანალიზებენ.
„აუცრელი მედმუშაკების ადგილი არ არის ჯანდაცვის სისტემაში, იმიტომ რომ ისინი მეცნიერებას არ ენდობიან“, – მაინც „არ დაინდო“ ისინი პლევრისმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის აღრიცხულია 2100 აუცრელი სამედიცინო მუშაკი, რომელთაგან 200 ექიმია, დანარჩენი, ძირითადად, ადმინისტრაციის თანამშრომლები და დამხმარე პერსონალი.
გასული წლის სექტემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით 7000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ჩამოაშორეს სამუშაოს ანაზღაურების შენარჩუნების გარეშე, რადგანაც მათ აცრაზე უარი განაცხადეს. დროთა განმავლობაში მათგან რამდენიმე ათასმა გადაწყვეტილება შეცვალა და აიცრა, შესაბამისად, სამუშაოსაც დაუბრუნდა. თავის მხრივ, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებიდან 7000 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებამ ჯანდაცვის სისტემას დიდი დატვირთვა შეუქმნა, რამაც პრობლემები გამოიწვია და პაციენტთა მოლოდინის დრო გაზარდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები