მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინა ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს აკეთებს, პუტინი უკრაინის ახლად ანექსირებული ტერიტორიების „ყველა არსებული საშუალებით“ დაცვით იმუქრება

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით შესვლაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მანამდე პრესკონფერენცია დააანონსა 30 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, თუმცა თემა არ დაუკონკრეტებია. 

„ფაქტობრივად, ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა ნატოსკენ. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავადასტურეთ შესაბამისობა ალიანსის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთქმედების ყველა ასპექტში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი განაცხადს ხელს აწერს მოსკოვის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების ანექსიის ფონზე: დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები (ამ ორი უკანასკნელის საზღვრები პესკოვმა დღეს ვერ დააკონკრეტა) რუსეთმა თავის შემადგენლობაში დღეს შეიყვანა – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი დღეს, 30 სექტემბერს მოაწერეს კრემლში.

მანამდე, 29 სექტემბერს პუტინმა დადგენილება გამოსცა რუსეთის მიერ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია მკაცრად დაგმო ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს, უარყოს რუსეთის მიერ ანექსიის უკანონო მცდელობები და გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, აშშ კიდევ 12 მილიარდს გამოუყოფს უკრაინას თავდასაცავად – დადგენილების პროექტი სენატში დამტკიცებას ელოდება. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო რუსეთს ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა ახალი სანქციები დაუწესეს.

ზელენსკის, რა თქმა უნდა, ესმის, რომ ნატოში ოფიციალურად მიღების გადაწყვეტილებას დრო და კონსენსუსი სჭირდება ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს შორის, ამიტომ მანამ, სანამ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, პრეზიდენტი სთავაზობს ალიანსს, ხელი მოაწერონ კოლექტიურ შეთანხმებას კიევის უსაფრთხოების შესახებ. შეთანხმების პროექტი ცოტა ხნის წინათ წარადგინა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

ნატო თუ ამ განაცხადს მიიღებს, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავდასხმა ნატოზე თავდასხმად იქნება განხილული, ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად კოლექტიური თავდაცვის შესახებ.  რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის მიერთების შემდეგ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის უკვე რუსეთის ნაწილია, ნებისმიერ ფასად (მათ შორის, ბირთვული იარაღითაც) დაიცავს. შესაბამისად, უკრაინის თავდასხმას რუსეთის მიერ მისთვის წართმეულ (იმედია დროებით) ტერიტორიებზე რუსეთი განიხილავს, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს თავდასხმას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი ოფიციალურად მიმდინარე წლის 28 თებერვალს გააკეთა, რუსეთის შეჭრიდან მე-5 დღეს. 23 ივნისს კი უკრაინას (და მოლდოვას) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, წლის ბოლომდე აუცილებლად შესასრულებელი პირობებით.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close