იტალიაპოლიტიკა

ულტრამემარჯვენე „იტალიის ძმების“ ტრიუმფი იტალიის საპარლამენტი არჩევნებში – შეიცვლება თუ არა ქვეყნის კურსი?

მემარჯვენეთა კოალიცია მთავრობის სათავეში მოდის - გაუჩნდება თუ არა ბზარი ევროპის ერთიანობას?

პარტია „იტალიის ძმებმა“ (Fratelli d’Italia, FDL), რომელსაც 2018 წლის არჩევნებში მოსახლეობის მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, 25 სექტემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 26,2% ხმა მოიპოვა (უბნების 98%-ის დათვლის შედეგებით); მემარჯვენე კოალიციის კიდევ ორ პარტიას – მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგას“ და სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალიას“, შესაბამისად, 8,9 და 8,3 პროცენტი აქვთ, რაც „ლიგისთვის“ ნამდვილი კრახია. სავარაუდოა, რომ სალვინის ამომრჩეველმა მელონისკენ გადაინაცვლა.

მემარჯვენეებს პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში არანაკლებ 114 ადგილი აქვთ გარანტირებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად, სხვა პარტიების ხმების გარეშე შეეძლებათ. რაც შეეხება დეპუტატთა პალატას, ისინი დაახლოებით 44%-მდე აგროვებენ.

შეგახსენებთ, რომ DFL („იტალიის ძმები“) 2012 წელს დაარსდა და მის სათავეში პოლიტიკოსი ქალი – 45 წლის ჯორჯა მელონია. ეს პარტია, მოგეხსენებათ, იყო ერთადერთი დიდი მოთამაშე იტალიის პოლიტიკურ არენაზე, რომელიც მარიო დრაგის პრემიერ-მინისტრობისას ფართო სამთავრობო კოალიციაში არ შევიდა.

არჩევნების წინასწარი შედეგებით მეორე ადგილზეა ლიბერალური დემოკრატიული პარტია ენრიკო ლეტას მეთაურობით, რომელსაც 19% აქვს, ხოლო მესამეზე – „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ყოფილი პრემიერის, ჯუზეპე კონტეს მეთაურობით, 15,4%-ით, რაც ნამდვილად კარგი შედეგია ამ პარტიისთვის. მას ყველაზე მეტი მხარდაჭერა კამპანიის რეგიონმა გამოუცხადა (40,4%).

ასე რომ, იტალიის პოსტფაშისტურ ისტორიაში  პირველად ხდება, რომ ულტრამემარჯვენეები მთავრობაში მოდიან.

რა ხვდებათ მათ? – ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიისა და უკრაინაში ომის შედეგების გამო, უზარმაზარი ვალით, გაზრდილი უმუშევრობით, დაბერებული მოსახლეობით, რომლის ცხოვრების დონის აღდგენის პერსპექტივები საეჭვოა რეკორდული ინფლაციისა და კარზე მომდგარ ზამთარში რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ბლოკადის მუქარის პირობებში.

ერთი რამ ცხადია: მემარჯვენეები ქვეყნის კურსს შეცვლიან, თუმცა უფრო კონკრეტულად – როგორი იქნება დამოკიდებულება ომსა და რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით და გაუჩნდება თუ არა ბზარი ევროპის ერთიანობას, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით – ამას მომავალი გვიჩვენებს. ახლა იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში მთავრობის ფორმირება და პრემიერ-მინისტრის დანიშვნაა, რასაც ჯორჯა მელონის უწინასწარმეტყველებენ. ასეთ შემთხვევაში იტალიას თავის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი ეყოლება.

ნინო ხოშტარია

La Repubblica-ს გრაფიკა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close