დღის თემაისტორიასაზოგადოება

„უდრეკ იყო დედოფალი“ – ქეთევანობას გილოცავთ!

26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრანბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

ირანში მძევლად მყოფ ქეთევან დედოფალს შაჰ-აბას I-მა იმამყული-ხან უნდილაძის პირით შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა და მას ცოლად გაჰყვებოდა, შეიწყნარებდა, თუ არადა, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა უარი განაცხადა, რის გამოც, შაჰ-აბასის ბრძანებით, იგი უსასტიკესად აწამეს შირაზში 1624 წლის 26 სექტემბერს (ძვ. სტ. – 13 სექტემბერს), თუმცა დედოფალმა ქრისტიანობა მაინც არ უარყო.

როდესაც ჯალათები სახლში მიადგნენ, ქეთევანს მოუთხოვია დრო, რათა საკუთარ სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ იგი გაიყვანეს შირაზის მოედანზე, გააშიშვლეს და ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც დედოფალი დაეცა, იგი შვილდის საბლით დაახრჩვეს.

წამებას შეესწრნენ კათოლიკური ორდენის წარმომადგენლები, ავგუსტინელები, მათ შორის, პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა.

დასჯიდან რამდენიმე თვეში ამბროზიო დუშ ანჟუშმა ქეთევან დედოფლის საფლავი აღმოაჩინა. მისი თქმით, „როგორც კი ქეთევან დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს დაეფლათ მინდორში, სადაც უკვე ამოთხრილი ჰქონდათ ღრმა ორმო. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ… დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში…“

ამბროზიო დუშ ანჟუშის მეოხებით, დედოფლის ცხედარი ჩუმად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. შემდეგ კი მისი წმინდა ნაწილები გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა – ქალაქი-ნავსადგური ინდოეთში, რომელიც 1510 წელს პორტუგალიელებმა დაიპყრეს; გოა იყო აღმოსავლეთში ავგუსტინელ მისიონერთა მოღვაწეობის ძირითადი ადგილი) გადაასვენეს. დედოფლის წმინდა ნაწილები, ასევე, მოხვდა ვატიკანსა და ბელგიაშიც.

1628 წლის თებერვალში ამბროზიო დუშ ანჟუში საქართველოში ჩამოვიდა. მან თან ჩამოიტანა დედოფლის წმინდა ნაწილები – თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე, „წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი“. დედოფლის ვაჟის – თეიმურაზ I-ის ბრძანებით, ქეთევანის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა – არსებული ცნობებით, თეიმურაზ I-ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I-ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: „Да послал я к тебе часть мощей матери моей от ноги великого перста“. უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი.

ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები შემოესივნენ.

დედოფლის წმინდა ნაწილები გოას წმინდა ავგუსტინეს მონასტრის გარდა ევროპაშიც აღმოჩნდა – ვატიკანში, საფრანგეთსა და ბელგიაში.

გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიწისძვრის შედეგად განადგურდა და წმინდა დედოფლის საფლავი დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა. ქეთევანის წმინდა ნაწილებს 2006 წელს ინდოელმა არქეოლოგებმა მონასტრის ადგილას ჩატარებული გათხრების შედეგად მიაკვლიეს, რაც დნმ-ის ანალიზით დადასტურდა.

ინდოეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და დედოფლის წმინდა ნაწილები 2017 წლის 23 სექტემბერს დროებით, ექვსი თვით ჩამოიტანეს საქართველოში, შემდეგ კი ინდოეთის რესპუბლიკამ საქართველოს დედოფლის ნეშტის ნაწილი საჩუქრად გადმოსცა. წმინდა ნაწილები საქართველოში თავად ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა  2021 წლის 9 ივლისს. უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. 

პოეტმა ანა კალანდაძე შაჰ-აბასის მიერ ნაწამებ ქეთევან დედოფალს ლექსი მიუძღვნა.

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის ქონდაქარი…
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი…
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი…
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა…
ლოცულობდა…
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი…
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი…
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარცულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

nostal.ge ყველა ქეთევანს ულოცავს მათი სახელობის დღეს! დაე, გფარავდეთ დიდმოწამე ქეთევანი თქვენც და მთელ საქართველოს!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close