მედიცინამსოფლიო

იცით თუ არა, როგორ მოქმედებს კაცზე ქალის ცრემლების არომატი? – რა შეუძლია სუნს

ერთმანეთის დაყნოსვა ცხოველების თვისებაა. მაგალითად, ისინი ამ გზით ხვდებიან, არის თუ არა პარტნიორი შეჯვარებისთვის მზად. რა თქმა უნდა, ადამიანებში ყველაფერი განსხვავებულადაა. 

სხეულის სუნისა და ადამიანის ქცევის საკითხების ურთიერთმიმართების შესწავლაში განსაკუთრებული როლი ანატომისტმა და ანთროპოლოგმა პოლ ბროკამ შეასრულა. მან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ადამიანებს განუვითარებელი ყნოსვა მიაწერა, რაც მაშინ კომპლიმენტად ითვლებოდა: ბოლოს და ბოლოს, ვისაც აქვს ინტელექტი და თავისუფალი ნება, სუნის სახით ინფორმაციის წყარო სავსებით არ სჭირდება!

ყნოსვის შესახებ კვლევებს დღეისათვის ჯერ კიდევ მოკრძალებული ნიში უჭირავს, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენ არა მხოლოდ მუდმივად ვყნოსავთ საკუთარ თავსა და სხვებს, არამედ ის, რასაც ცხვირით ვგრძნობთ, ჩვენს ქცევაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. ამიტომაც პოლ ბროკას რჩევებს რომც მივყვეთ და ყნოსვა უგულებელვყოთ, ის მაინც გვაკონტროლებს.

რა შეუძლია სუნს?

სწორედ ამიტომ დრეზდენის უნივერსიტეტის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატიკის კლინიკისა და პოლიკლინიკის მკვლევარი ლაურა შეფერი სუნებით არის დაინტერესებული. „ყნოსვა ადამიანის აღქმის სისტემის უძველესი გრძნობაა და პირდაპირ კავშირშია ლიმბურ სისტემასთან. სწორედ ეს არის ტვინის ის არეალი, სადაც ემოციები მუშავდება“, – განმარტავს მეცნიერი. შესაბამისად, ის, რასაც ვყნოსავთ, ჩვენს ემოციებზე პირდაპირ მოქმედებს. სწორედ ამ გზით სუნი გვეხმარება, საკუთარი გრძნობები და ქცევები ვაკონტროლოთ.

ისრაელელმა ნეირობიოლოგმა ნოამ სობელმა თავის კვლევაში აღწერა, რომ ქალის ცრემლების სუნი კაცში ტესტოსტერონის დონის დაცემას იწვევს, რასაც მათი უმეტესობის სექსუალური აღგზნებადობის შემცირება მოჰყვება. ცრემლები შეიცავს ქიმიურ სიგნალს, რომელიც ადამიანზე მოქმედებს და მას ქვეცნობიერად სწორედ ყნოსვით აღვიქვამთ. ანალოგიურად – გაუცნობიერებლად, სხვა ადამიანების სხეულის სუნის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ შიში, აგრესია, სტრესი და ბედნიერება. პარტნიორის არჩევაც სწორედ ცხვირის მეშვეობით ხდება და მეგობრობაც იწყება არა ღიმილით, არამედ – სხეულის სუნით.

მართალია თუ არა, რომ ახლო მეგობრებს ერთნაირი სუნი აქვთ?

ნოამ სობელის კოლეგამ, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ინბალ რავრებიმ ამ თემაზე ახლახან კვლევა გამოაქვეყნა. „ცნობილია, რომ მეგობრები ხშირად ერთმანეთს ბევრ ასპექტში  ჰგვანან – როგორც ხასიათით, ხშირად – გენეტიკურადაც. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, ვართ თუ არა ჩვენ მიდრეკილნი, დავმეგობრდეთ სწორედ იმ ადამიანებთან, რომელთა სხეულის სუნიც ჩვენსას ჰგავს“, – ამბობს ის.

მეცნიერებმა შეისწავლეს იმ ადამიანების სხეულის სუნი, რომლებიც მეგობრები იყვნენ და დაადგინეს, რომ ახლო მეგობრებს ერთნაირი არომატი აქვთ. შემდეგ მკვლევრებმა ისიც თქვეს, რომ სხეულის სუნი მეგობრების შერჩევაში უმნიშვნელო როლს ასრულებს. მათ ამ მიმართულებით კვლევა გააგრძელეს და სხვადასხვა ცდისპირის სხეულის სუნის გაანალიზებით შეეცადნენ დაედგინათ, თუ როგორ და რატომ წარმოიშობა ადამიანებს შორის „ქიმია“.

ამის დასადგენად მეცნიერებმა ე.წ. „თამაში სარკეში“ გამოიყენეს. ამ ექსპერიმენტში ორი ადამიანი ერთმანეთის საპირისპიროდ  დგას და ცდილობს ხელების მოძრაობების სარკისებურად განმეორებას, მაგრამ საუბრის უფლება არ აქვთ. რაც უფრო უკეთ ესმით ცდისპირებს ერთმანეთის, მათ შორის „ქიმიაც“ მეტია და, შესაბამისად, მათი მოძრაობები სულ უფრო ჰარმონიული ხდება.

„პროგნოზი სწორი აღმოჩნდა 71%-ის შემთხვევაში“, – აჯამებს რავრები. სხეულის სუნის ამ დონის გავლენამ თავად მკვლევარიც კი გააკვირვა. სხვათა შორის, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები ერთნაირ საპონს ან სუნამოს იყენებენ თუ არა. რავრების განმარტებით, ეს ყველაფერი სხეულის სუნზე გავლენას ახდენს, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, თითის ანაბეჭდის მსგავსად, უნიკალური სუნი  აქვს. „სინამდვილეში ჩვენ მოგვწონს შამპუნის ან სუნამოს სურნელი, როდესაც ის ჩვენი სხეულის სუნის კომპონენტებს უსვამს ხაზს“, – ამბობს მეცნიერი.

აძლიერებს თუ არა ბავშვის სუნი დედასთან კავშირს?

ფსიქოლოგმა ლაურა შეფერმა მშობლებსა და შვილებს შორის ჩატარებული კვლევის ფარგლებში შეისწავლა მიჯაჭვულობის ეფექტი, რომელსაც სხეულის სუნი ქმნის. ბევრი ახალდაბადებული ცხოველის მსგავსად, ყნოსვის გრძნობა ჩვილებში ყველაზე განვითარებული შეგრძნებაა. ისინი დედებს ყნოსვით ცნობენ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მის ნათლად დანახვას შეძლებენ.

შეფერის თეორიის მიხედვით, დედასა და შვილს შორის ურთიერთობა ძლიერდება იმით, რომ მშობელს შვილის სუნის შეგრძნება ძალიან სიამოვნებს. ამიტომაც მან შეისწავლა, შეუძლიათ თუ არა დედებს საკუთარი და სხვისი შვილების სუნების გარჩევა, მოსწონთ თუ არა მათ ის და იცვლება თუ არა ეს შეგრძნება ბავშვის ცხოვრების განმავლობაში.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით ცხრა წლამდე დედები სხვა ბავშვებისგან შემდგარ ჯგუფებში საკუთარ შვილს ზუსტად ამოიცნობენ, თუმცა სქესობრივი მომწიფების დაწყებისა და ტესტოსტერონის დონის მატებასთან ერთად, ვაჟების დედებს თავიანთი შვილების ყნოსვით ამოცნობა სულ უფრო უჭირთ და არც მათი სუნი უყვართ დიდად. დედებისა და მათი ვაჟების დასამშვიდებლად, შეფერი აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება და ბიჭების საბოლოო ჩამოყალიბების ეტაპს არ სცილდება.

სუნის დროებითი მიუღებლობის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს ჰორმონები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორთქლდებიან, ეს კი სრულიად უარყოფს თავიდანვე ნაცნობ და გენეტიკურად ახლოს მყოფ ნოტს, თუმცა მეცნიერი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი კვლევის შედეგები დისკუსიისთვის ადგილს ტოვებს და ამ მიმართულებთ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. იმასთან შედარებით, რაც მეცნიერებამ სხვა შეგრძნებების შესახებ  იცის, ყნოსვის კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას: როდესაც საქმე სუნების გავლენას  ეხება, პოლ ბროკას ვარაუდის საწინააღმდეგოდ, ადამიანი ცხოველისგან არც ისე შორს დგას.

Deutsche Welle

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close