ხელოვნებაკულტურა

აბსურდის პრობლემა ეგზისტენციალიზმში

ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება საინტერესო ადამიანთათვის. ადამიანი ადამიანისთვის?! ადამიანი ნეშომპალაა ადამიანისთვის, როგორც „მატლი მეფისათვის“. მიუღწევლის რაობაა, „უცხო ხილი“, სანამ მიწას მოსწყვეტ. მარტივია ადამიანი გაგების დონემდე, არ არსებობს შეუცნობელი მისთვის, მისი რეპტილიური ტვინისათვის. სწორედ აქედან იწყება „ლოდი“, რომლის ზიდვისკენ მიისწრაფვის იგი. ადამიანს როგორც შიში თან სდევს ცხოვრების მანძილზე, ისევე მეტ-ნაკლებად სიამოვნებასაც იღებს ცხოვრებისგან, თუნდაც ამ შიშით, რომელიც მას უამრავ რამეს ასწავლის.

ადამიანის ეგზისტენცია ყოველთვის ინდივიდუალურია, შესაბამისად, აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახე. ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავის თავში ჩაკეტილ, იზოლირებულ, ინდივიდუალურ არსებად. პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია, როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თავისი არსებით დაკავშირებულია გარე სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან.

ეგზისტენცია ყოველთვის ადამიანის შინაგანი ფენომენების აღმოჩენით არის დაკავებული. ცალკეული ინდივიდი აქ უკვე ცალკეულ ეგზისტენციას ქმნის. ეგზისტენციალისტების აზრით, რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში. ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.

ამ შემთხვევაში ადამიანი ღრმად უფიქრდება საკუთარი ყოფიერების საწყისს-სუბსტანციას, სამყაროს საწყისს. ადამიანი რაც უფრო ღრმად უფიქრდება, მით უფრო სწყდება რეალობას და სასოწარკვეთილებაში ვარდება.

ხსნა არსით არის, მაშინ რა უნდა იღონოს ადამიანმა, სანამ გარკვეულ ცნობიერების საზღვრებს გასცდება და „ირეალობაში“ იმოგზაურებს? – მახსენდება ცნობილი დანიელი ფილოსოფოსი სორენ კირგეგორი, რომლის აზრითაც, ფილოსოფია ღრმად უნდა ჩაუღრმავდეს პიროვნების ონტოლოგიურ საწყისებს. მისი მიხედვით, შეუძლებელია ლოგიკური აზროვნებით ამ საწყისების ძიება, რადგან ასეთ მსჯელობას პარადოქსამდე მივყავართ და აუხსნელი რჩება ადამიანის არსება. მისი აზრით, ადამიანი სასოწარკვეთის მომენტში უნდა დაემყაროს ღმერთის რწმენას, მხოლოდ რწმენას შეუძლია იხსნას ადამიანი აუხსნელი პრობლემებისაგან. და, როგორ გვესმის ღმერთის გაგება? უპირველესი სუბსტანცია, რომლის მიღმაც არ უნდა „გავიმღეროთ“? თუ ღმერთი, როგორც ჩვენი გადარჩენის საგანი? ღმერთი თავისი ეტიმოლოგიური გაგებით ხომ ჩვენ ვართ? გაუგებრად ჟღერს, ხომ? ამიტომ არის ადამიანი საინტერესო ადამიანისთვის, ის გაღმა ვერ წავა, ჩვენ გვჭირდება თავშესაფარი, თუმცა მოსაწყენი გახდა ის, რომ ჩვენი ინტერესები თუ სურვილები სხვას ჰგავს და არ არის სახელობითი… შიში არის ადამიანური ყოფიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზისტენცია, მის გარეშე არავითარი გადაწყვეტილების მიღება არ არსებობს, ის მუდამ თან სდევს ადამიანურ ცხოვრებას. ადამიანისთვის როგორც შიშია უმაღლესი სუბსტანცია, ასევე ის შეიძლება ცხოვრების საზრისის დაკარგვის ერთგვარი მანიფესტი იყოს.

არ შეიძლება სიცოცხლის აბსურდულობა ვახსენოთ და არ გაგვახსენდეს ალბერ კამიუ. ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ებრძოდა. ებრძოდა არა შიშით, არამედ შიშთან ბრძოლით. აბსურდულობის, საკუთარი წარმავლობის შეგრძნებით იწყება ჭეშმარიტი არსებობა: „არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე“. გაურკვეველი სამყაროს წინაშე ადამიანის შიშს მაშინვე ეღება ბოლო, როცა იგი არჩევანს აკეთებს და ამით საკუთარ მომავალს თვითონვე საზღვრავს. შიში რომ არა, ადამიანი წამითაც კი ვერ იქნება ბედნიერი, დაემსგავსება ბრბოს და ჩავარდება ისტერიაში… თუმცა ბრძოლით ახერხებს გადარჩენას. კამიუსთან, თანამედროვეობისადმი მიმართების თვალსაზრისით, ბოდლერისეული დენდიზმი შეცვლილია ამბოხით. კამიუს ამბოხი მიმართულია არა სამყაროსადმი, რომელსაც იგი ანტიკური ავტორების მსგავსად ეთაყვანება, არამედ ცხოვრებისადმი, რომელიც „უნდა შეიცვალოს“. იგი გამორიცხავს იმქვეყნიური ცხოვრების რწმენას, რომელიც ამქვეყნად ადამიანის მოღვაწეობას ინიციატივას ართმევს, თუმცა ამბოხი კამიუს გადააქვს ესთეტიკის სფეროში და შემოქმედებას, კერძოდ, მწერლობას აკისრებს ცხოვრების გარდაქმნის ფუნქციას.

კამიუს „სიზიფეს მითში“ არაჩვეულებრივად აქვს გადმოცემული და დანახული ცხოვრების აბსურდულობა. მწერლისათვის საერთოდ არ არსებობს ცოდვის, დანაშაულისა და მონანიების საკითხი, უფრო მეტიც, იგი არ ცნობს ადამიანის დანაშაულს; პირიქით, მისი აზრით, ადამიანს კი არ მიუძღვის ცოდვა ღმერთის წინაშე, არამედ ღმერთია თვითონ დამნაშავე ადამიანის წინაშე, რადგან მან გასწირა იგი სასიკვდილოდ და სატანჯველად. რასაკვირველია, კამიუს მსოფლაღქმა ტრაგიკულია და ამის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ პესიმისტურს მას ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი გმირი ბოლომდე იბრძვის და უსიტყვოდ არ ემორჩილება ბედისწერას. რაც მთავარია, იგი მეამბოხე, მაძიებელი, მუდმივად შემართულია; თვითონაც და მისი გმირებიც ცხოვრობენ არა შიშით, არამედ შიშთან ბრძოლით.

ადრე თუ გვიან ადამიანს მაინც უწევს, საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა: „არის თუ არა იმის აუცილებლობა, რომ გადალახოს ცხოვრებისეული სიძნელეები და გააგრძელოს ცხოვრება. თუ უფრო იოლი იქნებოდა, ზურგი აქციოს ყველაფერს და თავი მოიკლას, იმის მაგივრად, რომ სამარის კარამდე ზიდოს მძიმე ტვირთი?“ ამ პრობლემის წამოჭრისას კამიუ მივიდა დასკვნამდე: თვითმკვლელობა როგორც ფიზიკური, ისე „მეტაფიზიკური“ „აბსურდის ადამიანის“ უღირსი გამოსავალია, ხოლო „აბსურდს“ აქვს აზრი იმდენად, რამდენადაც ის თავისთავად უარყოფაა. სამყარო – ადამიანი – აბსურდი – ამ სამეულის დაშლა შეუძლებელია, რადგან ერთის გამოკლებით იგი მთლიანად უქმდება.

პასუხის ძიებაში გამომცდელი გონება ყველა ხერხს მიმართავს, რათა ამოწუროს კითხვა „რატომ“, მაგრამ სურვილი – ნათელი მოეფინოს ყველაფერს, ეჯახება სინამდვილეს – ამაზე დაუსრულებლად იმსჯელო = კამიუსთვის „რატომ“ მთავარი არ არის, ეს არის „მორალისტის“ ლოგიკა – „ყველაფერი ან არაფერი“.

სიზიფეს უნდა აეტანა მთაზე ლოდი, მაგრამ ყოველთვის, როცა მწვერვალს აღწევდა, ლოდი ისევ ძირს ეშვებოდა და ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. ქვემოთ დაშვებისას სიზიფე ბოლომდე აცნობიერებდა თავისი ხვედრის უსამართლობას და ეს უკვე მისი გამარჯვება იყო.

აბსურდის გააზრებით ადამიანი ხშირად ტრაგიზმამდე მიდის და ყოველივე იმ წვრილმანს იხსენებს, რომელიც მას სასოწარკვეთილებაში აგდებს.

და თუ ოდესმე საკუთარი თავი შეგეცოდება სიღატაკის, ფიზიკური ნაკლის, განათლების უკმარისობის, წარუმატებლობის ან სხვა მიზეზის გამო, გაიხსენე ვიქტორ ფრანკლის ისტორია.

ეს იყო ავსტრიელი ებრაელი, სახელოვანი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც II მსოფლიო ომამდე 30 ათასზე მეტ თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. ამ კაცმა საკონცენტრაციო ბანაკებში არაადამიანური 3 წელი გაატარა.

ჰკითხე შენს თავს – განა ოდესმე ვყოფილვარ განწირული მონური შრომისთვის? განა ოდესმე წაურთმევიათ ჩემთვის ადამიანური არსებობის აზრი? განა შეუქმნიათ გარემო, სადაც ჩემს ყოფას მიზანი აღარ ექნებოდა?.. გადამიტანია წამება და უვარგისობის მტანჯველი განცდა დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე?.. განა ყოფილხართ შეზღუდული სივრცესა და არსებობაში, დაკავებული ყოვლად უშინაარსო საქმით? წარმოიდგინეთ, რომ საკონცენტრაციო ბანაკიდან სამუშაოდ ღამეულად გამოჰყავხართ.

თუნდაც კითხვების ნაწილზე მაინც დადებითი პასუხი გქონდეთ, ისიც გახსოვდეთ, რომ ვიქტორ ფრანკლმა საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყო და საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა გაიკეთა: კიდევ უფრო გაითქვა სახელი, როგორც ფსიქოანალიტიკოსმა და გახდა 32-ზე მეტი წიგნის ავტორი.

გაუსაძლის პირობებში ფსიქოლოგიური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, პირველ რიგში, საჭიროა გქონდეს მიზანი. ფრანკლის მიზანი იყო სხვა პატიმრების გადარჩენა თვითმკვლელობისგან. იმ გაუსაძლის პირობებში ბევრი კარგავდა სულიერ სიმტკიცეს, ვიქტორ ფრანკლი კი ეხმარებოდა, დაენახათ თავიანთი ამქვეყნიური საჭიროება და ცხოვრება გაეგრძელებინათ თუნდაც საყვარელი ადამიანების გამო. გარდა ამისა, განევითარებინათ რეალობის ადეკვატური აზროვნება – გამოერკვიათ, თუ რას მოელოდა გარემო მისგან და შესაბამისად მოქცეულიყვნენ.

ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არგაკეთებაც არჩევანია. „არსებობა წინ უსწრებს არსს“. ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემდეგ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ განსაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში, თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ეს გახლავთ სარტრისეული ფილოსოფია. სარტრის ფილოსოფიის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების საკითხი. მისი აზრით, ადამიანი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან თავისუფალია. სწორედ თავისუფლება ადამიანისთვის ისეთი რამ არის, რომელიც მისგან მოითხოვს ყველაფერზე, ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას. სარტრის მიხედვით, არ არსებობს არავითარი ობიექტური და საყოველთაო ღირებულებები, არამედ ყველა ღირებულებას თვითონ ქმნის ადამიანი.

ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში უწევს საკუთარი თავიდან გასვლა და გარკვეული საზღვრების გარღვევა, რადგანაც ცოდნის მიღება საკუთარი საზღვრებიდან გასვლით თუ შეიძლება. ადამიანს ჰყოფნის ძალისხმევა ამ საზღვრების გასარღვევად, მხოლოდ უკან როგორი ბრუნდება, ეგ ნამდვილად საკითხავია. ცოდნის მიღება ერთია, რეალიზება კი – მეორე. ადამიანის არსებობის ონტოლოგიური საფუძველია ადამიანის დაუსრულებლობა, დროულობა… მარტინ ჰაიდეგერი ამ დროს განიხილავდა, როგორც ყოფიერების ყველაზე არსებით ნიშანს. მისი აზრით, მთავარია გზის ერთიანობა, გზაზე სვლა… ფილოსოფოსობა არის ძიება, გზაზე ყოფნა. ინდივიდმა უნდა შეძლოს პირველიდან მეორემდე ამაღლება. საამისო იმანენტური ძალა მასშივეა: მარტოობისა და სიჩუმის დროს სინდისის უხმო ძახილი სწორედ ამას მოუწოდებს პიროვნებას.

ჰაიდეგერის მოძღვრების სახელმძღვანელო აზრია ონტოლოგიური პრობლემა – ყოფიერების საზრისის გარკვევა. ჰაიდეგერის აზრით, ტრადიციულ ონტოლოგიას ეს პრობლემა არ ესმოდა. მისი შეხედულებით, ყოფიერების საზრისის გაგების ჰორიზონტია ეგზისტენციალური დრო – დროულობა, როგორც ნამყო-აწმყოობადი მომავალი. მას ეფუძნება ადამიანის ზრუნვითი ცხოვრება, მისი ისტორიულობა და ისტორია, საერთოდ, სამყარო-დრო, როგორც „ვულგარული“ დრო. დროულობის ტრანსცენდენტური სტრუქტურა არის ეგზისტენცის ყოფნის „ზრუნვის“ ონტოლოგიური საზრისი. ამგვარად, ჰაიდეგერის აზრით, ყოფიერების ნამდვილი საზრისის გარკვევის მისია უნდა შეასრულოს „ფუნდამენტურმა ონტოლოგიამ“, ე. ი. ადამიანის ყოფნის ეგზისტენციალურ-ფენომენოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობილმა ტრანსცენდენტურმა ონტოლოგიამ.

ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელი ფაქტორი თავად ადამიანია. შეუცნობელი ყოველთვის ბადებს კითხვებს, იწვევს ეჭვებს. სწორედაც რომ ეს ეჭვები იწვევს ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის სურვილს. ადამიანში არის ის უხილავი ძალა, რომელიც მას უბიძგებს გარკვეული ამოუცნობი აზროვნებისკენ. ხშირად ისინი ფიქრობენ, თუ რატომ არსებობენ, მაგრამ დაფიქრდებიან თუ არა, იმწამსვე სასოწარკვეთილნი უკან იხევენ, რადგან ამ კითხვებზე ჩაწვდომა იგივე აბსოლუტური თვითშემეცნების სარკეში ჩახედვაა, რომლის შემდეგაც ადამიანი მითიური ბაზილიკივით იშლება, როგორც იუსტინიანე იტყოდა.

აბსურდის თემა მეტად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ზოგიერთისთვის ეს უაზრო დანამატია, რადგან მათ ეს არ სჭირდებათ და არც კი დაფიქრებულან, თუ რა იწვევს იმის განცდას, რომ ადამიანის სული ქაოსურ რადიუსში ექცევა, რომლიდანაც გამოსვლა მხოლოდ იმ კითხვებზე პასუხს შეუძლია, რომლებიც ადამიანთა გონისთვის შეუცნობელი ანდა მიუწვდომელია. კითხვები, რომლებიც ადამიანში ცხოველ ინტერესს იწვევს. ადამიანს აფიქრებს საკუთარ სულიერ ყოფიერებაზე, თუ რატომ არსებობს ან რას წარმოადგენს მისი არსებობის აზრი. ადამიანები, რომლებიც მოცემულ კითხვებს უგულებელყოფენ, ავტომატურად ივიწყებენ თავიანთ სუბსტანციას.

საინტერესოა, თუ რატომ არქმევენ სულიერად შეშლილ ადამიანებს „გიჟებს“, იქნებ სულიერად შეშლილები სწორედ იმის გამო გახდნენ, რომ მათ იმ სარკეში ჩაიხედეს, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ რისთვის არსებობენ?! შეგახსენებთ, რომ ეს ის სარკეა, რომელიც ადამიანს მითიური ბაზილიკივით შლის და ანგრევს. მაშინ, როცა ადამიანის ცნობიერება გარკვეულ ჩარჩოში ექცევა და ფუნდამენტური კითხვები აწუხებს, ძნელია გააანალიზოს იმის შედეგი, თუ რა მოჰყვება ამ ყოველივეს. ადამიანი კარგავს ზეგრძნობადობას და დამოკიდებული ხდება გარე სამყაროზე. კარგავს არსებობის შეგრძნებას, ექცევა მისთვის აბსურდულ კედლებში, სადაც არაფერი ესმის, გარდა სულის გაგიჟებული ჟამთასვლისა, რომელიც მოცემული ჩარჩოების გარღვევას ცდილობს. მაგრამ იმ აბსურდულ სამყაროში, რომელშიც არავინ და არაფერი არ არსებობს, ანუ ყველაფერს აზრი ეკარგება, უაზრობაა რაიმე ჩარჩოს გარღვევა, ეს იგივეა, რაც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა. როგორც ფედერიკ პერლსი იტყოდა: აქ და ახლას არ გააჩნია პრობლემები. თქვენ თვითონ შექმნით ამისგან დიდ პრობლემას, თუ დაივიწყებთ, რომ ახლა აქ ხართ. ახლა აქ ხართ? – არა. თქვენ თქვენს კომპიუტერში ხართ. ეჭვი მეპარება, საერთოდ თუ სუნთქავთ, ან მხედავთ, ან აანალიზებთ თქვენს პოზას (მდგომარეობას). თქვენი არსებობა თქვენი ფიქრების კორიანტელშია, მის გარშემო ტრიალებს.

შესაძლებელია ეს ყოველივე ყველა ჩვენგანს დამართვია ან დაემართოს. ძნელია გრძნობების გაკონტროლება, უფრო ძნელი კი – აზროვნებისა. გარკვეულ იმპულსებზე დაყრდნობით წარმოგვიჩნდება საკუთარი თავის უკიდურესი ვარიანტი. ეს იგივეა, რაც ალბათ ფსიქიკური ავტომატიზმი, რომელსაც მწერლებიც ხშირად მიმართავენ, თუმცა კი ეს ყოველივე თავისით ხდება და ჩვენ არ გვემორჩილება. ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმის იქით გზა არ არის. ყოველ ადამიანს თავისებური შეცნობის საზღვარი აქვს და ყოველივე თავისებურად ქმნის მას.

ჩვენ ვერ „ავაყვავებთ გვამებს“, როგორც ელიოტის „უნაყოფო მიწაშია“, არ შეგვწევს ამის ძალა, მხოლოდ ვიბრძოლებთ და შემდეგ ის თავისით აყვავდება…

ნინო გორგასლიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close