მსოფლიოპოლიტიკა

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს, რომ ელიზაბეთ II დედოფალი ყოფილიყო?

დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრს ეჭვი ეპარებოდა მომავალ მონარქზე და თავის აზრს უყოყმანოდ გამოხატავდა.

როდესაც ელისაბედი 1952 წელს ბრიტანეთის ტახტზე ავიდა, ახალგაზრდა ქალი არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. 25 წლის ელიზაბეთი, ორი შვილის დედა (იმ დროს ის და პრინცი ფილიპი პრინც ჩარლზს და პრინცესა ანას ზრდიდნენ) ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების ახალ რიტმს უნდა შეჰგუებოდა და, რაც მთავარია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მას აქვს საკმარისი გამოცდილება და სიბრძნე, რათა სახე არ დაკარგოს და ღირსეულად შეასრულოს მისია.

დიდი ხანი არ არის, რაც ეს ამბავი სერიალ The Crown-ის მე-3 სეზონში აისახა. ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ უინსტონ ჩერჩილი მომავალ დედოფალს არ აფასებდა.

ფილმში „ელიზაბეთ I და ელიზაბეთ II: დიდი ბრიტანეთის ოქროს დედოფლები“ პროფესორი ქეით უილიამსი აღნიშნავს: „როდესაც უინსტონ ჩერჩილი დაფიქრდა იმაზე, რომ მას საქმე ელიზაბეთ II-სთან ექნებოდა, წამოიძახა: „მაგრამ ის, უბრალოდ, ბავშვია!“ ელიზაბეთი 25 წლის იყო და ორი პატარა ბავშვი ჰყავდა, მაგრამ მისთვის (ჩერჩილისთვის) ჯერ კიდევ ბავშვი იყო. იმიტომ, რომ ქალია“.

თავის მხრივ, ისტორიკოსი ტრეის ბორმანი იმავე დოკუმენტურ ფილმში ადასტურებს: ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ დედოფალი იყო „გულუბრყვილო“ და „არაფერი იცოდა ქვეყნის მართვის შესახებ“.

ელიზაბეთი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მამამისი – მეფე ჯორჯ VI გარდაიცვალა ორმოცდაათი წლის ასაკში  ფილტვის კიბოთი (გვირგვინი კი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა). დაბადებისას იგი მესამე იყო გვირგვინის მემკვიდრეობის რიგში ბიძის, ედუარდისა და მამის შემდეგ და თავდაპირველად მონარქობის რეალურ კანდიდატად არ აღიქმებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ედუარდ VIII-ს ჯერ კიდევ ეყოლებოდა შვილები და ისინი იქნებოდნენ მემკვიდრეები, მაგრამ ედუარდმა არათუ  შთამომავლობა არ დატოვა, არამედ ტახტზეც უარი თქვა. მაშინ მმართველობა მისი უმცროსი ძმის ხაზით გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეთი მომავალ დედოფლად არ აღიზარდა და ტრადიციული არისტოკრატი ოჯახების გოგონებისთვის განკუთვნილი განათლება სახლში მიიღო, იგი მზად იყო იმ გამოწვევებისთვის, რაც ბედმა არგუნა. ისტორიკოსი რობერტ ლეისი აღნიშნავს: „შეგნებულად თუ შეუგნებლად, მან გააცოცხლა ელიზაბეთ I-ის მმართველობის მეთოდები. ახლა ეს აშკარად ჩანს“.

ელიზაბეთ II ევროპელ მონარქებს შორის ტახტზე ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა და ყველაზე ხანდაზმული იყო მსოფლიოს ყველა ამჟამინდელ მონარქს შორის.

გარდაცვლილი დედოფლის ცხედარი 11 სექტემბერს შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენეს ბალმორალის ციხესიმაგრიდან, რომელიც მისი საზაფხულო რეზიდენცია იყო. ელიზაბეთ მე-2-ს გარდაცვალებიდან მე-11 დღეს – 19 სექტემბერს დაკრძალავენ. მანამდე ქვეყანაში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. გამოსათხოვარი ცერემონია და ღვთისმსახურება ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ცერემონია ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. შემდეგ კი სამგლოვიარო პროცესია ლონდონიდან უინძორის სასახლეში გაემართება. დედოფალს უინძორის სასახლეში დაკრძალავენ, მეფე გეორგ მე-6-ის სამლოცველოში, თავისი ქმრის – პრინც ფილიპის გვერდით. სერ უინსტონ ჩერჩილის გარდაცვალების (1965 წ.) შემდეგ დიდ ბრიტანეთში პირველად იმართება დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close