მედიის ინფორმაციით, NETFLIX-ი ნონა გაფრინდაშვილისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა – დავა კომპანიასთან მორიგებით დასრულდა
ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო
მედიამაგნატ Netflix-თან ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო დავა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმში „ლაზიერის გამბიტი“ ცილი დასწამეს, მორიგებით დასრულდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Netflix-მა ნონა გაფრინდაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 5 მილიონი დოლარის გადახდაზე დათანხმდა, თუმცა ამ ინფორმაციას ადვოკატები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
„Netflix-თან მორიგებით ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ახლა 81 წლისაა, და მისი იურისტები კმაყოფილი არიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მორიგების მოლაპარაკებების ინიციატივა წამოვიდა სააპელაციო სასამართლოდან. შეთანხმების დეტალები არის მკაცრად კონფიდენციალური. ეს არის მიღებული პრაქტიკა მოცემულ ვითარებაში. ეს შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში. ის ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. ძალიან ბევრი ანალოგიური ან მსგავსი დავა აქვს Netflix-ს, თუმცა ძალიან ცოტა მთავრდება მორიგებით. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა კომპანია „ბიელბის“ მმართველმა პარტნიორმა, ადვოკატმა კახა შარაბიძემ.
ამასთან, კახა შარაბიძის თქმით, „ფილმში არაფერი არ იცვლება, რჩება როგორც არის, თუმცა პატივისა და ღირსების შემლახველი გარემოების აღმოფხვრა განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებით“.
„ბიელბის“ უფროსი პარტნიორის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, მედიაცია არაერთი თვე მიმდინარეობდა და მისი პირობები მკაცრად გასაიდუმლოებულია, ყველა პირობა დახურულია.
„კლიენტი კმაყოფილია. სერიალში გავიდა არასწორი ინფორმაცია, რომ ისაა რუსი და მამაკაცებთან არ უთამაშია. ეს იყო არასწორი ინფორმაცია, სრულიად მსოფლიო პრესა აშუქებს, რომ ქართველი ლეგენდაა და კაცებთან უთამაშია. ეს მიზანი მიღწეულია, სრულიად მსოფლიო პრესა წერს. ამ საქმით ამერიკის მართლმსაჯულებაში დიდი კვალი დავტოვეთ, იმდენად პრეცედენტული რამ ითქვა“, – განაცხდა მაია მწარიაშვილმა.
თავდაპირველად Netflix-ი სარჩელის უარყოფას შეეცადა და ამტკიცებდა, რომ შოუს შემქმნელებს პირველი შესწორების მიხედვით ფართო ლიცენზია ჰქონდათ, თუმცა 2022 წლის იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ ეს არგუმენტი უარყო და დაადგინა, რომ „იმუნიტეტი არ არის სარჩელისგან, თუკი სერიალი რეალურ ფაქტებს არღვევს“.
მართალია, Netflix-მა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამშაბათს, 6 სექტემბერს საქმე დაიხურა.
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ კალიფორნიის სასამართლოს გასული წლის სექტემბერში მიმართა. საჩივარი „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. გაფრინდაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცის წინააღმდეგ. სინამდვილეში 1968 წლისთვის ანუ იმ დროისთვის, როცა სერიალის სიუჟეტი ვითარდება, ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის პარტიები 59 კონკურენტ მამაკაცთან ჰქონდა ნათამაშები.
ქართველი მოჭადრაკე ამტკიცებდა, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა. გაფრინდაშვილი Netflix-ისგან კომპენსაციის სახით $5 მილიონს ითხოვდა.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები