არჩევნების წინა რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება, – ამის იმედი აქვს იტალიის მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერს ენრიკო ლეტას. „წინ კიდევ 3 კვირაა, 40%-ს ჯერ ვერ გაურკვევია, ვის მიემხრობა, ახალგაზრდობასაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია… ჯერ ყველაფერი წინაა“, – განაცხადა ენრიკო ლეტამ მარინოს სასახლის დატოვებისას, სადაც იგი მილანის მერს, ჯუზეპე სალას შეხვდა.
ამ განცხადებით მან უპასუხა „ლიგის“ ლიდერს, მატეო სალვინის, რომელმაც თქვა, რომ „მემარჯვენეები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ და დემოკრატიულმა პარტიამ იცის, რომ დამარცხდება“.
ენრიკო ლეტა იმედოვნებს, რომ სოციოლოგების მიერ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დაფიქსირებული დიდი სხვაობა მემარჯვენეებისა და მემარცხენე ლიბერალების რეიტინგებს შორის შესაძლოა შეიცვალოს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც ამას ჯერჯერობით არ აპირებენ (ქვეყნის მოსახლეობის დაახლ. 40%), აგრეთვე, ახალგაზრდობა, რომლებიც უპირატესობას ლიბერალებს ანიჭებენ, მათივე მონაცემებით.
„ისევე, როგორც ბევრ წინა არჩევნებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, – დასძინა ლეტამ, – ბოლო კვირები გადამწყვეტია, რატომაც მინდა დავიწყო მილანიდან ისეთი დადებითი გამოცდილების პარალელურად, როგორიც სალას აქვს“.
„მონაცემები, რომელთა თანახმადაც, შესაძლოა „იტალიის ძმები“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ძლიერ ვნებათაღელვას იწვევს. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია, ჩვენ ბრძოლა გვჭირდება, მაგრამ მონაცემები ამბობენ იმას, რასაც ამბობენ“, – განაცხადა, თავის მხრივ, ჯორჯა მელონიმ კალიარიში კარმინეს მოედანზე გამოსვლისას.
იტალიაში ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. სოციოლოგების ვარაუდით, გამარჯვებას მემარჯვენე პარტიები მოიპოვებენ – ჯორჯა მელონის „იტალიის ძმები“, მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“, ხოლო პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გახდება (ამ შემთხვევაში იტალიას ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება). სავარაუდოა, რომ მემარჯვენე პარტიები მთლიანობაში ხმების 50%-ს აიღებენ, მემარცხენე ლიბერალური პარტიები კი – დაახლოებით 30%-ს.
ამასთან, სპეციალისტები დარწმუნებულები არ არიან, რომ არჩევნების შემდეგ მემარჯვენეები შეძლებენ გაერთიანებას და განსაკუთრებით კი – კონსენსუსის მიღწევას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში იტალიაში შესაძლოა ისევ ტექნიკური ან ახალი ფართო კოალიციური მთავრობა შეიქმნას, პრემიერ-მინისტრად კი უპარტიო კომპრომისული კანდიდატი ვიხილოთ, როგორც ეს იყო ჯუზეპე კონტეს შემთხვევაში 2018 წელს, ან მარიო დრაგის შემთხვევაში 2021 წელს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები