მერაბ დვალიშვილი, რომელიც ემიგრაციაში შვიდი წელი მშენებლობებზე მუშაობდა, უკვე UFC-ის რეიტინგის სამეულშია (ვიდეო)
სოლტ ლეიკ სიტიში (აშშ) გამართული ტურნირის – UFC 278-ის შემდეგ UFC-მ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში დაწინაურდა მერაბ დვალიშვილი, რომელიც სამეულში მოხვდა.
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, 31 წლის მერაბ დვალიშვილმა 36 წლის ბრაზილიელი, ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა 3-რაუნდიან ბრძოლაში.
ამ მოგებით დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად სუპერმსუბუქ დივიზიონში მე-3 პოზიციას იკავებს, რაც ქართველ მებრძოლებში ისტორიული შედეგია. რაც შეეხება მერაბთან დამარცხებულ ჟოზე ალდოს, მან მესამიდან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბი ქართული ჩოხით გამოცხადდა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და უკრაინაში გაჩაღებულ ომზე ილაპარაკა.
მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს რუკის ფორმის გულსაკიდი აჩვენა და ყველას შეახსენა, რომ მისი სამშობლოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„ეს დამოუკიდებელი საქართველოს რუკაა. როცა მე დავიბადე, რუსეთმა ეს ნაწილი დაიპყრო (აფხაზეთი), 2008-ში კი – ეს ტერიტორია (სამაჩაბლო). მინდა, ხმამაღლა ვთქვა – რუსეთი ოკუპანტია! რუსეთს ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთი ამავეს აკეთებს ახლა უკრაინაში. იღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ სიგიჟის შეჩერება“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ამავე თემაზე: MMA-ს ქართველმა ჩემპიონმა ემიგრაციაში შვიდი წელი მშენებლობებზე იმუშავა
28 წლის დვალიშვილის ანგარიშზე 14 ბრძოლიდან 10 გამარჯვებაა!
კომენტარები