ხევსურების წერილი ამერიკის პრეზიდენტს – წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა
1936 წლის 13 იანვარს, დილით სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცს ტყავის ჩექმებში ჩატანებული კუბოკრული შარვალი და ბეწვის ქურქი ეცვა. ცალ მხარზე ზურგჩანთა გადაეკიდებინა, მეორეზე თხილამურები გაედო. უცნობმა ადგილობრივ სკოლას მიაშურა, სადაც რამდენიმე მოწაფე და მასწავლებელი დახვდა. სტუმარი მათ რუსულ ენაზე მიესალმა და ამერიკელ ჟურნალისტად, რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.
მაკგრეგორმა ბარგი ბარისახოს დასასვენებელ სახლში დააბინავა და სოფლის საფიხვნოზე შეკრებილ მამაკაცებს შეუერთდა. ამერიკელის განსაკუთრებულ ინტერესს მახლობლად მდებარე ლიქოკის ხეობა იწვევდა.
13 იანვრის ღამეს ლიქოკელები ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ. სალოცავთან შეკრებილმა 50-მდე ადამიანმა მაკგრეგორი ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღო. ამერიკელმა გვარიანად მოილხინა. პრობლემა მხოლოდ მაშინ შეექმნა, როცა თავისი ფოტოაპარატით სალოცავის გადაღება ისურვა. რამდენიმე ხევსურს ეჭვი გაუჩნდა, რომ სტუმარი ხელისუფლების მიერ მიგზავნილი კაცი იყო, რომელიც სალოცავში არსებული საკულტო ნივთების აღრიცხვას აწარმოებდა. მაკგრეგორს გადაღების უფლება არ მისცეს, სამაგიეროდ, როცა სასმელი მოეკიდათ, გული გაუხსნეს და საბჭოთა ხელისუფლებისადმი სიძულვილის შესახებ გაანდვეს.
მაკგრეგორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა – ამერიკის მთავრობა თქვენ მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.
სტუმარი ერთი კვირის მანძილზე მოსმენილს უბის წიგნაკში იწერდა და ხევსურებს აიმედებდა, რომ კომუნისტების აღსასრული მალე დადგებოდა. მერე თბილისში გაემგზავრა, შემდეგ თვეებში კი ხევსურეთში კიდევ რამდენჯერმე ავიდა.
1936 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეექვსე განყოფილებაში, რომელსაც კაპიტანი ალექსანდრე ქვლივიძე ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის მორიგი საქმე აღიძრა.
ჩეკისტებმა გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც შესაძლო ამბოხის შემთხვევაში მთიელებს უხელმძღვანელებდა. ამ ჯგუფს ამერიკელი ჟურნალისტის თარჯიმანი, 60 წლის ღერენა ლიქოკელი მეთაურობდა.
ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური წევრი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო.
1936 წლის 23 ივნისს ღერენა ლიქოკელი, ორ ნათესავ კაცთან ერთად, თბილისში სოლოლაკში, ამერიკელი ჟურნალისტის ნაქირავებ ბინაში მივიდა. მაკგრეგორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. წერილი იმავე დღეს ამერიკელის ბინაში დაიწერა.
1936 წლის 1-ელ ოქტომბერს ღერენა ორ შეთქმულთან ერთად კვლავ თბილისში ჩავიდა, მაკგრეგორის საცხოვრებელს მიადგა. კარი არავინ გააღო. მოულოდნელად კომუნალური ბინის მეზობელი ოთახებიდან შეიარაღებული ჩეკისტები გამოცვივდნენ და ხევსურები შეიპყრეს. იზოლატორში 14 ხევსური აღმოჩნდა. არც ერთი მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა. მათი ბედი დღემდე უცნობია.
ხესურების წერილი:
„ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია, იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი”.
ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.
კომენტარები