როდესაც თავი გტკივათ, ალბათ ტკივილგამაყუჩებელს სვამთ; როგორც ჩანს, მცენარეებიც დაახლოებით ასე იქცევიან: როდესაც გარშემო არსებულ საფრთხეთა გამო სტრესის ქვეშ არიან, მცენარეებს საკუთარი ასპირინის გამომუშავება შეუძლიათ.
ახალ კვლევაში მეცნიერები მცენარეებში ამ განსაკუთრებულ თავდაცვის მექანიზმს დეტალურად დააკვირდნენ; სურდათ გაერკვიათ, როგორ რეგულირდება ასპირინის აქტიური მეტაბოლიტის – სალიცილის მჟავას წარმოება.
სალიცილის მჟავას ადამიანები უკვე საუკუნეებია ხმარობენ ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ. მცენარეებში კი ის ფუნდამენტურ როლს ასრულებს სიგნალიზებაში, რეგულირებასა და პათოგენებისგან თავდაცვაში.
ის ქლოროპლასტებში (ციცქნა მწვანე ორგანელები, რომლებშიც ფოტოსინთეზის პროცესი მიმდინარეობს) გამომუშავდება, ძირითადად, სტრესის საპასუხოდ.
„თითქოს მცენარეები ტკივილგამაყუჩებელს იყენებენ ტკივილის წინააღმდეგ, ზუსტად ჩვენ მსგავსად“, – ამბობს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგი ვილჰელმინა ფონ დე ვენი.
რეაქციათა იმ კომპლექსური ჯაჭვის უკეთ შესასწავლად, რომლებსაც მცენარეები სტრესის ქვეშ ასრულებენ, ფონ დე ვენმა და მისმა ჯგუფმა ბიოქიმიური ანალიზები ჩაატარა მცენარეებზე, რომლებსაც მუტაციები ჰქონდათ განცდილი სტრესის მთავარი სასიგნალო გზების ეფექტების დასაბლოკად.
გარემოდან მიღებული სტრესი ყველა ცოცხალ ორგანიზმში წარმოქმნის ჟანგბადის აქტიურ ფორმებს (ROS). ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც შეიძლება კარგად იცოდეთ, არის კანის მზისგან დამწვრობა, თუკი პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დიდხანს იქნებით მზისგან დამცავის გარეშე.
მცენარეების შემთხვევაში ასეთ სტრესებს შორის არიან არამეგობრული მწერები, გვალვა და ჭარბი სიცხე. ჟანგბადის აქტიური ფორმების მაღალი დონე მცენარისთვის შეიძლება დამღუპველი იყოს, მაგრამ მცირე რაოდენობას უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს – შესაბამისად, მისი რეგულირება საკვანძოა.
გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/dastresili-mcenareebi
კომენტარები