fbpx
ჯანმრთელობარჩევები

თმის ცვენის საწინააღმდეგო საუკეთესო ხალხური საშუალებები

მბზინავი, ხშირი თმა ადამიანის ბუნებრივი სამშვენისია. ულამაზესი თმა ქალებსაც და მამაკაცებსაც განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. თმის სილამაზისა და ხარისხის შესანარჩუნებლად ადამიანები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, მათ შორის, ძალიან ძვირად ღირებულ კოსმეტიკასაც და უბრალო, მარტივ მცენარეულ ზეთებს, ნაყენებს თუ ნახარშებსაც, რომლებსაც ზოგჯერ პირველზე არანაკლებ კარგი შედეგი მოაქვს, თანაც ხალხური საშუალებები შედარებით იაფია და ხელმისაწვდომობის გამო იზიდავს ადამიანებს.

მნიშვნელოვანია!

სანამ მცენარეების სამკურნალო ძალას ცდიდეთ და, მით უმეტეს, კოსმეტიკური თუ სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას დაიწყებდეთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-ტრიქოლოგს (ტრიქოლოგია – მეცნიერება თავის კანის და თმის დაავადებების შესახებ) და გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. თმის ცვენის მრავალი მიზეზი არსებობს: შესაძლოა საკმარისი იყოს კვების კორექტირება ან სტრესული მდგომარეობის მიზეზის აღმოფხვრა, ამის დადგენა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია. უფრო მეტიც, უმჯობესია დაუკავშირდეთ სპეციალიზებულ ტრიქოლოგიურ სამედიცინო ცენტრს, რათა დიაგნოზის სისწორეში დარწმუნდეთ.

თმის ცვენის ბუნებრივი საშუალებები: ხალხური მეთოდები

ადამიანები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თმის მოვლას. ბევრი უძველესი რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა და დღესაც აქტიურად გამოიყენება. ხალხური რეცეპტების საფუძველი, როგორც წესი, სამკურნალო მცენარეებია.

ალოე

ეს ბუნებრივი ბიოსტიმულანტი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის.

თმისთვის ალოეს სამკურნალო ეფექტს განაპირობებს ამ მცენარეში B, C და E ვიტამინების, პროვიტამინ A-ს და ბეტა-კაროტინის შემცველობა, რომლებიც ხელს უწყობენ თმის რეგენერაციას და ზრდას ასტიმულირებენ. ალოე სასიცოცხლო ენერგიას აძლევს მტვრევად, დაზიანებულ, გახუნებულ თმას, ხელს უშლის მის ცვენას.

რეკომენდებულია, ალოეს წვენი შეიზილოთ თავის კანში, როგორც  დამოუკიდებელი საშუალება და, აგრეთვე, დაუმატოთ თაფლის, ბირკავას ან აბუსალათინის ზეთის საფუძველზე დამზადებულ თმის ნიღბებს.

ალოეს ნაყენის შესანიშნავი შედეგი დიდი ხანია დამტკიცებულია. მცენარის ქვედა ფოთლებს ქაღალდში ახვევენ და მაცივარში რამდენიმე საათით ათავსებენ. შემდეგ ალოეს ჭრიან, ათავსებენ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში და ასხამენ ეთილის სპირტს 1:5 თანაფარდობით. ნაყენი უნდა ინახებოდეს დაახლოებით კვირა-ნახევარი გრილ ადგილას, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მზად გამოსაყენებლად. ის შეგიძლიათ შეიზილოთ თმის ძირებში, 20-30 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

არნიკა

მთის არნიკა (Arnica montana) თმის მოვლის კიდევ ერთი ბუნებრივი ლიდერია. ის აცილებს ქერტლს და თმის ცვენას აჩერებს. ამ მცენარის ღია ყვითელი ყვავილების ექსტრაქტს ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თმის ფოლიკულების გაძლიერებას უზრუნველყოფს და სიმელოტის რისკს ამცირებს.

სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება არნიკის ნაყენები, ზეთები და ექსტრაქტები.

თმის კონდიციონერში არნიკის ნაყენის რამდენიმე წვეთის დამატებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს მისი ეფექტი. მდოგვსა და ლურჯ თიხასთან ერთად არნიკის ნაყენი გამოიყენება ცხიმის გამოყოფის შესამცირებლად და ცხიმიან სებორეასთან საბრძოლველად, ბირკავას ზეთთან და კვერცხის გულთან ერთად – თმის ძირების კვებისათვის და გასამაგრებლად.

სალბი

ეს „დღეგრძელობის ბალახი“, რომელიც მთის არნიკისგან განსხვავებით ზაფხულში თითქმის ყველგან გვხვდება, ასევე შესანიშნავი საშუალებაა თმის მოსავლელად. სალბის ფოთლებს შეუძლიათ თმა ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით „მოამარაგონ“.

სალბს აქვს ანტისეპტიკური, იმუნომოდულატორული, საანესთეზიო თვისებები და გამოიყენება როგორც გარეგანად, ისე შინაგანად მისაღებად. სალბის წყალობით თმა ჯანსაღ ბზინვარებას იძენს და უფრო აქტიურად იზრდება. სალბი ქერტლთან და თმისა და თავის კანის მეტისმეტ ცხიმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაგავიწყებთ.

პოპულარულია სალბის ზეთი, ნაყენები, ნახარშები – მაგალითად, სალბის და ჭინჭრის ფოთლების ნაყენი, რომელიც არყით მზადდება (ფოთლები 2 კვირის განმავლობაში იჟღინთება არყით), ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას. მიღებული ნაყენი პრობლემურ ადგილებში ზომიერად უნდა შეიზილოთ.

ჭინჭარი

ჩვეულებრივი ჭინჭარი, რომლისგანაც ნიღბებს, ნაყენებსა და ნახარშებს ამზადებენ, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ქერტლისა და თმის ცვენის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჭინჭარი თმას ბზინვარებას და სირბილეს ანიჭებს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების გამართულ მუშაობის და ქავილს ხსნის.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • ოთხი სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ შეგრილებამდე. გამოიყენეთ დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად.
  • მუქი შუშის ჭურჭელი მჭიდროდ შეავსეთ ჭინჭრის ფოთლებით, დაასხით სპირტი ბოლომდე, გააჩერეთ დაახლოებით ერთი თვე. შემდეგ ორი ჩაის კოვზი ნაყენი გააზავეთ ორ ლიტრ წყალში და გამოიყენეთ კვირაში ერთხელ დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად.
  • ნედლი  ჭინჭრის ფესვებს დაასხით ანადუღარი თბილი წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ. ცოტა შეაგრილეთ და თბილი გაწურეთ. თავის დაბანის შემდეგ ამ ნახარშის რეგულარულად გადავლება თმაზე ხელს უწყობს მის გამაგრებას.

გვირილა

გვირილის ზეთი უმ კვერცხის გულსა და ზეითუნის ზეთთან ერთად ეფექტიანია თმის ჭარბი ცვენის სამკურნალოდ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე ნახევარი საათით ადრე, შემდეგ კი თავი შამპუნით დაიბანეთ.

ასევე არსებობს ასეთი ვარიანტი: გამხმარ გვირილის ყვავილებს და ჭინჭრის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთის განმავლობაში წყლის აბაზანაზე, შემდეგ ეს ნაყენი აურიეთ დამბალ ჭვავის პურში. ამ ნიღაბს მსუბუქად იზელენ თმის ძირებში და ანაწილებენ თმაზე, მთელ სიგრძეზე. ნიღაბი 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ფურისულა

ფურისულის ზეთი ხელს უწყობს თმის სილამაზის და სიჯანსაღის შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში, თუ ალოპეციის მიზეზი ჰორმონული დარღვევებია, ფურისულა ეფექტიანია პერორალური მიღებისთვის (ზეთის, ექსტრაქტის და ა. შ. სახით). ის ამცირებს მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების დონეს, რომელიც თმის ცვენას იწვევს. ფურისულის ზეთი ნიღბების სახითაც ძალზე შედეგიანია.

ფიტოთერაპიული საშუალებების გარდა პოპულარულია შემდეგი ხალხური მეთოდებიც:

ხახვი

ხახვის წვენი, გოგირდის მაღალი შემცველობის წყალობით, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს თმის ძირებს და კანზე ანთებას აქრობს. თმის ცვენის პროფილაქტიკის მიზნით, უბრალოდ, ნედლი ხახვის ჭამაც სასარგებლოა.

ხახვის წვენის ნიღბები ალოპეციის წინააღმდეგ პოპულარულ საშუალებად ითვლება. წვრილად დაკეპილი ხახვიდან ხელით გამოწურეთ წვენი და თითის წვერებით შეიზილეთ თავის კანში. თავი პირსახოცით შეიხვიეთ, ნახევარი საათის შემდეგ კი შამპუნით დაიბანეთ და წყალი კარგად გადაივლეთ.

ლიმონი

ტრადიციული მედიცინის კიდევ ერთი საყვარელი კომპონენტია ლიმონის ზეთი (შედის მკვებავ და სამკურნალო ნიღბებში) და ლიმონის ახალგამოწურული წვენი (წყალში გაზავებული გამოიყენება დაბანის ბოლოს თმაზე გადასავლებად). ლიმონი ამცირებს ცხიმიანობას, აქრობს ქერტლს და ხელს უშლის თმის ღერების დასუსტებას.

კვერცხის გული

A, D, E ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით მდიდარი უმი კვერცხის გული აღადგენს თმის სტრუქტურას, ასტიმულირებს მის ზრდას, აჩერებს ალოპეციის პროცესს. უმი კვერცხის გულის ნიღბები თმას სიგლუვეს, ბზინვარებას და ელასტიკურობას უბრუნებს.

ეთერზეთები

მაღაზიაში შეძენილ თუ შინ დამზადებულ თმის მოვლის საშუალებებში ეთერზეთების დამატება მათ სარგებელს აძლიერებს. ლავანდის, როზმარინის, ბეგქონდარას, კვიპაროსის, ილანგ-ილანგის, ფიჭვის ეთერზეთების რამდენიმე წვეთი საბაზო (ზეითუნის, ბირკავას, სიმინდის) ზეთთან ერთად ფოლიკულების აღდგენას ააქტიურებს და თმის ცვენის პროცესს აჩერებს.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close