პოლიტიკაიტალიასაქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „ასეთი მკაფიო განცხადებები მე დიდი ხანია არ მომისმენია, მით უმეტეს იტალიისგან… იტალია საქართველოს გვერდით დგას“ (ვიდეო)

რა თქვა პრეზიდენტმა მის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე, მათ შორის, ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებით?

იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს, 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს – მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, რობერტო ფიკოს შეხვდა. რომში გამართულ ამ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საკითხები განიხილა. 

იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ბექა ოდიშარიას განცხადებით, იტალიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს მოსახლეობის 80%-ის და საქართველოს ხელისუფლების მყარი გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.

რობერტო ფიკოსთან შეხვედრა

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა კოლეგებს, რომ „საქართველოს ხმა გაიგოს ევროპარლამენტმა და ევროპულმა ოჯახმა, რათა საქართველოსთვის დღეს სტატუსის მინიჭება რუსეთის აგრესიაზე ყველაზე მშვიდობიანი, თუმცა მკაფიო პასუხი იქნებოდა, რადგან რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, უკან დაახევინოს ევროპას და მით უმეტეს, კანდიდატ ქვეყნებს თავის გადაწყვეტილებაში“.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი რომის მერს – რობერტო გუალტიერის შეხვდა. 

პრეზიდენტის განაცხადებით, იტალიაში ყველა მაღალი რანგის პოლიტიკოსი შეჯერებულია პოზიციაზე, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარებული წესით უნდა წარიმართოს. მისი თქმით, იტალია ამ საკითხში საქართველოს გვერდით დგას.

„იტალიაში მოვისმინე შეჯერებული პოზიცია, რომ უნდა იყოს მიღებული უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარების გადაწყვეტილება“, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

„ასე მკაფიო განცხადებები მე დიდი ხანია არ მომისმენია, მით უმეტეს იტალიისგან, რომლისგანაც, როგორც ვიცით, ეს ტრადიციული პოზიცია არ არის; ეს არის დღევანდელი, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რომელიც გააანალიზეს, უყურებენ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში გაჩაღებულ ომს და ეს არის მათი გზავნილი დღევანდელ ევროპაში და დღევანდელ ევროპაში; იტალიის პრემიერი და პრეზიდენტი არიან ლიდერები – მარიო დრაგი ყველამ იცის, ვინ იყო და რა არის; იმსახურებს ძალიან დიდ ავტორიტეტს და ამიტომ ეს არ არის ჰაერში ნასროლი სიტყვები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა ვახშამზე განაცხადა, რომ მოცემულ სიტუაციაში იტალიაში ვიზიტი  მისთვის ათმაგად სიმბოლურია, „რადგან სწორედ რომია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის დედა და სწორედ ამ მარადიულ ქალაქში ორი ათასწლეულის წინ ჩაეყარა საფუძველი ერთიანი ევროპული კულტურის იდეას“.

„და ამავე დროს, სხვა რომელი ქალაქი, თუ არა რომი, არის მოწმე საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გადაჯაჭვულობისა ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან. ლეგენდები ძველი კოლხეთის, აიეტის, მედეასა და იასონის, ოქროს საწმისისა და არგონავტების შესახებ აღელვებდათ ჯერ ვერგიულიუსს, ოვიდიუსს, სენეკასა თუ ვალერიუს ფლავუსს, მოგვიანებით დანტეს – რომელიც მედეას ღალატის გამო იასონს ჯოჯოხეთში ათავსებს, ფრანჩესკო კავალის, ანტონიო კალდერასა და ქერუბინის, რომლის მედეას ბრწყინვალე ეკრანიზაცია გააკეთა ჩვენს დროში პაზოლინიმ. ასევე, პრომეთეს მითმა ანტიკური დროიდან სამუდამოდ დააკავშირა კავკასიის მთები, კოლხეთი და საქართველო ევროპულ კულტურასთან.

ამიტომ ჩვენ, ქართველებს, საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ ქალაქში, რომელთანაც ყველაზე დიდი კულტურული და ხანგრძლივი ისტორიული კავშირები გვაქვს; სადაც გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა იყოს შემორჩენილი ისტორიული მეხსიერება კოლხეთისა და იბერიის. ყველაზე ძველი სამთავრობო ვიზიტი საქართველოდან ხომ სწორედ რომში განხორციელდა, როცა აქ მე-2 საუკუნეში იმყოფებოდა სტუმრად იბერიის მეფე ფარსმან II იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს და ბრწყინვალე ჯირითის გამო ერთ-ერთ მოედანზე რომაელებმა მას ძეგლიც კი დაუდგეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია მოფენილია რომაული პერიოდის არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლებით.

„ახლახან ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ რომაულ ციხესიმაგრე გონიოში აღმოჩნდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებში დღემდე ერთადერთი „მიტრას“ ტაძარი. სწორედ ამიტომ იმართება ბათუმში 2024 LIMES Congress – რომაული პერიოდის არქეოლოგების მსოფლიო კონგრესი.

ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები არცერთ ეპოქაში არ გაწყვეტილა. ჩვენ დაახლოებით ერთ დროს გავქრისტიანდით და სწორედ ქრისტიანობამ ჩვენი კულტურები კიდევ უფრო დააახლოვა. სწორედ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც მიუხედავად სქიზმისა თავის დედაქალაქში კათოლიკური საეპისკოპოსო დაუშვა მე-13 საუკუნეში, მეფე რუსუდანის დროს. მოგვიანებით საქართველოს ეწვია მარკო პოლო, გვიან შუასაუკუნეებში აფხაზეთში იყო გენუის სავაჭრო ფაქტორია, დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ იტალიელი მისიონერები, რომელთაგან განსაკუთრებულია მე-17 საუკუნეში მოღვაწე კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც საქართველოში 25 წელი გაატარა და საქართველოს მიწიერი სამოთხე უწოდა.

მე-18 საუკუნის დასაწყისში ქართველი განმანათლებელი, მწერალი, ლექსიკოგრაფი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი შეხვდა რომის პაპ კლიმენტ XI-ს და იმყოფებოდა ფლორენციასა და კუნძულ სიცილიაზე საქართველოს ევროპასთან დაახლოების იდეით და იმედით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იტალიელებსა და ქართველებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება.

„თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ოფიციალური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების მიღმა ჩვენს ერებს შორის არსებობს კავშირები, რომელიც საერთო მენტალობას, ტემპერამენტს, გემოვნებასა და კულტურულ კოდებს ეფუძნება. ქართველებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგრძნეს იტალიასთან სულიერი სიახლოვე, რაც შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა:

1851 წელს თბილისის ოპერის თეატრი გაიხსნა დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ და ქართული საზოგადოება სამუდამოდ „დაავადდა“ ოპერის სიყვარულით. დღეს მთელს მსოფლიოში მრავლად არიან ქართველი ოპერის მომღერლები, მათ შორის იტალიაში, მათ შორის ჩვენთან ერთად ამ საღამოს.

მარინეტის ფუტურისტული მანიფესტი პირველებმა ქართველმა მხატვრებმა თარგმნეს და გააცნეს რუსეთის იმპერიაში მოღვაწე მხატვრებს, სწორედ მარინეტის იდეებმა დიდწილად განსაზღვრა მოდერნისტული ქართული ხელოვნების განვითარების გზა.

იტალიური კინო მსგავსი ტემპერამენტისა და იუმორის გამო ქართველებისთვის ისეთივე მახლობელად იქცა როგორც მშობლიური ქართული კინომატოგრაფია. განსაკუთრებით მახლობელია დღემდე ქართული პუბლიკისთვის ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა, ნინო როტა, სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი.

ჩვენს ერებს ასევე ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული აახლოებს. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში თამაშობდა მილანში, ხოლო ორი წელი ჯენოაში და რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ამ საღამოს.

დაბოლოს, მოგეხსენებათ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ღვინო და გემრიელი სამზარეულოა ის, რაც ყველაზე მეტად ამჟღავნებს საერთო კულტურულ მისწრაფებებს ჩვენს ერებს შორის და ალბათ სწორედ ამ კულტურული მსგავსების გამო მოაშურა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ათასობით ქართველმა ემიგრანტმა იტალიას, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით კულტურული უცხოობის განცდა, და მე ამის გამო ქართველი ემიგრაციისა და ქართული საზოგადოების სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და თქვენს ხალხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close