პოლიტიკაარტისტი

კონსტანტინ მელაძე და ვერა ბრეჟნევა განქორწინების ზღვარზე არიან უკრაინაში ომის გამო

ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძე და მომღერალი ვერა ბრეჟნევა (ვერა კიპერმანი) გაყრის ზღვარზე არიან. ამის შესახებ 31 მარტს ტელეგრამ-არხმა „ვარსკვლავურმა ქრონიკებმა“ გაავრცელა ინფორმაცია. 

შესაძლო გაყრის მიზეზი მათი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებია: საქმე ისაა, რომ ვერა ბრეჟნევა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს ომის პერიოდში, ხოლო კონსტანტინ მელაძე თავს იკავებს მკვეთრი განცხადებებისგან, რადგან რუსეთში ბიზნესი აქვს და ეშინია, რომ სოლიდურ შემოსავალს დაკარგავს, რაც მის მეუღლეს არ მოსწონს.

ამჟამად წყვილი იტალიაში იმყოფება, რათა ურთიერთობები მოაგვარონ. ისინი საკუთარ ვილაში ცხოვრობენ, რომელიც იტალიის ყველაზე დიდ ტბასთან – გარდასთან ახლოს მდებარეობს, რომელიც ალპების ძირშია.

„კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობით, ისეთი სახლების ფასი, როგორიც მათ აქვთ, აქ 800 ათასი ევროდან იწყება… „ამ ვილის ფართობი 300 კვ. მეტრია, ხოლო ნაკვეთის ფართობი – 1000 კვ. მეტრი“, – წერია გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ვერა ბრეჟნევა მარტში პოლონეთში ჩავიდა და იქ მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა – ჰუმანიტარული კონტეინერებიდან  ტვირთის ჩამოტვირთვას და უკრაინელი დევნილების დახმარებას. ვერამ აღიარა, რომ სამუშაო მისთვის ძალიან მძიმეა, თუმცა მაინც გააგრძელებს.

11 მაისს კონსტანტინე მელაძე 59 წლის გახდა. ვერას თქმით, წელს მათ დაბადების დღე არ აღუნიშნავთ, თუმცა ტორტი მაინც იყო – როიალთან მჯდომი კონსტანტინ მელაძის ფიგურით.

ვერა ბრეჟნევა და კოსტია მელაძე 2015 წელს შეუღლდნენ, მათ საერთო შვილი არ ჰყავთ.

კოსტიას ძმა, მომღერალი ვალერი მელაძე ომის წინააღმდეგ პირველივე დღეებში გამოვიდა, რის გამოც რუსეთში კრიტიკისა და ბულინგის მსხვერპლი გახდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, თითქოს ვალერი მელაძე რუსეთიდან საფრანგეთში წავიდა, თუმცა მომღერალმა ინფორმაცია უარყო.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close