მათ სახელებს არქმევენ ქუჩებს, ფესტივალებს, სამოსს, მიმართულებას მოდაში და… ყვავილებს. გალანტური ფრანგები, ვარდის ბაღებით განთქმული ინგლისელები, დაუდეგარი იტალიელები სამეფო ყვავილის ჯიშების გამოყვანისას არ იღლებიან და მათ კინოვარსკვლავების სახელებს ურჩევენ.
ცნობილი კინომსახიობების „მოსახელე“ ვარდების მოდა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. თავიდან ყვავილებს მხოლოდ ქალის სახელებს არქმევდნენ, 80-იან წლებში კი მათ მამაკაცი მსახიობებიც შეუერთდნენ.
ვარდი „ჯინა ლოლობრიჯიდა“
დედამიწაზე ულამაზეს ადამიანად აღიარებულ მსახიობს იტალიელმა მებაღეებმა მისი სახელისა და სილამაზის სრულიად შესაფერისი ვარდი აჩუქეს. მსხვილი, ყვითელი ყვავილი, უამრავი დახვეწილი ფორმის ფურცლით, რომლებიც შიგნიდან მუქი ოქროსფერია. ვარდის ეს ჯიში 1989 წელს გამოიყვანეს. მსახიობმა იხუმრა კიდეც: ყვავილი იმიტომ არის ასეთი მსხვილი, რომ ფრანგულად „ლოლო“ მსხვილ ბიუსტს ნიშნავსო!
ვარდი „მერილინ მონრო“
რბილი, არომატული გარგარისა და კრემისფრის საოცარი შერწყმა ისეთი მიმზიდველია, პირის ჩასატკბარუნებელი საკონდიტრო ნაწარმი გეგონებათ. როგორც ჩანს, მებაღეებიც მსოფლიო კინემატოგრაფის უდიდესი ლამაზმანის ხიბლის ქვეშ მოქცეულან. თითო ღეროზე ხუთი ყვავილი მსუბუქი და გრილი არომატით, მუდამ თავაწეული და არასოდეს – ყურებჩამოყრილი. მისი ფურცლები საოცრად მდიდრული და ხასხასაა.
ვარდი „ბარბარა სტრეიზანდი“
დიდებულ მომღერალსა და მსახიობს ძალიან უყვარს ეს ყვავილი, ამიტომაც შექმნეს ამერიკელმა მებაღეებმა ჰიბრიდული ჩაის ვარდი, უნიკალური შეფერილობით. მას მთის შროშანსაც ეძახიან, კიდეებგამუქებული ფურცლებითა და ციტრუსის არომატით. ეს სახეობა 2001 წელს გამოიყვანეს და მისი გამოყენება საყვავილე ბორდიურებში შეიძლება. ამბობენ, რომ ბარბარამ სახლშიც მოამრავლა ეს ვარდი.
ვარდი „კერი გრანტი“
პირველი მამაკაცი, რომლის სახელიც ვარდს დაარქვეს, 50-ინი წლების სექს-სიმბოლო, მსახიობი კერი გრანტი გახლავთ. მაღალ ღეროზე თავს იწონებს წითელ-ნარინჯისფერი ელვარება. როდესაც ყვავილი ბოლომდე იშლება, მამაკაცის შეკუმშულ მუშტს უტოლდება. მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ გრძელი და წვეტიანი ეკლები აქვს, ამიტომაც მხოლოდ ტყავის ხელთათმანებით „ეფერებიან“. საინტერესოა, რომ ამ ვარდს ცნობარებში მეტად პოეტურად აღწერენ: „წითელში ამოვლებული მწველი ნარინჯისფერი“. და მისი შექმნა მსახიობის მეხუთე ცოლმა, ბარბარა ჰარის გრანტმა ითხოვა, რათა 1986 წელს ქმრისთვის წმინდა ვალენტინის დღე მიელოცა. როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი საჩუქარი იყო – მსახიობი მალე გარდაიცვალა.
ვარდი „ჯუდი გარლანდი“
ამერიკელებისთვის დღემდე მეტად საყვარელ მსახიობს არასოდეს უნახავს მისი სახელობის ვარდი. ის 1969 წელს დაიღუპა ტრაგიკულად – ქმარმა გარდაცვლილი იპოვა სააბაზანოში. ერთი წლის შემდეგ კი მისი სახელობის ვარდის ჯიშის გამოყვანის იდეა გაჩნდა. ვარდი დიდ ბრიტანეთში შექმნეს, გარლანდის სამშობლოში კი მხოლოდ 1991 წელს ჩააღწია და მსახიობის თაყვანისმცემლებისა და ყვავილების მოყვარულთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ვარდი „ელიზაბეთ ტეილორი“
მსახიობს ძალიან უყვარდა იასამანი და მუქი ვარდისფერი ვარდები. მებაღეებმა მას მეფური საჩუქარი გაუკეთეს: 30-35-ფურცლიანი, მსუყე ვარდისფერი ყვავილი ნაზი, მსუბუქი, საამო სურნელით. ეს ვარდი ისეთივე თვალში მოსახვედრია თავისი სილამაზით, როგორც თავად ტეილორი იყო. ყვავილის ჯიში დაპატენტებულია აშშ-ში და ყვავილების გამოფენებში ხშირად მონაწილეობს.
ვარდი „ინგრიდ ბერგმანი“
კლასიკური წითელი ვარდი შვედი მსახიობისა და მის მიერ განსახიერებული გმირების სტილისა და იმიჯის შესატყვისია. ღეროს სიმაღლე 60-100 სმ-ს აღწევს, 30-40 ფურცელი აქვს და დახვეწილი, ნაზი არომატით გამოირჩევა.
ვარდი „კატრინ დენევი“
მას ძალიან უყვარს ყვავილები და პარიზში თავად უვლის საკუთარ ბაღს. კატრინის სახელობის ვარდიც ამ ბარში ყვავის. „ამით სულაც არ ვამაყობ, – ამბობს ქალბატონი. – ბევრ ფრანგ მსახიობს აქვს თავისი სახელობის ყვავილი“. ჯიში 1981 წელს გამოიყვანეს ანტიბში (სამხრეთ საფრანგეთი, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტი), მეიანის სათბურებში. ეს გახლავთ ვარდისფერ-ნარინჯისფერი ვარდი მსხვილი ყვავილებითა და ტკბილი არომატით. 1982 წელს ყვავილების საერთაშორისო გამოფენაზე რომში „კატრინ დენევი“ წლის ყველაზე ლამაზ ყვავილად აღიარეს.
ვარდი „ოდრი ჰეპბერნი“
ოდრი ჰეპბერნი ბევრს მიაჩნდა დახვეწილი და ელეგანტური სტილის ხორცშესხმად. ჰიბრიდული ჩაის ვარდი ვაშლის ელფერით ულამაზესი და უნიჭიერესი მსხიობისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარი იყო. ყვავილს არისტოკრატული იერი და ნაზი არომატი აქვს.
ვარდი „ლუი დე ფიუნესი“
დიდი ფრანგი კომიკოსისთვის მეყვავილეებმა წარმოუდგენლად მკვეთრი ნარინჯისფერი ვარდი შექმნეს, მძაფრი არომატით. ამბობენ, როცა მეყვავილემ ახალი ჯიშის პირველი გადაშლილი ვარდი იხილა, ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ეს სწორედ ლუი დე ფიუნესი იყო: სიცოცხლის მოყვარული, მკვეთრი, მძაფრი არომატით. მონტესა და ჟენევის გამოფენებზე ვარდი „ლუი დე ფიუნესი“ ოქროს მედლებით დააჯილდოეს.
***
ბერძნული მითის თანახმად, ქალღმერთმა ქლორისმა აფროდიტეს მომხიბვლელობა წაჰგვარა, დიონისეს – დამათრობელი არომატი, გრაციას – სინარნარე და მკვეთრი ელფერი, რათა ბუნების ჭეშმარიტი საოცრება, ახალი ყვავილი – ვარდი შეექმნა.
თამთა გურული
კომენტარები