განზრახ მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – ვინ არის ბარსელონაში დაღუპული ქართველი ძმების მეზობელი, რომელიც მცხოვრებლებს მუდმივად ემუქრებოდა
განზრახ მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? – ბარსელონაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი და საბა მატარაძეებთან ერთად ძლიერი დაკვამლიანების გამო დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი. კორპუსში, რომელშიც ქართველი ძმები ცხოვრობდნენ, განგაშის სიგნალი გამთენიისას ჩაირთო, თუმცა გიორგიმ და საბამ ნაქირავები ბინის დატოვება ვერ მოასწრეს.
კატალონიის პოლიცია მეზობლებს მოწმის სახით კითხავს. გამოკითხულთა შორის არის კორპუსის პირველ სართულზე უკანონოდ მცხოვრები მამაკაცი. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ცეცხლი კორპუსში უნებართვოდ შეჭრილმა მდგმურმა გააჩინა.
ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის წარწერა, რომელიც მეხანძრეებს სადარბაზოში დახვდათ – ჩასახლებულებო, მეზიზღებით.
უბედური შემთხვევის არ სჯერათ დაღუპულების ოჯახის წევრებსაც, მით უმეტეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მაშველებს ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა დახვდათ.
როგორც „კურიერს“ დაღუპული ძმების ოჯახი უყვება, ახალგაზრდები ბარსელონაში სამუშაოდ 1 თვის წინ გაემგზავრნენ. მათ საქართველოში მოტოციკლეტების სახელოსნო ჰქონდათ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას კი ესპანეთში გეგმავდნენ.
დაღუპულები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. ძმების სამშობლოში გადმოსვენების პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც.
rustavi2.ge
კომენტარები