სპორტი

პირველად ისტორიაში – ქართველმა ძიუდოისტმა ქალმა ევროპის ჩემპიონატზე უფროს ასაკში მედალი მოიპოვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს, 29 აპრილს საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მედლის მოპოვება შეძლო – მას შემდეგ, რაც ვაჟებმა (ლუხუმ ჩხვიმიანი – 60 კგ, ჯაბა პაპინაშვილი – 60 კგ და ვაჟა მარგველაშვილი – 66 კგ) შეჯიბრი უმედლოდ დაასრულეს, 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა პირველი მედალი მოუტანა ჩვენს გუნდს. იგი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხ ვერა ზემანოვას დაუპირისპირდა, დამსახურებულად გაიმარჯვა სუფთა გდებით და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ეს მედალი პირველია ეთერ ლიპარტელიანის კარიერაში უფროსი ასაკის ოფიციალურ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ქალ ძიუდოისტთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა პირველმა მოიპოვა მედალი ევროპის ჩემპიონატზე (თუ არ ჩავთვლით ჰოლანდიელ ესტერ სტამს, რომელიც 2014 წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა. მან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა).

საქართველოს ნაკრების ღირსებას სოფიაში ხვალ და ზეგ კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი დაიცავს.

30 აპრილს იასპარეზებენ ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ).

კვირას, პირველ მაისს კი ტატამიზე გამოვლენ ლუკა მაისურაძე (90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close