იტალიაპოლიტიკა

იტალია: დახურულ სივრცეებში პირბადის რეჟიმი გახანგრძლივდება

იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ კვალიფიციურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 24 მარტს მიღებულ დეკრეტში ამ დღეებში შევა ცვლილება (შესწორება) ქვეყანაში პირბადის ტარების რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ.

შესაბამისად, დახურულ სივრცეებში, როგორიცაა: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავადმყოფო, თეატრი, კინოთეატრი – პირბადის ტარების რეჟიმი პირველი მაისიდან არ მოიხსნება, არამედ კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება, 2022 წლის პირველ ივნისამდე.

როგორც ცნობილია, სწორედ 24 მარტის დეკრეტის საფუძველზე გაუქმდა იტალიაში კოვიდ-19-ის საგანგებო მდგომარეობა და რიგი შეზღუდვებისა მოიხსნა ან შემსუბუქდა. დეკრეტის თანახმად, პირველი მაისიდან პირბადის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეებშიც უნდა მოხსნილიყო.

27 აპრილს იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრეა კოსტამ განაცხადა, რომ სამინისტრო  გამოდის რეკომენდაციით, ქვეყანაში კიდევ ერთი თვით, პირველ ივნისამდე გაგრძელდეს პირბადის ტარების რეჟიმი დახურული ტიპის სივრცეებში. ამასთან, კოსტამ განმარტა, რომ მისი ვარაუდით, ეს იქნება უფრო „დაბეჯითებითი რეკომენდაცია“, ვიდრე ვალდებულება.

იტალიაში კორონავირუსის გავრცელება მაღალი რჩება. 27 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 87 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (დადებითობის მაჩვენებელი იყო 15,8%), გარდაიცვალა 189 ადამიანი.

ამ დროისთვის იტალიაში იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს, ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს აღემატება (15 მლნ). სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია 16 279 754 შემთხვევა, მათგან 163 113 პაციენტი გარდაიცვალა. აცრა ჩაუტარდა მოსახლეობის 80%-ს.

მიმდინარე წლის 15 ივნისამდე აცრა სავალდებულო რჩება 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ხოლო მედიცინის მუშაკებისა და ხანდაზმულთა სახლების მომსახურე პერსონალისთვის აცრის ვალდებულება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close