მსოფლიოპოლიტიკა

პირველად 20 წლის შემდეგ და მესამედ საფრანგეთის ისტორიაში – პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს

მარინ ლე პენმა დამარცხება აღიარა

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს ემანუელ მაკრონის გამარჯვებით დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და მალევე ცნობილი გახდა წინასწარი გამოკითხვების შედეგები. მაკრონს ამომრჩევლების დაახლოებით 58%-მა მისცა ხმა (საკმარისი იყო 50%-ს+1 ხმა), მის ულტრამემარჯვენე მოწინააღმდეგეს – მარინ ლე პენს – 42%-მა.

5 წლის წინანდელი არჩევნების მეორე ტურშიც ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა ერთმანეთს და მაშინ ემანუელ მაკრონმა 66,1%-ით გაიმარჯვა, ასე რომ, წლევანდელი შედეგი 53 წლის ლე პენისთვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

მან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მიღებული შედეგი მისი პარტიისთვის გამარჯვებაა. მარინ ლე პენის თქმით, იწყება „დიდი ბრძოლა საკანონმდებლო არჩევნებისთვის“, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება (საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 12 და 19 ივნისს ორ ტურად ჩატარდება).

ემანუელ მაკრონმა დღევანდელი შედეგით მიაღწია იმას, რაც მანამდე მხოლოდ 2-მა პრეზიდენტმა შეძლო საფრანგეთის ისტორიაში – მისი წინამორბედებიდან მეორე ვადით ქვეყნის მეთაურად ფრანგებმა მხოლოდ ფრანსუა მიტერანი (1988 წელს) და ჟაკ შირაკი (2002 წელს) აირჩიეს. ემანუელ მაკრონი მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელმაც 2002 წლიდან 20 წლის შემდეგ ეს შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტიცაა – იგი 39 წლის იყო, როდესაც ქვეყნის მეთაური გახდა (2017 წელს).

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა მაკრონს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

„გილოცავთ, ბატონო ემანუელ მაკრონ, თქვენთან ერთად გაიმარჯვა საფრანგეთმა! გაიმარჯვა ევროპამ! ვიმარჯვებთ ჩვენც, ჩვენ – ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომელსაც რუსეთი იძულებული იქნება პატივის სცეს და ვერ შეძლებს მოსყიდვას ან გატეხას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close