მსოფლიოპოლიტიკა

საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატების წასაყვანად მოსკოვიდან გაგზავნილმა თვითმფრინავმა 15 000 კმ-ზე მეტი იფრინა

მოსკოვიდან გაგზავნილ თვითმფრინავს, რომელსაც გაძევებული რუსი დიპლომატები ესპანეთიდან და შემდეგ საბერძნეთიდან რუსეთში უნდა დაებრუნებინა, მოუწია დიდი წრეების დარტყმა ფრენის აკრძალვის გამო.  FlightRadar-ის მონაცემებით, საკუთარი მისიის შესასრულებლად თვითმფრინავმა მთლიანობაში 15 000 კმ დაფარა.

„თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან გაგზავნეს, რათა გაძევებული რუსი დიპლომატები წამოეყვანა ესპანეთიდან და შემდეგ საბერძნეთიდან, იძულებული იყო, 15 000-კილომეტრიანი შემოვლითი გზით ეფრინა ევროკავშირში [რუსული თვითმფრინავებისთვის] ფრენის აკრძალვის გამო – თითქმის იმდენივე,  რამდენიც არის ყველაზე გრძელი რეისი მსოფლიოში სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის, Flightradar24-ის მონაცემებით“, – დაწერა Twitter-ში უილსონის ცენტრის თანამშრომელმა ლუციან კიმმა.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისის სახით რუსულ თვითმფრინავს საჰაერო სივრცეში შესვლის ნება დართო, მას მოუწია იმ ქვეყნების საჰაერო სივრცის გვერდის ავლა, სადაც რუსულ თვითმფრინავებს შესვლა ეკრძალებათ.

Flightradar24-მა დაწერა: „რეისების საერთო სიგრძემ [მოსკოვიდან მადრიდამდე და მადრიდიდან ათენის გავლით ისევ მოსკოვამდე – რედ.] 15 163 კმ შეადგინა, რაც ოდნავი ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე გრძელი რეისი სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის“.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება  25-მდე რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ; 6 აპრილს კი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რუსეთის დიპლომატიური მისიისა და საკონსულოების 12 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად და მათ ქვეყნის დასატოვებლად 2 კვირის ვადა მისცა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ათეულობით რუსი დიპლომატი გააძევეს ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნებიდან, მათ შორის, აშშ-იდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და სხვ.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ევროპის ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ ჯაშუშობის ბრალდებით

„ეს ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“ – რატომ ემუქრება რუსეთი საბერძნეთს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close