მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრეისერ „მოსკვაზე“ დაიღუპა ერთი ადამიანი, 27 კი დაკარგულად ითვლება – „ბიბისი“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრეისერ „მოსკვაზე“ დაიღუპა ერთი ადამიანი, 27 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა დაზუსტებული ინფორმაცია კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის შესახებ, რომელიც 14 აპრილს ჩაიძირა. უწყების მონაცემებით, ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 27 კი დაკარგულად ითვლება, დანარჩენი 396 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, ისინი სევასტოპოლში გადაიყვანეს.

14 აპრილს რუსულმა ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩაძირული ხომალდის მთელი ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა და არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის უწყება განცხადებაში იმეორებს ოფიციალურ ვერსიას, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, რამაც საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არაფერს ამბობს.

უკრაინის მხარის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის – კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის მიზეზი უკრაინული რაკეტები „ნეპტუნი“ გახდა, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტმზიდ სამხედრო ხომალდს ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულთა შორის წვევამდელებიც არიან, რომლებიც კრეისერზე მსახურობდნენ. მათმა მშობლებმა მედიასთან საუბარში თქვეს, რომ ოფიციალურად არაფერს ეუბნებიან, რა ბედი ეწიათ მათ შვილებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close