დედაენის დღე და „მეორე თაობის“ ემიგრანტების პრობლემა
14 აპრილი – დედაენის დღეა! ეს თარიღი ისეთივე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც 26 მაისი და 9 აპრილი, რადგან ენა ჩვენი ერის იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია, სხვა მახასიათებლებთან ერთად.
1978 წლის 14 აპრილს პროტესტი ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ხელყოფის მცდელობის წინააღმდეგ ქართველმა ახალგაზრდობამ დაიწყო და მაშინ მშვიდობიანი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა, თუმცა რა ხდება ახლა? – ახლა ჩვენ თავად ვებრძვით ჩვენს დედაენას ყოველდღიურად უმოწყალო დანაგვიანება-დაზიანებით – არა მარტო უამრავი უცხო სიტყვის გაუმართლებლად გამოყენების გამო, არამედ ქართული სიტყვათწყობის, ფრაზის ქართული აგებულების, ქართული ენის სინტაქსის ნორმების უგულებელყოფის გამოც – რაც კიდევ უფრო საშიშია, რადგან გულში სცემს ლახვარს ქართულ ენას.
განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ პრობლემაზე: ფაქტია, რომ ემიგრაციაში დაბადებული ე. წ. „მეორე თაობის“ ემიგრანტი ქართველი ბავშვების დიდმა ნაწილმა ან საერთოდ არ იცის ქართული, ან ძალიან ცუდად იცის. ასე საქართველო მათ კარგავს, რადგან, როგორც ვთქვით, ენა – ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი (თუ ყველაზე მთავარი არა) განმსაზღვრელია. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამიტომაც იყო, რომ როდესაც გასულ წელს ჩვენი საიტის – nostal.ge-ს ეგიდით წიგნი გამოვეცით – „უცხოეთის ცის ქვეშ. გულახდილი საუბრები“, პირველი სტატია სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შევარჩიეთ – როგორ სწავლობენ ემიგრანტი ქართველი ბავშვები ქართულ ენას საბერძნეთში. საკვირაო სკოლების, უცხოეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგების ღვაწლი განუზომელია ამ მხრივ, საგარეო უწყება და საელჩოები გარკვეულ ძალისხმევას ეწევიან მათ დასახმარებლად, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მშობლებთან ერთად ამ საკითხზე უფრო სერიოზული მუშაობაა საჭირო – არცერთი ბავშვი არ გვყავს დასაკარგი, ისინი ქართველებად უნდა შევინარჩუნოთ (დიახ, შევინარჩუნოთ!) და ამისთვის სახელმწიფომ სპეციალური, კარგად გააზრებული პროგრამა უნდა შეიმუშაოს ემიგრაციაში მყოფ მშობლებთან, პედაგოგებთან, ემიგრაციის თემაზე მომუშავე და დარგის სპეციალისტებთან ერთად! ეს საკითხი ძალიან სწრაფად არის მოსაგვარებელი, სანამ თაობებს დავკარგავთ!
ქართული – ის ენაა, რომელზეც იტალიურ (ევროპულ) რენესანსამდე გაცილებით ადრე, მე-12 საუკუნეში დაიწერა მსოფლიო შედევრი „ვეფხისტყაოსანი“. ამ პოემაში ქართული ენის სრული დიდებულება და საგანძურია გამოფენილ-გაბრწყინებული.
აი რამდენიმე ამ მარგალიტთაგან:
„დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ-ბადახშოსანი; პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასვლად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი“;
„კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაქარაბაკე“;
„შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად, იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად“;
„მიწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა“;
„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან“…
ქართველებს უფრო ღირებული განძი არ გაგვაჩნია, ვიდრე ჩვენი ენაა, რომელიც უდიდეს გენეტიკურ ენერგიას ინახავს, ქართველთა მიერ ამ კურთხეულ მიწაზე დაღრვილი ოფლის და სისხლის სურნელს, იმ გმირული სულისკვეთების ნაჟურს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თან სდევდა შრომის, ბრძოლის, თავგანწირვის, სიყვარულის, ერთგულების (სამწუხაროდ, ღალატისაც) დიდებულ თავგადასავალს.
დღეს 14 აპრილია – დედაენის დღე!
მარტო ერთი კი არა, წელიწადის ყოველი დღე, ყოველი საათი, ყოველი წუთი უნდა იყოს დედაენის დაცვის, მოვლის, გაძლიერება-გაჯანსაღების დღე. ამ სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ თაობები ოჯახებმა, სკოლებმა, ინსტიტუტებმა, მედიამ (რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ლამის ყველაზე მეტს სცოდავს ჩვენი ენის წინაშე) და, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ!
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები