რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსეთმა ფინეთი გააფრთხილა, რომ ნატოში არ შევიდეს, ფინეთის საზღვრისკენ მიმავალი რუსული მძიმე ტექნიკა შენიშნეს.
გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, რუსეთს „მძიმე ტექნიკა, მათ შორის, სარაკეტო კომპლექსები ფინეთის საზღვრისკენ გადაჰყავს მას შემდეგ, რაც ფინეთი გააფრთხილა, რომ არ შევიდეს ნატოში“. კრემლის პოზიციას ახმოვანებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის განზრახვა, გაერთიანდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ევროპის რეგიონს უსაფრთხოებას არ მოუტანს.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს „არ შეუნიშნავს არაფერი, რაც დაადასტურებდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსული მძიმე ტექნიკა ფინეთის საზღვრისკენ მიემართება“.
ვლადიმირ პუტინმა 12 აპრილს შორეულ აღმოსავლეთში კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ გამოსვლისას გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ შედეგებს მოიმკიან, თუ „გააუარესებენ სიტუაციას უკრაინაში“ – რუსმა დიქტატორმა დაიმუქრა, რომ ევროპაში „მიგრანტების ტალღებს“ შექმნის.
ეს სიტყვები პუტინმა თქვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადების ფონზე, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში რუსეთის „უდიდესი სტრატეგიული შეცდომაა“, რომელმაც შესაძლოა ნატოს გაფართოებამდე მიგვიყვანოს. მოსალოდნელია, რომ შვედეთი და ფინეთი უკვე ივნისში გააკეთებენ განაცხადს ნატოს წევრობაზე (მოგეხსენებათ, სკანდინავიის კიდევ ორი სახელმწიფო – ნორვეგია და დანია ნატოს წევრები არიან ამ ორგანიზაციის შექმნის დღიდან,1949 წლის 4 აპრილიდან).
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ფინეთს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1271,8 კილომეტრია, გარდა ამისა, მათ შორის არის საზღვაო საზღვარიც, რომლის სიგრძე 54 კმ-ს უდრის.
ნინო ხოშტარია
კომენტარები