იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, თავის კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან. დი მაიოს ვიზიტის ძირითადი თემა ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის განმტკიცება და გაღრმავება იყო.
იტალიის საგარეო უწყების მეთაურთან შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული Interfax-ი ავრცელებს.
„სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი იტალიის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია – იტალიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ვაჭრობის 95% სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. ძალიან კარგი ციფრებია – თითქმის 10 მილიარდი დოლარი გასულ წელს. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს ეს რიცხვი გაიზრდება აზერბაიჯანული გაზის იტალიისთვის მიწოდების ზრდის ხარჯზე“, – განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, „გაზის სამხრეთ დერეფნის“ მშენებლობის დასრულების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აზერბაიჯანი იტალიისთვის გაზის სიდიდით მესამე მიმწოდებელია. იტალიის ნავთობით მომარაგებაში კი აზერბაიჯანი პირველ ადგილს იკავებს.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ფავრიზ შახბაზოვის თქმით, 2022 წელს ბაქო იტალიას 9,5 მლრდ კუბმეტრ გაზს მიაწვდის, რაც 2,5 მლნ კუბმეტრით მეტია წინა წელთან შედარებით.
2021 წელს აზერბაიჯანიდან იტალიაში 7 მლრდ კუბმეტრი გაზი შევიდა.
დი მაიოს ვიზიტამდე 3 კვირით ადრე, 8 მარტს იტალიის მთავრობის მეთაურ მარიო დრაგისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
იტალიის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას და იტალიასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ენერგეტიკულ სფეროში.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო 28 თებერვალს ალჟირსაც ეწვია – ალჟირი ევროპაში თხევადი გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, 5 მარტს კი იტალიელი დიპლომატი ყატარში ჩავიდა.
„გაზის სამხრეთ დერეფნის“ მილსადენების ქსელის მეშვეობით გაზი აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში მიედინება – საბერძნეთში, ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვის გავლით – იტალიის სამხრეთში.
„გაზის სამხრეთი დერეფანი“ სამი მონაკვეთისგან შედგება: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (აზერბაიჯანი – საქართველო), ტრანსანატოლიური მილსადენი (Tanap – თურქეთი) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP – საბერძნეთი, ალბანეთი, ადრიატიკის ზღვა, იტალია).
როგორც ცნობილია, ევროპა ცდილობს, რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს, უარი თქვას რუსულ ენერგომატარებლებზე, მათ შორის, გაზზე და ამისთვის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. ასეთ სიტუაციაში გაზის სამხრეთი დერეფანი, რომლის ერთი მონაკვეთი საქართველოზე გადის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მარშრუტი ხდება. ამჟამად იტალიაში ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40% რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ რუსულ გაზზე მთლიანად თქვა უარი და ევროკავშირის და ნატოს წევრი ეს ქვეყანა რუსეთისგან გაზს აღარ შეისყიდის.
ნინო ხოშტარია
კომენტარები