მსოფლიოპოლიტიკა

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილი დატოვეს – „ენერგოატომი“

უკრაინის ატომური ენერგიის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს. ამჟამად იქ მტრის ჯარის მცირე ნაწილიღა რჩება.

ამას გარდა, ოკუპანტებმა შეადგინეს „ჩერნობილის აეს-ის დაცვის მიღებისა და გადაცემის აქტი“, რომელზეც პერსონალს ხელი მოაწერინეს. ამ „მიღება-ჩაბარების“ აქტში შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ჩაწერეს, რომ სადგურის პერსონალს მათ მიმართ პრეტენზიები არ აქვს და ბლოკადისა და ტყვეობის მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი მათ „იცავდნენ“.

ამასთან, როგორც უკრაინის მთავრობა იუწყება, რუსმა სამხედროებმა გაძარცვეს სადგური, წაიღეს ტექნიკა და სხვა ნივთები.

აგრეთვე, არსებობს მონაცემები, რომ ფორმირდება კოლონა რუსი სამხედროებისგან, რომლებიც ჩერნობილის თანამგზავრ ქალაქ სლავუტიჩს იკავებდნენ. კოლონა ბელარუსისკენ მიდის.

„ენერგოატომის“ ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სადგურის პერსონალს 31 მარტს დილით შეატყობინეს.

გამოცემა „ფოკუსის“ ცნობით, დადასტურდა, რომ რუსი სამხედროები სანგრებს თხრიდნენ და საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებდნენ ჟღალ ტყეში – განრიდების ზონის ყველაზე დაბინძურებულ ადგილას. „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ დამპყრობლებმა დასხივების საკმაო დოზა მიიღეს და ძალიან სწრაფად გამოუვლინდათ სხივური დაავადების პირველი ნიშნები, რის გამოც პანიკაში ჩაცვივდნენ. სამხედროების შორის თითქმის მომწიფდა ჯანყი და მათ ჩერნობილის ტერიტორია დატოვეს.

მანამდე, 30 მარტს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ქალაქ გომელში მდებარე რადიაციული მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის ცენტრში 7 ავტობუსით რუსი სამხედროები მიიყვანეს დასხივების ნიშნებით. მათ, სავარაუდოდ, დასხივება ჩერნობილის ზონაში მიიღეს.

„ენერგოატომი“ ადრე იუწყებოდა, რომ რუსი დამპყრობლები განიცდიდნენ მნიშვნელოვან გარეგან და შინაგან დასხივებას ჩერნობილის განრიდების ზონაში.

რუსმა ოკუპანტებმა დამცავი აღჭურვილობის გარეშე გაიარეს ჟღალი ტყე – ყველაზე დაბინძურებული ადგილი ჩერნობილის განრიდების ზონაში – და რადიოაქტიური მტვერი დააყენეს.

26 მარტს ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ჩერნობილის ზონის მიდამოებში აღმოაჩინეს ხანძრის 31 კერა, მთლიანობაში 10 111 ჰექტარზე, რომელიც რადიოაქტიურ დაბინძურებას ზრდიდა.

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ომის პირველივე დღეს – 24 თებერვალს დაიკავეს. სადგურის პერსონალი ოკუპანტების მძევლად იქცა, რადგან რუსები მათ როტაციის საშუალებას არ აძლევდნენ, თანამშრომელთა გადაღლა კი ჩერნობილის დაკონსერვებული აეს-ის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, რომ კონსულტაციებს მართავენ უკრაინის მთავრობასთან, რათა მან მხარი დაუჭიროს უახლოეს დღეებში ჩერნობილში მისიის გაგზავნას.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close