აქამდე სტაბილურად მიჩნეულ ანტარქტიდის ნაწილში ნიუ-იორკზე დიდი ზომის მყინვარი ჩამოინგრა
ანტარქტიდის აღმოსავლეთში ნიუ-იორკზე დიდი ზომის შელფური მყინვარი ჩამოინგრა. ამის შესახებ AP იუწყება. ეს ფაქტი კიდევ უფრო საყურადღებოა იმიტომ, რომ ანტარქტიდის აღმოსავლეთს მეცნიერები ყველაზე სტაბილურად მიიჩნევდნენ, რომელიც კლიმატის ცვლილებების შედეგად ამ დრომდე დიდად არ დაზარალებულა.
თანამგზავრიდან გადაღებულ სურათზე აღბეჭდილი ჩამონგრევა კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ანტარქტიდის ამ ყველაზე ცივ რეგიონში შელფური მყინვარი ჩამოიშალა.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირაში აღმოსავლეთ ანტარქტიდის ამ ნაწილში ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატა და ნორმას დაახლოებით 40 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბა, ზოგან წვიმაც კი წამოვიდა. ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტის, ქეთრინ უოკერის თქმით, დაახლოებით 460 კვადრატული მილის (1200 კვადრატული კილომეტრი) ფართობის ყინული 14-იდან 16 მარტს შორის პერიოდში ჩამოიშალა.
თანამგზავრიდან გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ ამ რაიონში ყინულის ფართობი ბოლო დაახლოებით 2 წლის განმავლობაში სწრაფად არის შემცირებული და მეცნიერები სვამენ კითხვას, გადაჭარბებით ხომ არ შეაფასეს ანტარქტიდის აღმოსავლეთ ნაწილის მდგრადობა და სტაბილურობა გლობალური დათბობის მიმართ.
„შელფური მყინვარი გლენცერ-კონგერი, როგორც ჩანს, ათასობით წელი არსებობდა და აღარასოდეს გამოჩნდება“, – თქვა მყინვარის სპეციალისტმა, მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორმა პეტერ ნეფმა. მისივე თქმით, შემაშფოთებელია არა ჩამონგრეული ყინულის მოცულობა, არამედ ის, რომ ეს ფაქტი აქამდე სტაბილურად მიჩნეულ რეგიონში მოხდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ წყალი, რომელიც აღმოსავლეთ ანტარქტიდაში გაიყინა – ეს კი არის პროცესი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუ მეტხანს არა – დადნება, ზღვებში წყლის დონე მთელ მსოფლიოში 160 ფუტზე (50 მეტრი) მეტით აიწევს. ეს 5-ჯერ მეტია უფრო მოწყვლად დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფრის დნობის ეფექტზე, სადაც მეცნიერებმა თავიანთი კვლევების უდიდესი ნაწილის კონცენტრირება მოახდინეს.
ბრიტანეთის ანტარქტიდული სამსახურის გეოფიზიკოსი რობ ლარტერი კი მიიჩნევს, რომ შეშფოთებას მხოლოდ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთი ნაწილი იწვევს.
„აღმოსავლეთ ანტარქტიდის დიდი ნაწილი შედარებით უსაფრთხოა და კლიმატის ცვლილების საერთო ეფექტი აღმოსავლეთ ანტარქტიდის გარშემო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთ ადგილას ყინულის საფარს ნაპირები სწყდება, თუმცა მყინვარის შუაში უფრო მეტი თოვლი ჩნდება“, – აცხადებს ლარტერი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები