კინო/ფილმებიარტისტი

„ლიკამ საოცრად რომანტიკული გარემო შეგვიქმნა, რაც ზედმიწევნით გადმოვიდა ეკრანზე“ – ბაადურ წულაძის მოგონებები

ოთხ ათეულ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე პირველად გამოჩნდა კახი კავსაძის, გივი ბერიკიშვილისა და ბაადურ წულაძის შესანიშნავი სამეული მოკლემეტრაჟიან ფილმებში  („ნაძლევი“, „პეპელა“, „სამი სასიძო“, „ლიმონის ტორტი“, „იღბალი“…), რომლებიც მაშინვე აიტაცა მაყურებელმა და ახლაც სიამოვნებით უყურებს. განსაკუთრებული პოპულარობით „პეპელა“ სარგებლობს, თუმცა სერიალში, რომელსაც პირობითად „გზას“ უწოდებენ, მის გარდა კიდევ რვა ფილმი შედის. ყველა მათგანში უცვლელია სცენარის ავტორი – რეზო გაბრიაძე და კავსაძის, ბერიკაშვილისა და წულაძის გმირები.

სამწუხაროდ, დღეს არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის და ეს მასალაც ჩემი არქივის კუთვნილებაა. რამდენიმე წლის წინათ ფილმთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია რეჟისორმა და მსახიობმა ბაადურ წულაძემ  მომაწოდა.

„ნაძლევიდან“ „იღბალამდე“

პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც, შეიძლება ითქვას, თავიდანვე იღბლიანი აღმოჩნდა, „ნაძლევი“ იყო, თუმცა, სანამ საქმე გადაღებამდე მივიდოდა, რეზო გაბრიაძის მონაყოლ ამბავს დიდი ხნის განმავლობაში თურმე ყურადღებასაც კი არავინ აქცევდა. ბატონ რეზოს ახალგაზრდობაში ერთი ასეთი თვისება ჰქონია: სანამ რაიმეს დაწერდა, ჩანაფიქრის შესახებ ბევრს ჰყვებოდა. გამონაკლისი არც ეგრეთ წოდებული სამი გიჟის შესახებ ისტორია ყოფილა, რომლითაც ვერავინ დააინტერესა, მით უმეტეს, კინოსტუდიის ხელმძღვანელები, რომლებსაც სისულელედ მიაჩნდათ ეს ყველაფერი და თვლიდნენ, რომ ქართულ კინოს მსგავსი რამ არ ეკადრებოდა. ეგ კი არადა, ერთი პერიოდი უკვე გადაღებული სერიალის აკრძალვაზეც კი იყო საუბარი – მასში სამი იდიოტი ქართველია წარმოდგენილიო. არიან თუ არა იდიოტები ფილმის პერსონაჟები, სხვა საკითხია, მაგრამ რეზო გაბრიაძე რომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დადიოდა სტუდიაში და ჰყვებოდა ამ ამბავს, ფაქტია. ყველა თავს უქნევდა, მაგრამ… მაშინ მოსკოვში არსებობდა გაერთიანება „ეკრანი“, რომლისთვისაც კინოსტუდიას წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, ერთი სრულმეტრაჟიანი და სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი უნდა მიეწოდებინა. თან ეს ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა ჩაებარებინათ, რადგან გეგმით ასე იყო გათვალისწინებული. ნოველებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადასაღებად დებიუტანტებს აძლევდნენ, რადგან მთავარი იყო გეგმა შეესრულებინათ და ფული არ დაკარგულიყო, თორემ შემდეგ ამ ფილმებს ტელევიზიით მეორეჯერ აჩვენებდნენ თუ არა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჰოდა, ერთ წელიწადს სასწრაფოდ გახდა გადასაღები მესამე ნოველა. სწორედ ამ დროს გაახსენდათ რეზო გაბრიაძე და სთხოვეს, თავისი მონაყოლი ამბისთვის რაღაც ფორმა მიეცა. მაშინ მეორე რეჟისორად მუშაობდა რამაზ შარაბიძე, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მხოლოდ თავისი რეჟისორობით გადაეღო რამე.

რეზო გაბრიაძემ სცენარი სასწრაფოდ დაწერა, რამაზ შარაბიძემ კი მომენტალურად გადაწყვიტა, რომ მთავარი გმირები კახი კავსაძეს, გივი ბერიკაშვილსა და ბაადურ წულაძეს განესახიერებინათ. გადაღების  სასიამოვნო პროცესი მალე დასრულდა და ფილმი მოსკოვში წაიღეს. განსაკუთრებულს არავინ არაფერს ელოდა, გარდა იმისა, რომ ფულს მიიღებდნენ, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: მოსკოვში ბომბივით გასკდა ერთი პატარა მოკლემეტრაჟიანი სურათი და ატყდა ერთი ამბავი – ეს სამი პერსონაჟი ეკრანიდან არ გაუშვათ, კიდევ გადაიღეთ რამეო. ეს იყო 1975 წელს.

მას შემდეგ რამაზ შარაბიძემ კიდევ სამი ნოველა გადაიღო – „შაბათი საღამო“, „სამი მანეთი“ და „თერმომეტრი“. ამ ნოველებმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გადამღებ ჯგუფს ყველაფერი დამთავრებული რომ ეგონა, მოსკოვიდან ისევ მოითხოვეს მსგავსი ფილმების გადაღება, ცხადია, იმავე პირობით, რომ პერსონაჟები არ შეეცვალათ. შემდგომი ორი  ფილმი, „ლიმონის ტორტი“ და „ალპინისტები“, უკვე თავად რეზო გაბრიაძემ გადაიღო რეჟისორ ამირან დარსაველიძესთან ერთად, თუმცა სამი სულელი გმირის (თუ შეიძლება ასე ითქვას) ეპოპეა ამით არ დასრულებულა: რეჟისორმა რევაზ ჭარხალაშვილმა გადაიღო  „სამი სასიძო“; მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი ფილმი „პეპელა“ კი გენო წულაიასა და მისი მეუღლის – ნელი ნენოვას რეჟისორობითაა გადაღებული. რაც შეეხება სერიალის ბოლო ფილმს – „იღბალს“, იგი ფილმის ერთ-ერთი გმირის, ბაადურ წულაძის ნამუშევარია.

„სამი სასიძო“, 1978

„ნაძლევიდან“ „იღბალამდე“ ერთი წელი გავიდა. მოსკოვიდან კვლავაც მოითხოვეს სერიალის გაგრძელება, მაგრამ რეზო გაბრიაძეს რაღაც უსიამოვნება მოუვიდა ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლებთან და კატეგორიული უარი თქვა სცენარის დაწერაზე. საერთოდ, კინო მეზიზღებაო, ამბობდა. სხვა ავტორების ძებნა დაიწყეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ალბათ არც გამოვიდოდა, რადგან რეზო გაბრიაძის სტილს ვერავინ მოერგებოდა და მისი პერსონაჟების შესახებ მასავით ვერავინ დაწერდა.

დაგვიანებული ჰონორარი

„ნაძლევის“ გადაღების შემდეგ ჩვენმა გმირებმა ერთხმად მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ, რადგან მაყურებელს ფილმი ასე ძალიან მოეწონა, მაქსიმალური ჰონორარი მოეთხოვათ. მაშინ ყოველ გადაღების დღეზე მაქსიმალურ ჰონორარს – 56 მანეთს – მოსკოვი ამტკიცებდა. დაწერეს განცხადება და ჩააბარეს შესაბამის ორგანიზაციას მოსკოვში გასაგზავნად. თანხას კარგა ხანს ელოდნენ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მოსკოვში დარეკეს და თქვენ წარმოიდგინეთ მათი აღშფოთება, როცა შეიტყვეს, რომ მათი საბუთები მოსკოვში საერთოდ არ მიუღიათ – თურმე გოგონას, რომელსაც ეს საკითხი უნდა მოეგვარებინა, საბუთები უჯრაში ჩაუწყვია და მათი მოსკოვში გაგზავნა არც კი გახსენებია.

ბაადურ წულაძე: „მე ხომ გავბრაზდი, მაგრამ თქვენ კახის გაბრაზება წარმოიდგინეთ. ის რომ გინებას დაიწყებს, მტრისას! როცა ვთქვი, წავალ იმ გოგოს ვნახავ-მეთქი, კახიმ გამაჩერა, რაც სათქმელი იყო, უკვე ვუთხარი, დაანებე თავიო. და მე წარმოვიდგინე, რა უთხრა კახიმ – ის ხომ ამ დროს სიტყვებს ვერ არჩევს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ჩვენი საბუთები მოსკოვში გააგზავნეს და შემდგომ ფილმებზე მაქსიმალურ თანხას გვიხდიდნენ.

გინებაზე გამახსენდა, კახის გინებასაც კი რაღაც სხვა ეშხი აქვს, თამაშს რომ თავი დავანებოთ. ის რომ რამეზე გაბრაზდებოდა და გინებას დაიწყებდა, ქალიან-კაციანად ყველა სიცილით იხოცებოდა. მის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო, ქალები, ალბათ, თავში რაღაცას ჩაარტყამდნენ, კახის გინებაზე კი სიცილს ვერ იკავებდნენ… ესეც ხელოვნებაა“.

ჩაშლილი გადაღებები

„ძალიან საინტერესო გადაღებები გვქონდა. ძირითადად, თბილისის შემოგარენში ვიღებდით. ყველაზე შორს კასპში გავდიოდით. მახსოვს, ერთხელ სწორედ კასპში მივდიოდით მანქანით მე, კახი და ბერიკა. გადამღები ჯგუფი იქ ათენებდა ღამეს. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებოდით სახლში და დილით ადრე ისევ კასპში ვიყავით ხოლმე – არასოდეს ვიგვიანებდით.  საერთოდ, გადაღების ჩაშლა მსახიობისთვის წარმოუდგენელი რამაა – ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ გადაღებას არასოდეს ჩაშლის. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის არაპუნქტუალური ბერიკაც კი არ იგვიანებდა ხოლმე.

ჰოდა, დილით ადრე მივდივართ კასპში და უცებ გზაში მანქანით მაგარი დამრტყმელი, ნაღდი თბილისელი ბიჭი ამირან დუმბაძე წამოგვეწია. მოგვიკითხა და ერთმანეთს მალე დავცილდით. ის წინ წავიდა. არ გასულა დიდი ხანი და ერთ-ერთ მოსახვევში მისმა მანქანამ გზა გადაგვიღობა. თავი ვერაფრით დავაღწიეთ – რესტორანში შეგვიყვანა. იქიდან ვინღა გამოგიშვებდა?! ბოლოს უკვე თავს ვიმთვრალებდით, მაგრამ არც ამან გვიშველა. გადაირია თურმე რეზო (რეზო გაბრიაძე იღებდა ფილმს), ვერაფრით გაიგეს, სად შეიძლებოდა დავკარგულიყავით. სახლებში დარეკეს და გაარკვიეს, რომ წამოსულები ვიყავით. გზაზე გვეძებეს და ვერსად აღმოგვაჩინეს. მოკლედ, ერთადერთი ეს შემთხვევა იყო, როდესაც გადაღება კოლექტიურად ჩავშალეთ.

რეზოს როგორ გადავურჩით? რა გვექნა, ამირანს ჩემი მტერი გადაეყარა, ჩხუბს ხომ არ დავიწყებდით? არ გამოგვიშვა და გათავდა! რეზომ კი იცოდა, ვისთანაც გვქონდა საქმე და გაჩერდა, რას გვეტყოდა?! მიხვდა, მძევლად რომ ვიყავით აყვანილები და ასე ადვილად ვერსად გავექცეოდით….

გადაღება სხვა დროსაც ჩაგვეშალა, მაგრამ არა ჩვენი მიზეზით. გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთ ფილმში რელსი რომ მიგვაქვს. მულაჟი იყო გაკეთებული, თორემ იმსიმძიმე რელსს რა დაძრავდა? ბოლო სცენას ტაბახმელაზე ვიღებდით, რესტორანთან. პატარა შესვენება გვქონდა. იქვე ვისხედით, რელსი კი ცოტა მოშორებით ეგდო. ამ დროს ვხედავთ, მოდის მანქანა და სანამ რაიმეს დაძახებას მოვახერხებდით, რელსს პირდაპირ ზედ გადაუარა. მართლა რკინის მეგონა, ვიფიქრე, რომ არაფერი მოუვიდოდაო, – გვითხრა მანქანის მძღოლმა და ბოდიშებიც გვიხადა, მაგრამ ეს რას გვიშველიდა?! იმ დღეს გადაღება ჩაიშალა, მულაჟი კი ხელახლა გააკეთეს.

ერთხელ კიდევ, მახსოვს, ლისის ტბაზე გვქონდა გადაღებები. დავინახეთ, ვიღაც მოდიოდა მანქანით. როგორც ჩანს, გვიცნო და ჩვენკენ დაიწყო ყურება, ამასობაში კი ხრამში არ გადავარდა? კიდევ კარგი, გადარჩა. ძლივს ამოვიყვანეთ ხრამიდან“, – მიამბო ბატონმა ბაადურმა.

„პეპელა“

გზის მუშები მინდორში უმშვენიერეს ქალიშვილს შენიშნავენ და მზად არიან, მისი გულის მოსაგებად ყველაფერი გააკეთონ – ეს უკვე „პეპელაა“, მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი ფილმი. „პეპელას“ განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ამ უმშვენიერესმა ქალიშვილმა, ლიკა ქავჟარაძემ მოუტანა.

„პეპელა“, 1977

ბაადურ წულაძე: „ყველაზე დიდი პრობლემა „პეპელას“ გადაღების დროს შეგვექმნა – აბა, იმდენ პეპელას სად მოვძებნიდით, ან ჩვენს გემოზე ხომ არ იფრენდნენ? ისინი ისე გვქონდა სპეციალურ ძაფებზე გამაგრებულები, რომ ეს ძაფები კადრში არ გამოჩენილიყო, რაც ძალიან რთული გადასაღები აღმოჩნდა. სხვათა შორის, თავიდან სცენარი რომ წავიკითხეთ, მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვა, მაგრამ ფილმი კარგი გამოვიდა, რაც ლიკა ქავჟარაძის დიდი დამსახურებაა. ლიკა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, საოცრად ლამაზი და საყვარელი და ეს სამი „დურაკი“ დავდევდით ამ პატარა გოგოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ შეასრულებდა ამ როლს, რადგან მაყურებელს უნდა დაეჯერებინა, რომ ამ პატარა, ულამაზესი გოგოსთვის შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. ლიკას ამ როლზე დაკავება მართლაც სწორი არჩევანი გამოდგა. მან ჩვენც საოცრად რომანტიკული გარემო შეგვიქმნა, რაც ზედმიწევნით გადმოვიდა ეკრანზე. ალბათ ამიტომაც ჰქონდა და აქვს ფილმს ასეთი დიდი რეზონანსი“.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close