საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს, მარიუპოლამდე ჰუმანიტარული მისია პირადად ჩააცილოს
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი ორშაბათს, 21 მარტს ათენში შეხვდა საბერძნეთის გენერალურ კონსულს მარიუპოლში მანოლის ანდრულაკისს, რომელიც რამდენიმე დღე ალყაშემორტყმულ ქალაქში სარდაფს აფარებდა თავს რუსული ბომბებისგან თავდასაცავად და ათენში გუშინ დაბრუნდა. შეხვედრის დროს მინისტრმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, უხელმძღვანელოს ჰუმანიტარულ მისიას ქალაქ მარიუპოლამდე, სადაც უკრაინელებსა და სხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან ერთად ათასობით ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს.
დენდიასმა ანდრულაკისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ომი უკრაინაში არ ცხრება და საბერძნეთის მთავრობის პრიორიტეტია მარიუპოლში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ეთნიკური ბერძნების დაცვა“, – და დასძინა, რომ ორი ნოტა გაგზავნა: ერთი უკრაინის ხელისუფლებისთვის, რომ მან ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მისიის განხორციელებას, მეორე – რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს ჰუმანიტარული მისიას.
„ვაპირებ, პირადად ვუხელმძღვანელო ამ ჰუმანიტარულ მისიას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელ პეტერ მაუზერთან შეთანხმებით, რომელთანაც კონტაქტში ვიმყოფები!“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს კონსულ მანოლის ანდროულაკისთან შეხვედრის შემდეგ.
მარიუპოლში, რომლის მოსახლეობა ომამდე 446 000-ზე მეტი იყო, ისტორიულად მრავალი ეთნიკური ბერძენი ცხოვრობს. 2002 წელს, მაგალითად, მარიუპოლის მოსახლეობის 6,5%-ს ეთნიკური ბერძნები შეადგენდნენ.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა ქალაქზე თავდასხმა დაიწყო, მარიუპოლში, სულ ცოტა,10 ეთნიკური ბერძენი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამ დანაკარგის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 27 თებერვალს განაცხადა.
საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციით, მარიუპოლის რეგიონიდან უკვე ევაკუირებულია საბერძნეთის 150-ზე მეტი მოქალაქე – გემების ეკიპაჟების წევრები და ადგილობრივი ეთნიკური ბერძნები.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები