დღეს უკრაინული ტრაგედიის მთავარი მოქმედება აზოვის ზღვასთან მდებარე, ბერძნული სახელის მქონე პატარა ქალაქ მარიუპოლში ვითარდება. ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ბევრი იწერებოდა მარიუპოლის შესახებ. მართლაც, ქალაქს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. მარიუპოლის დაკავების შემთხვევაში ოკუპირებული დონბასი და ყირიმი ერთმანეთს სახმელეთო გზით უკავშირდება, რაც აგრესორის პოზიციებს უკრაინაში მნიშვნელოვნად ამყარებს.
უკრაინაში რუსეთის პირველი აგრესიის დროს რუსები წარუმატებლად შეეცადნენ მარიუპოლის ხელში ჩაგდებას. მას შედეგ უკრაინელებმა ქალაქი მიუდგომელ ციხე-სიმაგრედ აქციეს. მარიუპოლს იცავს უკრაინის ნაციონალურ გვარდიას დაქვემდებარებული ბატალიონი „აზოვი“ (დღეს უკვე პოლკი), რომელიც 2014 წელს სწორედ მარიუპოლში შექმნეს უკრაინელმა პატრიოტებმა.
ქალაქი მარიუპოლი (ბერძნულად Μαριανόπολη; ქალაქის სახელი მარიამ ღვთისმშობელს უკავშირდება) 1778 წელს დაარსდა. მიმდინარე ომის დაწყების წინ მისი მოსახლეობა 431 859 კაცს შეადგენდა. მარიუპოლი მრავალეროვანი ქალაქია: ცხოვრობენ უკრაინელები, რუსები, ბერძნები, ბელარუსები, ებრაელები და სხვები. ამ ქალაქში, რომელიც სიდიდით მეათეა უკრაინაში, ყველაზე მრავალრიცხოვანი ბერძნული დიასპორა არსებობდა. მარიუპოლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავიდანვე ბერძნული იყო. მაგალითად, 1864 წლის აღწერით ბერძნები ქალაქის მოსახლეობის 50%-ს შეადგენდნენ. მას შემდეგ ბერძნების რაოდენობა მარიუპოლში პროცენტულად მნიშვნელოვნად შემცირდა. 2001 წლის აღწერის თანახმად, ქალაქში იმ პერიოდში 32 ათასი (6,5%) ბერძენი ცხოვრობდა.
2014 წელს დონბასში მიმდინარე ომის შემდეგ, როდესაც დონეცკი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადეს, მარიუპოლი დონეცკის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
ამჟამად ქალაქი უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების ალყაშია და მძიმედ არის დაზიანებული. ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და ომის დანაშაულს ჩადიან.
მარიუპოლში ბოლო დრომდე ფუნქციონირებდა საბერძნეთის რესპუბლიკის საკონსულო. 20 მარტს მარიუპოლიდან ათენში დაბრუნდა გენერალური კონსული მანოლის ანდრულაკისი, რომლის თქმით: „მარიუპოლი ახლა იმ ქალაქების სიაშია, რომლებიც ომების დროს მთლიანად განადგურდა. 24 საათში ყველაფერი დაიბომბა, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა. რაც მოხდა, არავინ მოელოდა და ისმის კითხვა – რატომ?“
სადღეისოდ რუსული დაბომბვების შედეგად დაღუპულია მარიუპოლის დაახლოებით 3 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები. მოსახლეობის უმრავლესობა გახიზნულია და არავინ იცის, შეძლებენ თუ ვერა ისინი მშობლიურ მხარეში დაბრუნებას.
20 მარტს რუსეთის სარდლობამ მარიუპოლის დამცველებს ულტიმატუმი წაუყენა, რომლითაც მოითხოვა იარაღის დაყრა 21 მარტის დილის 5 საათამდე. ქალაქის დამცველებმა ულტიმატუმი უარყვეს და ბრძოლას განაგრძობენ. დასანანია, რომ, დიდი ალბათობით, ისინი ქალაქს ვერ შეინარჩუნებენ და გმირულად დაიღუპებიან, რადგან კიევს მათი დახმარების საშუალება არ აქვს. მარიუპოლის დაცვაში თავდადებით იბრძვიან ქართველი მებრძოლებიც. ერთი მათგანი, ბახვა ჩიქობავა 19 მარტს გმირულად დაიღუპა.
ალბათ ძალიან ცინიკურად ჟღერს, მაგრამ შესაძლოა მარიუპოლის დაცემამ უკრაინაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი დაასრულოს იმ თვალსაზრისით, რომ სისხლისმსმელი დიქტატორი შეიძლება კომპრომისზე წავიდეს დონბასსა და ყირიმს შორის სახმელეთო კავშირის ფაქტობრივად დამყარების სანაცვლოდ.
2022 წლის 13 მარტს მარიუპოლს უკრაინის გმირი ქალაქის ტიტული მიენიჭა.
P. S. მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობს ბატალიონ „აზოვის“ დამაარსებელი ანდრეი ბელეცკი, რომლის მოკვლისთვისაც რამზან კადიროვმა 500 ათასი დოლარი ჯილდო დააწესა. ამასთან დაკავშირებით ბელეცკის განუცხადებია: „როგორც მეფე ლეონიდასი ამბობდა, „მოდი და აიღე“ (ბერძნულად: Μολών λαβέ). მე კი შენთვის, რამზან, გროშსაც არ გადავიხდიდი“.
გიორგი ჯანელიძე
ისტორიკოსი
კომენტარები