არტისტიიტალიასაზოგადოება

ალ ბანო: „პუტინმა იმედი გამიცრუა“

რას ამბობს უკრაინის მიერ „შავ სიაში“ შეყვანილი იტალიელი მომღერალი ომზე და პუტინთან მის მეგობრობაზე

პუტინის თაყვანისმცემელი, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, რომელიც უკრაინამ 2019 წელს იმ პირების „შავ სიაში“ შეიყვანა, რომლებიც ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, უკრაინელების ტრაგედიამ გულგრილი არ დატოვა და გადაწყვიტა, ომს გამოქცეული სამი უკრაინელი დევნილი შეიფაროს. ალ ბანოს არ მოსწონს, რომ მას პუტინის მეგობრად მოიხსენიებენ და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი მეგობარი არ არის. ამ თემაზე მან ინტერვიუ მისცა იტალიურ გამოცემა „კორიერე დელა სერას“. აი, რა თქვა ცნობილმა იტალიელმა ვარსკვლავმა ინტერვიუში:

ისინი [სამი უკრაინელი ლტოლვილი] ჩემთან, ჩემს სახლში დაბინავდებიან ჩელინო სან მარკოში. ეს არის დედა პატარა გოგონასა და 18 წლის ვაჟთან ერთად. ყველა ერთი ოჯახიდანაა. ისინი ლტოლვილების დაახლოებით ორმოცკაციან ჯგუფში არიან, რომლებიც აქ ჩამოვლენ; ჩელინოში და პროვინციაში ყველა ოჯახი მობილიზებულია ამისთვის, ზოგი ერთ დევნილს მიიღებს, ზოგი ორს. არ ვიცი, რამდენ ხანს იქნებიან ისინი აქ, იმედია მოეწონებათ და ეს მიწა მათ ტანჯვას შეუმსუბუქებს. იმედი მაქვს, რომ შეძლებისდაგვარად შეძლებენ სიმშვიდე იპოვონ“, – უთხრა გამოცემას ალ ბანომ.

როგორ მიხვედით ამ არჩევანამდე?

როგორ შეგიძლია ზურგი აქციო, როცა კაცობრიობა გიხმობს? აქამდე მოწოდებული ვიყავი, რომ მემღერა, ახლა მოწოდებული ვარ ადამიანური საქმეები ვაკეთო. ამაში უჩვეულო არაფერია…

არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ თქვენს წრეში ყველა არ აკეთებს ამას…

არ მაინტერესებს, რას აკეთებენ სხვები, მაგრამ როცა დავინახე, რა ხდებოდა, პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო გამერკვია – სჭირდებათ თუ არა ადამიანებს დახმარება. [ომის] კადრები უკრაინიდან არის ტრაგიკული, ისინი სხვა დროისაა, თითქოს ისტორიის საათი 70 წლით უკან დატრიალდა, თუმცა, საბედნიეროდ, კაცობრიობა ჯერ არ  მომკვდარა.

სამწუხაროდ, ისტორია გვასწავლის, რომ ისტორიიდან ვერ ვსწავლობთ…

არ ვიცი, რა ამოძრავებს ადამიანის ტვინს, რა აიძულებს მას ომისკენ, იარაღით ძალადობისკენ ისწრაფვოს, რა უბიძგებს ზოგიერთ ადამიანს, თავი ღვთაებად წარმოიდგინოს, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავს ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის, ქალაქების განადგურების ამპარტავნების ნება მისცენ. ეს არის ის, რის გაგებაც შეუძლებელია იმ მრავალი ნგრევის შემდეგ, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა მოგვიტანა. ეს აბსურდია, თავს უმწეოდ გრძნობ ასეთი ტრაგედიის წინაშე.

როგორ ფიქრობთ, იტალია უფრო გულუხვად იქცევა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც ომს ომისგან და სტუმართმოყვარეობას სტუმართმოყვარეობისგან განასხვავებს?

ჩვენ ვიცით, რომ იტალიელებს უზარმაზარი გული აქვთ და გარდა ამისა, ისინი ყოველთვის იყვნენ ემიგრანტები. სალვინის უნდოდა წესრიგი შეეტანა სტუმართმოყვარეობაში, იმიტომ რომ არეულობა ხშირად იმარჯვებდა წესრიგზე.

უკრაინამ ადრე შავ სიაში შეგიყვანათ…

მე ამაზე რეაქცია მქონდა – განა რა დავაშავე ისეთი, რომ ეს დავიმსახურე? მე არ ვარ ტერორისტი. ერთადერთი, რასაც „ვისვრი“, მუსიკალური ნოტებია. ისინი მალე მიხვდნენ [შეცდომას] და შავი სიიდან   ამომიღეს.

რას ეტყოდით პუტინს?

„პუტინი გავიცანი, მისთვის ვმღეროდი, ადრე მომწონდა, ახლა აღარ მომწონს. მაგრამ შევწუხდი, ამ დღეებში „პუტინის მეგობარს“ რომ მეძახდნენ. მე მისი მეგობარი არ ვარ, სამწუხაროდ. მისი მეგობარი რომ ვიყო, გავისეირნებდი კრემლში მასთან ერთად და ვეტყოდი: დავსხდეთ ხუთი წუთით კარგი ღვინის ან არყის ბოთლთან ერთად. მოდით ვისაუბროთ. საშინელებაა ერზე, ქვეყანაზე, ოჯახებზე თავდასხმა, ეს აბსურდია! ახლა მას ისტორიასთან აქვს საქმე.

რამდენად იმედგაცრუებული ხართ პუტინის ქმედებებით?

ბოლომდე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ პუტინმა არა მხოლოდ მე, ისტორიასაც გაუცრუა იმედი და ვწუხვარ, რადგან ის ექსტრაორდინარული ადამიანი იყო, ფანტასტიკური იმით, რომ რუსეთის ბედი შემოაბრუნა, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი იყო ხელისუფლებაში მისი მოსვლის დროს. მან ბევრი დადებითი რამ გააკეთა, ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის.

ადამიანის უფლებების სფეროში ის ნამდვილად არ იყო სამაგალითო, პრესის თავისუფლებიდან დაწყებული, Lgbtq+ თემის უფლებებამდე…

მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ დასავლური მეთოდით. რუსეთს ჰქონდა მეფეების ისტორია და შემდეგ კომუნიზმი, სადაც ყოველთვის იყო ბელადი, რომელიც განაგებდა და დანარჩენი [მის ნებას] ასრულებდა, ისეთი კულტურის ტიპით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჩვენთან. მან რაღაც დადებითი გააკეთა რუსეთის სახელით, რომელიც გახდა მტკიცე და არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი.

ახლა პუტინს ისტორია გაასამართლებს…

ის უკვე არის მსჯავრდადებული კაცობრიობისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ოჯახები აღარ ჰყავთ, იმ ბომბებისგან, რომლებიც მან ჩამოაგდო მათ სახლებზე და ქალაქებში. რუსეთში ბევრი ადამიანი ფიქრობს ისევე, როგორც ის ჟურნალისტი ქალი, რომელმაც მნიშვნელოვანი და გაბედული გზავნილი გაავრცელა: „არა ომს!“

არის თუ არა ამ სიტუაციაში დასავლეთის პასუხისმგებლობა?

მე მომღერალი ვარ, მაგრამ მარტივი სიტყვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ორი ძალა, რომელსაც სურს მსოფლიოში უპირატესობა, ამერიკას ყოველთვის ჰქონდა ექსპანსიონისტური მიზნები და ამ შემთხვევაში რუსეთი იცავდა თავს აშშ-ის ექსპანსიონიზმისგან. მაგრამ პუტინი აბსოლუტურად არ არის მართალი უკრაინაზე თავდასხმაში, ეს მიუღებელია და სამოქალაქო საზოგადოება უარს ამბობს განაგრძოს სიკვდილის და ნგრევის სურათების ხილვა, რომლებიც ყოველდღიურად მოდის ჩვენამდე.

გაწუხებთ ეკონომიკური ზარალი რუსეთში თქვენი კონცერტების გაუქმების გამო?

მე შევიტყვე, რომ რუსეთში კონცერტები აკრძალულია მშვიდობის მომხრეთათვის [ომის მოწინააღმდეგეთათვის – რედ.] და შემიძლია ვთქვა ერთი რამ, როგორც არტისტმა, რომელიც ამ საქმეს აკეთებს და საკმაოდ კარგადაც აკეთებს: მხოლოდ მშვიდობით შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგებს და მოუთმენლად ველოდები თავისუფლების დაბრუნებას და სიმღერას ყველა ამ ტერიტორიაზე. ფულისთვისაც ვმღერი, მაგრამ ვმღერი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ სიმღერა სიხარულს მანიჭებს და ახლა ამ მხარეებში სიხარული შორს არის.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close