მსოფლიოპოლიტიკა

რას სთავაზობს ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს და რატომ იკავებს ბრიტანეთი თავს მათთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე?

ევროპარლამენტში უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროკავშირი თავისი ბიუჯეტიდან 500 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც ლტოლვილების საკითხების მოგვარებას მოხმარდება.

გარდა ამისა, უკვე  ამოქმედდა დროებითი დაცვის მექანიზმი, რომლის თანახმადაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის – უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ომის გამო ქვეყანა დაეტოვებინათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 3 წლის განმავლობაში ექნებათ – ამაში იგულისხმება, ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის უფლება; ასევე, მათ ექნებათ სამედიცინო დაზღვევაც.

გუშინ, 8 მარტს სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად პასუხისმგებლობას ევროკავშირთან ერთად გაინაწილებს. ამერიკა უკრაინის დასახმარებლად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ 13.6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.

დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი აღარ არის, უკრაინელი დევნილებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ აპირებს. „იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება უკრაინაში, ვფიქრობ, გონივრულია, ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ გვაქვს იმის ძირითადი შესაძლებლობები, შევამოწმოთ, თუ ვინ შემოდის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

გუშინ, 8 მარტს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თითქმის 2 მილიონს მიაღწია უკრაინელი დევნილების რაოდენობამ, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. მანამდე მან პოლონეთში, მოლდოვასა და რუმინეთში უკრაინელი დევნილებისთვის მოწყობილი თავშესაფრები მოინახულა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close