მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ამერიკელებს საქართველო ჯორჯიის შტატში ისევ აერიათ – რა უნდა ჩვენს შტატს ევროკავშირშიო

„ამერიკა დიდ შტატს კარგავს“ - წუხს ერთ-ერთი მომხმარებელი

საქართველოს (ინგ. Georgia) და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ერთნაირი დასახელების გამო კვლავ კაზუსები მოხდა.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამერიკელების სტატუსების სქრინშოთებს აქვეყნებს, საიდანაც ჩანს, რომ მათ საქართველო ამერიკის ჯორჯიის შტატში აერიათ.

„არიქა, სახელი თუ არ გადავირქვით, ნახევარი ამერიკა ნერვიულობს, სად მიდის ჩვენი გადასარევი შტატი ჯორჯია, რა დავაკელით, რა უნდა ევროპაშიო? ბარემ ფლორიდაც ევროპაში წავიდესო, ეს რა პონტიაო? შიდა კონფლიქტი გამოვიწვიეთ ფაქტიურად. შეიძლება მთავრობა გადააყენონ ჩვენს სახელზე. 2008-ში მახსოვს, რომ გამოაცხადეს რუსეთის ჯარი ჯორჯიაში შეიჭრაო, ბუშის საწინააღმდეგო მიტინგი გამართეს, ტრანსპარანტებით – „ბუშო, გძინავს შეჩემა?“ – წერს სოც.ქსელში ფანჯიკიძე.

საქართველოს და ჯორჯიის შტატის ერთნაირი დასახელების გამო კაზუსები აქამდეც მომხდარა.

2012 წელს ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა ESPN-მა საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის დროს საქართველოს დროშის მაგივრად აშშ-ის დროშა გამოსახა.

2009 წელს ფონდ Heritage Foundation-ის მიერ შედგენილ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს გვერდს Google Maps-იდან აღებული ჯორჯიის შტატის რუკა „ამშვენებდა“.

2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის თემაზე ჩართვის დროს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნის ფოტო გამოიყენეს.

ტელეარხმა „ფოქს ნიუსმა“ კი 2020 წლის 28 აპრილს ამერიკაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებზე მომზადებულ სიუჟეტში მარნეულის კადრები ჩართო, რომელსაც ტიტრად ედო Marneuli, GA – მარნეული, ჯორჯიის შტატი.

p. s. ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, ქალბატონი მერი ლობჟანიძე ფეისბუქჯგუფში ქართველები | georgians კომენტარში წერს კიდევ ერთი კურიოზის შესახებ ამავე თემაზე:

„მე მქონდა ერთხელ ასეთი შემთხვევა: ლოს ანჯელესიდან მანიგრამით შვილს ფულს ვუგზავნიდი. აპარატმა გაჭედა და აფთიაქის თანამშრომელი დამეხმარა, სადაც მანიგრამის აპარატი იდგა. მივეცი მონაცემები, ხაზი გავუსვი რესპუბლიკას, მაგრამ ეტყობა მაგას ყურადღება არ მიაქცია და ჯორჯიაში გაუგზავნია. ერთი კვირის მერე შვილმა შემატყობინა, რომ ფული არ მიუღია. ქვითარი შენახული მქონდა. კოდით ჯორჯიის შტატში მოძებნეს და 3-4 დღეში ბოდიშის მოხდით დამიბრუნეს ფული“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close