პოლიტიკა

აშშ-მა ვოლოდიმირ ზელენსკის საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ევაკუაცია შესთავაზა – ზელენსკის ვიდეომიმართვა (ვიდეო)

შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს საჭიროების შემთხვევაში ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამერიკის მთავრობა მზად არის, ტყვედ ჩავარდნის ან ლიკვიდაციის თავიდან აცილების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში დაეხმაროს, თუმცა ზელენსკი ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს.

დაახლოებით ერთი საათის წინ  ზელენსკიმ ფეისბუქში ვიდეომიმართვა გაავრცელა. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის ოფისის წინ იმყოფება.

„დილა მშვიდობისა ყველა უკრაინელს! ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჩვენს ჯარს მოვუწოდებ, იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა და სიმართლე ისაა, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. დიდება უკრაინას!“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

კიევისთვის ბრძოლები მიმდინარეობს. კიევში სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

კიევის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში იმყოფებოდნენ დივერსიული ჯგუფები, თუმცა ბრძოლების შედეგად ისინი განეიტრალებულია. იყო შეტევის მცდელობა ჟიტომირის ავტოტრასიდან, თუმცა უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს. ასევე, სროლა ისმოდა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე.

ბრძოლა მიმდინარეობდა კიევის ზოოპარკთანაც და ახლა ადგილზე ხანძარია.

უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ მოიგერიეს თავდასხმა მეტროსადგურ „ბერესტეისკაიასთან“.

„ყველაფერი მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ“, – წერია მოკლე შეტყობინებაში.

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობის ცნობით, განადგურებულია რუსული სამხედრო კოლონა 2 მსუბუქი, 2 ტყვიაწამლით დატვირთული სატვირთო მანქანისა და ტანკის შემადგენლობით.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დილის მდგომარეობით, 3,5 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოკლულია, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გავიდნენ ქუჩებში, დარჩნენ სახლებში ან თავშესაფრებში. ასევე, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს.

რუსეთს კიევთან დაკავშირებით განცხადებები ღამის განმავლობაში არ გაუკეთებია.

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ქალაქი მელიტოპოლი, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს. უკრაინას ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთმა დაიკავა საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. მელიტოპოლში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. ამას წინ უძღვოდა პუტინის „ბრძანება“ „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების თაობაზე უკრაინის „დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციისთვის“. ექსპერტების დასკვნით, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის პროდასავლური ხელისუფლების დამხობა, მისთვის სასურველი რეჟიმის მოყვანა და უკრაინის დასავლური ინტეგრაციისკენ სწრაფვის შეჩერებაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close