პოლიტიკასაქართველო

ვირუსთან თანაცხოვრების ეტაპი – საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება

პირველი მარტიდან ე. წ. კოვიდსასტუმროები უქმდება; დაშვებული იქნება ქორწილების, ქელეხების, ნათლობების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი 1-ლი მარტიდან მოიხსნება ან შემსუბუქდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • 1-ლი მარტიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოსვლა შეუძლია უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს/რეზიდენტს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული; ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში კი წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს (ამასთან, საქართველოს საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს აღარ აქვს PCR ტესტირების ვალდებულება), ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში სავალდებულო 8-დღიანი თვითიზოლაცია 5 დღემდე შემცირდება;
  • უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები.
  • კვების ობიექტებში, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაჯდომა 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება, ღია სივრცეში კი – 10-ის ნაცვლად 15-ს;
  • უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
  • მოიხსნა შეზღუდვები ქელეხების, ქორწილებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვაზე;
  • 4 მარტიდან ღამის კლუბებს შეეძლებათ სივრცის 60-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობის განახლება;
  • 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაზე ყოველგვარი შეზღუდვები იხსნება;
  • პირველი მარტიდან უქმდება, აგრეთვე, საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, შესაბამისად, დღეიდან, 22 თებერვლიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეწყდება.
  • 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%;.
  • სასტუმროებში უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების, ასევე, დეზობარიერების ქონის ვალდებულება. სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, თავიანთ სტუმრებს მომსახურება გაუწიონ ბუფეტის მეშვეობით.

„საბჭო კვლავ განაგრძობს მუშაობას და შესაძლოა 1-ლი მარტიდან ეს შეზღუდვების მოხსნა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა,გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც კვირაში ერთხელ იმართებოდა, დღეის შემდეგ ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;

რადგანაც ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად პირბადე რჩება, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება ღია და დახურულ სივრცეებში.

„საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობამ არ უნდა გაგვათამამოს, კვლავაც აუცილებელია მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 12 101 ადამიანს დაუდასტურდა, 14 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხის პროცენტული წილი)  25,48%-ია, ბოლო 7 დღის – 28,55%, ბოლო 14 დღის – 30,65%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როდესაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით – SARS-CoV-2-ით ინფიცირების 1 565 769​ შემთხვევა, მათგან 15 933​ ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ის დიაგნოზით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close