არტისტისაქართველო

გარდაიცვალა მომ­ღე­რა­ლი, რომ­ლის შესრულებული „ჩაკ­რუ­ლო“ კოს­მოს­ში გა­იგ­ზავ­ნა და „მარადისობის კარზე დააკაკუნა“ (ვიდეო)

81 წლის ასაკში ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებელი როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა, რომ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი „ჩაკ­რუ­ლო“ მზის სისტემას გასცდა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლა.

ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც NASA-მ შეარჩია და 1977 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად ოქროს დისკით ყველაზე სწრაფ კოსმოსურ ზონდს „ვოიაჯერ 1“-ს გაატანა. ეს კოსმოსური ხომალდი ადამიანის ხელით შექმნილი პირველი და ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც მზის სისტემას გასცდა.

„ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებას საბჭოთა ეპოქაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. კრემლიდან NASA-ში დარეკეს და „ჩაკრულოს“ ნაცვლად ოქროს დისკზე „პადმასკოვნიე ვეჩერას“ ჩაწერა მოითხოვეს.

ოქროს დისკის მენეჯერები ძალიან პრინციპულები აღმოჩნდნენ და, რაც მთავარია, მათ კარგად ესმოდათ ამ სიმღერის განსაკუთრებულობა.

2001 წელს ქართული პოლიფონია „იუნესკოს“ მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა „იუნესკოს“ არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.

ნაწყვეტი როსტომ საგინაშვილის ინტერვიუდან, რომელიც  nationalgeographic.ge-ზე 2015 გამოქვეყნდა:

ბატონო როსტომ, როგორ აღმოჩნდა თქვენი ხმა კოსმოსში?

სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი და ამერიკაში გასტროლებზე ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველი გასვლა 1974 წელს იყო. მაშინ საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ ერთეულები გადიოდნენ… დიდებული ტურნე გვქონდა, 58 ქალაქში გავმართეთ კონცერტი, „ჩაკრულოს“ ყველგან ვმღეროდით. ჩვენთვის დღემდე უცნობია, კონკრეტულად რომელ კონცერტზე ნამღერი „ჩაკრულო“ ჩაიწერეს.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ? ჩინ-მედლები, რაიკომის მდივნებთან შეხვედრები… ეს ყველაფერი იყო?

არა. საერთოდ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ, საბჭოთა კავშირში ეს ამბავი მიეჩქმალათ. ხუმრობა ხომ არ არის, თურმე ჩვენს „ჩაკრულოს“ რუსული სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“ ჩაუჩოჩებია. საბჭოთა კავშირიდან ერთი სიმღერა უნდა გაეგზავნათ და რუსები თავიანთი სიმღერის გაგზავნას ცდილობდნენ. რომ არ გამოუვიდათ, ეტყობა, გაბრაზდნენ. ასე რომ, არც არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში. ისევ ისეთი როსტომი ვიყავი, როგორიც მანამდე. უბრალოდ, ცოტათი უფრო ბედნიერი.

ბატონო როსტომ, როგორ ფიქრობთ, იქ, კოსმოსში, ვინ ისმენს თქვენს „ჩაკრულოს“?

თითქმის 45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა ხომალდები „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“. „ვოიაჯერებზე“ ინახება ოქროს ფირფიტები, რომელზეც სავარაუდო ცივილიზაციებისთვის დედამიწის კოორდინატები და მთელი რიგი აუდიო-ფოტო მასალაა ჩაწერილი: ბუნებრივი ხმები, მისალმებები სხვადასხვა ენაზე, ფოტოები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც სპეციალურად შეირჩა მსოფლიო მუსიკალური საგანძურიდან. მათ შორისაა ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“.

როგორც მეცნიერები ამბობენ, „ვოიაჯერის“ ვარსკვლავთშორის სივრცეში გასვლა „ჰგავს დაკაკუნებას მარადისობის კარზე“.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close