პოლიტიკასაქართველო

საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებული იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, COVID-19-ით დაავადებულ და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ, ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე. ამასთან, მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს, სულ მცირე,24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდებულია.

საშუალო სიმძიმის და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა უცვლელი რჩება და შეადგენს სულ ცოტა, 10 კალენდარულ დღეს დადებითი პასუხის ტესტის ჩატარების შემდეგ. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულის მდგომარეობა მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს. . იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ოჯახის ექიმი იღებს.

კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად 5 დღით განისაზღვრება. ამასთან, მათთვის მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის მოხმარება მომდევნო 6-12 დღის განმავლობაში. იგივე ვრცელდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ მიუღიათ ბუსტერული დოზა, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება მათზეც, ვინც კოვიდინფექცია გადაიტანა და უკვე გავიდა არანაკლებ 60 დღისა.

განსხვავებული მიდგომაა მათთვის, ვინც დასაქმებულია „სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში, როგორიცაა:

  • სამედიცინო დაწესებულებები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • საქართველოს პროკურატურის სისტემა;
  • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;.

COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს, სულ მცირე, 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

როგორც უკვე ცნობილია, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღის განმავლობაში ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია ეძლევათ :

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;
  • სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;
  • ასევე პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში.

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც მოქმედებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close