საბერძნეთში იუნესკოს ეგიდით გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე ქართული ცეკვის ანსამბლი გამოვიდა (ვიდეო)
საბერძნეთის ქალაქ ღალაციში (Γαλάτσιον ή Γαλάτσι, ათენის ჩრდილოეთი გარეუბანი) იუნესკოსა და ქალაქის მერიის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა საახალწლო ბაზრობა, რომელშიც ბერძნებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის დიასპორები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრ „არმაზთან“ (ხელმძღვანელები: ხათუნა ლობჯანიძე და თანასის დრივასი) არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არმაზელები“ (ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე).
ბაზრობაზე გამართული კონცერტი პატარა ქართველი მოცეკვავეების გამოსვლით დაიხურა. მათ მიერ შესრულებულმა ნომრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე და საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური; „არმაზის“ ხელმძღვანელი ხათუნა ლობჯანიძე, „არმაზელების“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი გიორგი მჟავანაძე, პატარა ქართველი მოცეკვავეების მშობლები, ჩვენი კორესპონდენტი, საბერძნეთის იუნესკოს კლუბის წარმომადგენელი (Art director) საქართველოში ნინო ბაჯელიძე, რომელმაც ბაზრობაზე ქართული ანსამბლის გამოსვლის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა. მონაწილეთა შორის იყო, აგრეთვე, ქართული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი, ქართველების გულშემატკივარი, ბერძენი ისტორიკოსი, საზოგადოება „პეგასის“ და სკოლა „პოლიგლოტის“ დამფუძნებელი იოანეს ბულიასი.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადასცეს სიგელი, რომელსაც ხელს აწერენ ღალაცის მერი, იუნესკოს კლუბის პრეზიდენტი და მუნიციპალიტეტის სპორტისა და კულტურის პრეზიდენტი.
ბაზრობაზე, სამწუხაროდ, ქართველების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ვერ მოხერხდა, რადგან ვერ მოესწრო ორგანიზება სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ღალაცის მერი გიორგოს მაკროპულოსი და მუნიციპალიტეტის სპორტისა და კულტურის პრეზიდენტი მანოს ელევთერიუ, ასევე, საბერძნეთის (პირეოსისა და კუნძულების) UNESCO-ს კლუბის პრეზიდენტი იოანის მარონიტისი.
იოანის მარონიტისმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართული კულტურით. მისი თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის ტრადიციები ერთმანეთის მსგავსია და საჭიროა მეტი ურთიერთთანამშრომლობა, რათა ბერძნებმა უფრო უკეთ გაიცნონ საქართველოს კულტურა და ისტორია. იუნესკოს კლუბის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ნინო ბაჯელიძის ორგანიზაციასთან – ბერძნულ-ქართული ურთიერთობების საზოგადოება „კოლხეთთან“ 2007 წლიდან თანამშრომლობდა და ამ ხნის განმავლობაში ერთად ბევრი კულტურული ღონისძიება ჩაატარეს იუნესკოს ეგიდით.
ნინო ბაჯელიძე, თავის მხრივ, ამბობს, რომ საბერძნეთში ცხოვრების პერიოდში იოანის მარონიტისი მას ძალიან ეხმარებოდა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, გასული წლის ივნისში იოანის მარონიტისი საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ორგანიზატორი იყო საბერძნეთის იუნესკოს კლუბის წარმომადგენელი (Art director) საქართველოში ნინო ბაჯელიძე, რომელმაც უზრუნველყო იოანის მარონიტისის შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს კულტურის გაცნობა, Internacional Action Act-ისა და საბერძნეთის Unesco-ს ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა და სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა ქართველი ხელოვანების ჩართულობით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას, აგრეთვე, ქართული ხელოვნების ინტეგრირებას ევროპულ სივრცეში.
მარონიტისმა საქართველოში ვიზიტის დროს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, აფხაზეთის კულტურის სამინისტროში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და სხვ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.
ბერძენი სტუმარი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „დონ კიხოტის“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო (სამწუხაროდ, სპექტაკლის პრემიერა გადაიდო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების გამო). საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა და იუნესკოს კლუბის პრეზიდენტმა იოანის მარონიტისმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები