ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 25 წლის მოქალაქე მოკლეს.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ მამაკაცთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

იგი რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი ალექსი გოგუაა.

ამ შემთხვევის შესახებ არაერთი ფრანგული მედიასაშუალებაც წერს, თუმცა არც მსხვერპლის და არც თავდამსხმელების ეთნიკურ კუთვნილებას არ ასახელებს.

francetvinfo.fr-ის ცნობით, შემთხვევა პარასკევს მოხდა მარსელის მე-6 ოლქში (arrondissement), ქალაქის ცენტრში, Cours Julien-თან ახლოს, მეტროს სადგურ Notre-Dame du Mont-ზე.

ამბავი დაიწყო იმით, რომ მეტროში საღამოხანს ახალგაზრდა ქალისთვის ორმა უცნობმა მამაკაცმა მობილური ტელეფონის წართმევა ცადა. ქალმა მოახერხა, მათ გაქცეოდა და ეს ისტორია შესაძლოა აქ დასრულებულიყო, თუმცა პოლიციის წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამჯერად თავის 25 წლის მეუღლესთან ერთად იყო, დაახლოებით საათ-ნახევარში შემთხვევით ისევ შეხვდა იმავე „ტიპებს“, იმავე ადგილას, მეტროს ესკალატორის ძირთან. ახალგაზრდა მამაკაცმა მათთან საქმის გარჩევა დააპირა, თუმცა ერთ-ერთმა მას გულმკერდის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა მოწმეებისა და მისი მეუღლის თვალწინ.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე მოხდა. დაჭრილმა ახალგაზრდამ მაინც შეძლო თავისი ფეხით ასულიყო კიბეებზე მეტროს გამოსასვლელამდე, თუმცა შემდეგ გონება დაკარგა. მას პირველი დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს და შემდეგ მარსელის Timone-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა კაცს 6-საათიანი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იგი საავადმყოფოში იმავე  ღამით გარდაიცვალა.

francebleu-ს ცნობით, მოკლულ მამაკაცს პოლიციასთან შეხება არ ჰქონია და ნასამართლევი არ ყოფილა.

დამნაშავე მიიმალა. გამოძიება მარსელის სასამართლოს პოლიციას დაევალა, რომელიც მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე, მეტროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოიყენებს. იმედია, მკვლელს დააკავებენ.

შემთხვევას ტვიტერზე  გამოეხმაურა RTM-ის (მეტროპოლიტენის ტრანსპორტის სამმართველო) ხელმძღვანელი კატერინ პილა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობა არ ასრულებს  მეტროში უსაფრთხოების შესახებ 2019 წლის ბოლოს ხელმოწერილ შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებდა „მეტროში ყოველ საღამოს, 7 საათიდან მუშაობის დასრულებამდე მუნიციპალური პოლიციის ორი თანამშრომლის ყოფნას“, თუმცა ღამით მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლები აღარ არიან. „RTM-ის კონტროლიორები პოლიციას ვერ შეცვლიან“, – დაწერა კატერინ პილამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საფრანგეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია ქალაქ მარსელში საქართველოს 25 წლის მოქალაქის მკვლელობის შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ამჟამად  მიმდინარეობს მუშაობა სამშობლოში მისი გადმოსვენების პროცედურაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close